ოქრუაშვილი კიწმარიშვილმაც მიატოვა

  12:07:28     04-05-2012

„ქართული პარტია“ საბოლოოდ დარჩა ლიდერის გარეშე. ირაკლი ოქრუაშვილი პარიზშია გამაგრებული.თუმცა,საქართველო  ეროსი კიწმარიშვილმაც დატოვა. კიწმარიშვილი პარტიაში რამდენიმე თვეა არავის უნახავს. პირად საუბრებში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კიწმარიშვილი უცხოეთში წავიდა და პარტიაც დატოვა. ეროსი კიწმარიშვილის მიერ, პარტიისა და ქვეყნის დატოვების მიზეზი, ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირებაა. 

„ქართულ პარტიაში“ მორიგი დაპირისპირება, სწორედ პარტიის პარიზელ და საქართველოში დარჩენილ ლიდერებს შორის მოხდა. მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. ოლიგარქმა, პოლიტიკაში გამოჩენისთანავე „შუას გაკრეფვა“ მოინდომა და განაცხადა, ეს პარტიები მინდა „შუშის სასახლეში“, სხვა პარტიებს კი არ ვენდობი, რადგან ხელისუფლების სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენო. 

„განდეგილთა“  შორის იყო „ქართული პარტიაც“. ამაზე განაწყენებულმა ეროსი კიწმარიშვილმა პრესის საშუალებით ოლიგარქის კრიტიკა არ დაიშურა.მეგობრულ-კრიტიკული წერილი გამოუგზავნა პარიზიდან ივანიშვილს ოქრუაშვილმაც. საბოლოოდ, როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია ეროსი კიწმარიშვილი წინააღმდეგი იყო ივანიშვილთან რაიმე სახის თანამშრომლობის, თუნდაც განზე გამდგარიყო არჩევნებამდე და გზა მეოცნებეებისთვის დაეთმო. 

პარიზიდან კი ირაკლი ოქრუაშვილი განკარგულებებს გასცემდა, ნუ უპირისპირდებით ივანიშვილს თუ არ ვითანამშრომლებთ დაპირისპირებული პარტიის როლში მაინც ნუ გამოვალთო. ამის გამო, კიწმარიშვილმა პარტია დატოვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრესა.ჯი“ „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს ლია კამლაძეს დაუკავშირდა. კამლაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კიწმარიშვილმა ქვეყანა და პარტია დატოვა, ლიდერის გაუჩინარებას კი, ეროსი კიწმარიშვილის კბილის ტკივილით ხსნის. 

- როდის დატოვა ეროსი კიწმარიშვილმა „ქართული პარტია“ და საქართველო? 

- ბატონი ეროსი გახლავთ თბილისში და „ქართული პარტია“ არ დაუტოვებია. 

- პარტიის ოფისში ბოლოს როდის იმყოფებოდა? 

- მართალია, არ ყოფილა დიდი ხანია პარტიის ოფისში, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. 

- თუ ეროსი კიწმარიშვილი საქართველოში იმყოფება, რა მიზეზით არ მოდის ოფისში? 

- პრობლემები ჰქონდა. მართალია სერიოზული პრობლემები არა, მაგრამ ჰქონდა. კბილთან და ღრძილთან იყო კავშირში. 

- 9 თვეა კბილი სტკივა? 

- გეთანხმებით, რომ ცოტა „ისეთი“ მიზეზია, მაგრამ არ წასულა პარტიიდან. 

- ბოლოს რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა? 

- ხშირად გადიოდა ამ პერიოდში ქვეყნიდან. ბოლოს ამერიკაში იმყოფებოდა. კონკრეტულად, არ ვიცი საქმეზე  იყო ამერიკაში, თუ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო? რომ დაეტოვებინა პარტია, ბუნებრივია, მეცოდინებოდა. 

„პრესა.ჯი“ შეეცადა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებას, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.