ლეიბორისტები ბიძინას წინააღმდეგ კომპრომატებს აქვეყნებენ

  16:35:52     03-05-2012

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსასვლელად, დიდი ხანი ემზადებოდა, თუმცა, კონკრეტულ ქმედებებზე, ის რამდენიმე წლის წინ გადავიდა. 

ძაგანიას განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ველის გაწმენდა მოინდომა და ეს ნათელაშვილის ლიკვიდაციით უნდა დაეწყო.

„ლეიბორისტების“ მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა დაუკვეთა შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია და  ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალაც არსებობს. 

„გვაქვს დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია და  ამის სისრულეში მოყვანა, თუმცა ოცნება ვერ აიხდინა“. ძაგანიას, ჩვენთან საუბრისას, იმის დამადასტურებელ საბუთად, რომ შალვა ნათელაშვილს ოლიგარქი დიდი ხნის წინაც ემტერებოდა, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მოჰყავს. 

„დღეს, ერეკლე მეორის ქუჩაზე არის გახსნილი „ქართული ოცნების“ ოფისი. 2007 წელს, სწორედ ამ საცხოვრებელი სახლიდან იქნა გამოსახლებული შალვა ნათელაშვილის და ნინო ნათელაშვილი ოჯახთან ერთად. ასევე, კორპუსის სხვა მაცხოვრებლები. თავიდანვე იცოდა ბატონმა ივანიშვილმა, რომ მოვიდოდა პოლიტიკაში და ნიადაგს ამზადებდა“ - ამბობს ძაგანია. 

 ჩვენ შეკითხვაზე, როდის გამოაქვეყნებენ „ლეიბორისტები“ ვიდეო–მასალას, სადაც დადასტურდება შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაციის მცდელობაში ივანიშვილის მონაწილეობა, ძაგანიამ გვიპასუხა, რომ მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება და მასალებს საზოგადოებას აუცილებლად გააცნობენ. 

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ოლიგარქის მიმართ ბარალდებები მას შემდეგ დაიწყო,  რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მან ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვა შეკითხვა, თუ რატომ არ იჭერდნენ შალვა ნათელაშვილს. 

„ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ თუკი ეროვნულ ძალებს არ გააქრობდა პოლიტიკური ასპარეზიდან, თვითონ შანსი არ ექნებოდა არც ხელისუფლებაში მოსვლის და არც ნორმალური ოპოზიციური პარტიის შექმნის. ჩვენ სამართლებრივ ნორმებსაც მივმართავთ“. 

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „ლეიბორისტებს“ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის არ წარუდგენიათ ვიდეომასალა, რომელიც მათ ბრალდებებს ივანიშვილის მისამართით დაადასტურებდა. 

თუმცა „ლეიბორისტებმა“ პირობა დადეს, რომ ეტაპობრივად ოლიგარქზე კომპრომატებს და ვიდეომასალებს გამოაქვეყნებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილი მკვლელობების დამადასტურებელი იქნება. 

შეგახსენებთ, გიორგი გუგავამ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, რომ მათი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია არ ჰქონდა დაგეგმილი და ის  ვიღაცების მკვლელობებს რუსეთშიც გეგმავდა.