გალაკტიონის ლექსი ივანე „აივაზოვსკის სურათის წინ“
09:18:50     05-05-2012
დიდი რუსი მხატვარი, პეიზაჟისტ-მარინისტი, საზღვაო პეიზაჟების დიდოსტატი, ბატალისტი, ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი (Иван Константинович Айвазовский) დაიბადა 1817 წლის 17 (ახალი სტილით 29) ივლისს ფეოდოსიაში, ყირიმში, რუსეთის იმპერიაში. იგი წარმოშობით სომეხი გახლდათ. ზოგიერთი ბიოგრაფის გადმოცემით, ჰყოლია თურქი წინაპრებიც.
ქალაქ ფეოდოსიის სომხური ეკლესიის წიგში არსებული ჩანაწერის მიხედვით 1817 წლის 17 ივლისს კონსტანტინე (გევორქ) და რიფსიმე აივაზოვსკებს შეეძინათ შვილი - ოვანესი (იოანე, ივანე). მათი ნამდვილი გვარი ყოფილა აივაზიანი. ოჯახის წინაპარი თურქეთის მიერ დაპყრობილი სომხური ტერიტორიიდან გადასახლებულა გალიციაში, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. მხატვრის მამას გვარის სომხური დაბოლოება შეუცვლია პოლონურ-სლავური ფორმით, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, მათ შორის საქართველოშიც, სომხური წარმოშობის ადამიანების გვარებს ქართული ფორმით (შვილი) წერდნენ, რუსეთის იმპერიის გაბატონების მერე, უკვე რუსული ფორმით.
გალიციიდან ოჯახი გადასახლებულა მოლდოვაში, იქიდან ფეოდოსიაში, ყირიმში (ახლანდელი უკრაინა, მაშინ რუსეთის იმპერია). ზოგიერთი ბიოგრაფი, თავად მხატვრის მიერ ნაამბობზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ დედის მხრიდან დიდი პაპა თურქი ყოფილა, რომელიც რუსების მიერ აზოვის აღების დროს გადაურჩენია ერთ სომეხს...
16 წლის ასაკში, უნიჭიერესი ჭაბუკი მხატვარი ჩარიცხეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა 1833-1837 წლებში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე.
1840-1844 წლებში საზღვარგარეთ იყო სასწავლებლად, სადაც დიდი სახელი მოიპოვა მისმა ნამუშევრებმა. დიდი დამსახურებების გამო 1845 წელს მიანიჭეს აკადემიკოსის წოდება და რუსეთის იმპერიის საადმირალო მუნდირის ტარების უფლება, 1847 წლიდან გახდა პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. იყო ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.
1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. რამდენჯერმე იმოგზაურა უცხოეთში.
დიდი მხატვარი გარდაიცვალა 1900 წლის 19 აპრილს (ახალი სტილით 2 მაისს).
აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
გალაკტიონმა ადრევე შეიცნო დიდი აივაზოვკის ტალანტი და ლექსი მიუძღვნა მას. 1912 წელს გაზეთ "თემის" ლიტერატურულ კონკურსში გალაკტიონის ლექსმა, "უხილავი", მესამე პრემია მიიღო.
მასალის სურათად გადავწყვიტეთ გამოგვეტანა არა აივაზოვსკის ავტოპორტრეტი, არამედ, მეტი ემოციის შესაქმნელად მისი გენიალური სურათი „მეცხრე ტალღა“... როგორი იქნება გამთენიისას მეცხრე ტალღა, გადარჩებიან?...
გალაკტიონი
უხილავი
(აივაზოვსკის სურათის წინ)
"მე სული ვარ შემომქმედი შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, - როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა,
ყოფნამ ყოფნას უკვდავება უხილავად დაატანა,
თქვენ, მიწაზე, უკვდავება გიკვირთ განა, შეგშურთ განა?
ერთი ხელით ხომლს დავხატავ, მთვარეს მოვხვევ ოქროს სხივებს,
სიბნელისგან მზის შუქს გავყოფ ოქროსფერად ანამძივებს,
ერთის სუნთქვით დედამიწას გადავაფრქვევ ნაზ ყვავილებს.
მთას გრიგალი დაუბერავს, ააკვნესებს, ააკივლებს...
უხილავი ყველგან სუფევს, უხილავი ყველგან გეძებს,
უხილავი გაგახარებს, უხილავი აგაკვნესებს.
დედამიწავ! სული არის შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, როგორც ღმერთი, გაბედული, ვით სატანა".