რუსეთი, ამერიკას და ევროპას „უპირატესი დარტყმის უფლებით“ დაემუქრა

  08:43:46     04-05-2012

მიზეზი ისევ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებია, რომლებსაც აშშ ევროპაში განათავსებს. მოსკოვში, ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც რუსეთის გენშტაბმა ღიად განაცხადა, რომ იტოვებს უპირატესი დარტყმის უფლებას, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის.

როგორც გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა აღნიშნა, რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება ევროპული ანტისარაკეტო სისტემების ობიექტებზე უპირატესი დარტყმის შესახებ. მისი თქმით, „რუსეთის სამხრეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ახალი შეტევითი სისტემების განთავსება, მათ შორის კალინინგრადში „ისკანდერებისა“, ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია“.

რუსეთი პირველი დარტყმის უფლებას „ვითარების გართულების პერიოდში“ გამოიყენებს. თუმცა მაკაროვს არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობენ „ვითარების გართულებაში“.

ამ საუბრების ფონზე, მოსკოვში მიმდინარე კონფერენციაზე, რუსეთი საკუთარი სამხედრო მანქანის სისუსტეების აფიშირებას ახდენს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ბევრი იწუწუნა იმაზე, რომ 2020 წლისთვის ამერიკა ევროპაში ისეთ ანტისარაკეტო საშუალებებს განათავსებს, რომ მისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები მარტივად შეძლებენ რუსეთის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების განადგურებას.

კონფერენციაზე, ამის საილუსტრაციოდ, დიდ ეკრანზე აჩვენებენ, როგორ „ჩავარდება“ რუსეთის ბირთვული შეტევა აშშ-ზე. თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კომპიუტერული ვერსია იმის პრეზენტაციაა, თუ როგორ ჩამოაგდებენ ნატოს გამანადგურებლები მათ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც ლოს-ანჟელესამდე და ნიუ-იორკამდეც კი ვერ მიაღწევენ.

კონფერენციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოდელირებული ომის ვერსია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მცდარ მონაცემებზე დაყრდნობით აქვს შექმნილი. ამერიკელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აშშ არ აპირებს, როგორც ეს რუსულ პრეზენტაციაში იყო ნაჩვენები, გამანადგურებლები ბალტიის ზღვის რაიონში განათავსოს და ურჩევენ რუს კოლეგებს, უფრო კარგი წარმოადგენა ჰქონდეთ საკუთარ რაკეტებზე.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ნატოს შტაბ-ბინის მაღალჩინოსანმა წყარომ უკვე განაცხადა, რომ მოსკოვში მიმდინარე კონფერენცია არანაირად არ მოახდენს გავლენას ჩიკაგოში ანტისარაკეტო სისტემების პირველი ფაზის გაშვებაზე.

რუსი ექსპერტები ახლა იმაზე ფიქრობენ, კიდევ რით შეაშინონ ამერიკა. გენერალი ლეონიდ ივაშოვი ამბობს, რომ „ამერიეკელები სულით კოვბოები არიან და არასოდეს დაუთმობენ სუსტს. მათ შესანიშნავად იციან ჩვენი შეიარაღების სისტემები და ჩვენს ბირთვულ-სარაკეტო ძალებს ონლაინ სისტემაში ადევნებენ თვალს“. ამიტომ ის ფიქრობს, რომ რუსეთის სისუსტეებზე აქცენტირება და თავის შეცოდება მხოლოდ გააძლიერებს საზოგადოებრივ აზრს იმაზე, რომ რუსეთს მართლაც სუსტი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

კონფერენციის ამერიკელ მონაწილეებს მუქარა წერილობით შეუთვალა დიმიტრი მედვედევმაც. მის მისალმებში, რომელიც პატრუშევმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ „ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხები პირდაპირ ეხება სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს და მცდარი გადაწყვეტილებების ფასი, შესაძლოა, ძალიან მაღალი აღმოჩნდეს… ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსების ცალმხრივი ნაბიჯები, გარდაუვალია, რომ საპასუხო ზომებს გამოიწვევს. იქმნება წინაპირობები კონფრონტაციისა და გამალებული შეიარაღებისათვის“ - აცხადებს მედვედევი.

ამიტომაც, მაკაროვის თქმით, მოსკოვი პირველ ნაბიჯებს უკვე დგამს და „რუსეთის სამხრეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ახალი შეტევითი სისტემების განთავსება, მათ შორის „ისკანდერებისა“ კალინინგრადში, არის   ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი“.