პუტინს უფლებადამცველები გაურბიან - კრემლის „დემოკრატიული ფასადი“ იშლება

  22:11:19     04-05-2012

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პრეზიდენტთან არსებული საბჭოდან წევრები გარბიან. ამის მიზეზი მათ ღიად დაასახელეს - უფლებადამცველებს კონკრეტულად პუტინთან მუშაობის გაგრძელების სურვილი არ აქვთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ მას „დემოკრატიული და ცივილური რჩევები“ არაფერში დასჭირდება.

ამის შესახებ საბჭოს არაერთმა წევრმა დიმიტრი მედვედევთან გამოსამშვიდობებლ შეხვედრაზე განაცხადა.

საბჭოდან მიდის ანტიკორუფციული კვლევების და ინიციატივების ცენტრის  „Трансперенси Интернешнл-Россия“-ს ხელმძღვანელი ელენა პანფილოვა, პოლიტილოგი დიმიტრი ორეშკინი, ასევე „სამოქალაქო თანადგომის“ კომიტეტის ხელმძღვანელი სვეტლანა განუშკინა. პუტინთან მუშაობის გაგრძელება საბჭოს სხვა წევრებსაც არ სურთ, თუმცა ისინი მოვლენებს წინ არ უსწრებენ და ამბობენ, რომ ტავად პუტინის გადაწყვეტილებას დაელოდებიან, რომელმაც, შესაძლოა, ძველი შემადგენლობა საერთოდ დაითხოვოს, ან სულაც გააუქმოს უფლებადამცველებთან ურთიერთობის ეს ფორმატი.

განუშკინა, ორეშკინი და პანფილოვა პირველები არ არიან, ვინც საბჭო ტოვებს. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტის მრჩეველთა ორგანოს დუმის არჩევნების გაყალბების გამო ორი წევრი გამოაკლდა.

პროტესტანტთა არგუმენტები ასეთია:

„მე პუტინთან მუშაობას უაზრობად ვთვლი. ვფიქრობ, მას არ შეუძლია ჩვენი რჩევების მოსმენა“ - ამბობს სვეტლანა განუშკინა.

პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინიც, რომელიც თავისთავად საბჭოს არსებობასა და მუშაობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამბობს, რომ „პუტინის სტრატეგია მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განადგურებისკენ და არა მათი მხარდაჭერისკენ. „კოლექტიურ პუტინს“ პოლიტიკა იქით მიჰყავს, რომ დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს ფსევდოდამოუკიდებელი ორგანიზაციებით ანაცვლებს. ისინიკი წარმოადგენენ არა მოქალაქეების, არამედ ნომენკლატურის ინტერესებს“.

გარდა ამისა, ორეშკინისთვის პუტინი არალეგიტიმური პრეზიდენტია. ის, როგორც საარჩევნო ნორმებსა და უფლებებზე მომუშავე, დარწმუნებულია, რომ პუტინს არჩევნებში ხმების 50% არ მოუგროვებია: „მე ან უნდა ვიმუშაო პრეზიდენტთან, რომელსაც არალეგიტიმურად ვთვლი, ან უარი უნდა ვთქვა ამაზე“ - ამბობს ორეშკინი.

საბჭოს კიდევ ერთი წევრი ალექსეი სიმონოვი ჯერ არ მიდის. ის ფიქრობს, რომ ძველი საბჭოს დაშლას თავად პუტინი მოითხოვს, ხოლო „თუ მიმიწვევს, უარს ვეტყვი“ - აცხადებს სიმონოვი.

კოლეგების პოზიციას თავად საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ ფედოტოვიც იზიარებს:
„მათ, ვინც მიდის, პრეტენზიები არ აქვთ არც საბჭოსთან, არც მედვედევეთან. ისინი ამბობენ, რომ არ სურთ ყოფნა საბჭოში, რომელმაც პუტინთან უნდა იმუშაოს. ჩემთვის მთავარია, სჭირდება თუ არა პუტინს ისეთივე უხერხული, მკაცრი და აქტიური საბჭო, როგორიც მედვედევის დროს იყო?“ - კითხულობს ის.