ქართველი „კანონიერი ქურდები“ - რუსეთის „მეხუთე კოლონა“ საქართველოსთვის

  14:51:36     03-05-2012

მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ სკოროპადი, რომელიც თავის დროზე ეთნიკურ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მუშაობდა, აცხადებს, რომ არა მარტო საქართველოში, რუსეთშიც კი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების „ვარსკვლავი“ სააკაშვილმა „ჩაასვენა“.
გამოცემა „მოსკოვსკაია პრავდასათვის“ მიცემულ ინტერვიუში, სკოროპადმა აღნიშნა, რომ ქართველი „კანონიერი ქურდები“, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს რუსეთში, შესაძლოა, საქართველოსთვის მეხუთე კოლონად ქცეულიყო:

„იყო რა გამოცდილი პოლიტიკოსი და შესანიშნავად იცოდა რა საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტი, ის მაშინვე მიხვდა, რომ ქართველი ქურდები შესაძლოა გამხდარიყვნენ „აქილევსის ქუსლები“ მის მიერ აგებულ სახელისუფლო ვერტიკალში. ამასთან, მათი დიდი უმრავლესობა ცხოვრობდა რუსეთში და რუსეთის ხარჯზე, მჭიდროდ იყო ინტეგრირებული რუსულ ბიზნესთან, ვიღაც-ვიღაცეები კი ხელისუფლებაშიც იყვნენ. და გასაგები იყო, რომ ყველა ისინი მალე გახდებოდნენ რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში. და მან გახვეტა ისინი რესპუბლიკიდან“ - აცხადებს სკოროპადი.

ე.წ. კანონიერი ქურდების თემას, ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტშიც ახსენებს და ამბობს, რომ მოსკოვმა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი წრეების, თბილისის წინააღმდეგ გამოყენება სცადა.
„მიშიკოსთვის რაღაც უნდა მოეხერხებინათ, სასურველი იყო - სხვისი ხელით“ - ამბობს სკოროპადი და აღნიშნავს, რომ რუსეთში კარგად გაიაზრეს  ე.წ. კანონიერი ქურდების სიძულვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ფსონი სწორედ მათზე დადო.

„გაითვალისწინეს რა ქართველი კანონიერი ქურდების სიძულვილი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რუსეთის ხელისუფლებამ, სრულიად ლოგიკურად, მათზე ფსონი დადო. გეგმავდა რა, სხვისი ხელით საქართველოს პრეზიდენტის ჩამოგდებას. მათ უთხრეს - ბიჭებო, ამდენი წელია სუქდებით რუსულ კრიმინალურ საძოვრებზე, კეთილი ინებეთ და გადაწყვიტეთ თქვენი პრეზიდენტის პრობლემა. მათაც დაიფიცეს და დაპირდნენ. თბილისში ოპოზიციის რამდენიმე მიტინგიც კი მოაწყვეს, რომლებიც უფრო სპექტაკლებს მოგაგონებდათ“ - ამბობს სკოროპადი, თუმცა აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ამ ქურდებმა კრემლი ნებსით თუ უნებლიედ, „გადააგდეს“, რადგან „სააკაშვილმა დაშალა მოთამაშე ოპოზიცია, რომელიც  ქართველი კანონიერი ქურდების რუსული ფულით იყო გახურებული“.

სწორედ ამის შემდეგ, ქართულ დანაშაულებრივ სამყაროს, რომელიც რუსეთში იყო კომფორტულად მოკალათებული, პოლიტიკური შეკვეთის შეუსრულებლობის გამო, სამაგიერო გადაუხადეს.  ბიზნესიდან გამოდევნეს, მეტ-ნაკლებად ოდიოზური პიროვნებები კი, დიდი ხნით ციხეში გაუშვეს.