გია ნოდია: აფხაზებს მიაჩნიათ, რომ საქართველო ჩერქეზების გადაბირებას ცდილობს

  11:42:23     03-05-2012

პარლამენტში „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ განხილვა დაიწყო. ქართველი პოლიტოლოგები მომზადებულ დოკუმენტს დადებითად აფასებენ.  ექსპერტის, გია ნოდიას მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ ინიციატივებს არაერთგვაროვანი შეფასებები ეძლევა და მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა წინადადებები ერთ კონცეპტუალურ ჩარჩოში იყოს ჩამჯდარი. მისი თქმით,  მომზადებული დოკუმენტი რუსეთის დასანგრევად არ მზადდება, არამედ ამოსავალი საქართველოს ეროვნული ინტერესებია. იქნება თუ არა შედეგის მომტანი დოკუმენტი? – „პრესა.ჯი“ გია ნოდიას ესაუბრა:

როგორ შეაფასებთ მომზადებულ სტრატეგიას?

– სტრატეგიის მიზანია, რომ საქართველოს მეზობლები –  ჩრდილოკავკასიელი ხალხები, ქვეყნისადმი კარგად განწყობილნი იყვნენ. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ ინიციატივებს არაერთგვაროვანი შეფასებები ეძლევა და ზოგადად, კეთილგანწყობილი ქვეყნებისთვისაც საჭიროა, რომ სხვადასხვა ინიციატივები ერთ კონცეპტუალურ ჩარჩოში იყოს ჩამჯდარი.

ქართული მხარის მიერ, აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება ეჭვებს ხომ არ გააჩენს?

– საქართველო იმას ვერ აცდება, რომ სტრატეგია რუსეთში ეჭვებს არ გააჩენს. თუ ადამიანი წინასწარვე იმგვარადაა განწყობილი და დარწმუნებული, რომ რუსეთში ტერორიზმის წახალისებას, ჩრდილოეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის გამოწვევასა და ცეცხლზე ნავთის დასხმას ვცდილობთ, ამ ეჭვს ვერანაირი სტრატეგია ვერ გაუფანტავს, მაგრამ თუკი ეჭვებისკენ მიდრეკილი არ ხარ, სრულიად გასაგებია, თუ რა არის საქართველოს მიზანი. ჩვენი ამოცანაა – ჩვენი მეზობლები ჩვენდამი კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ. 

პროექტთან დაკავშირებით, კრემლის რა რეაქციას უნდა ველოდეთ? 

– რაც შეეხება რეაქციებს, სტრატეგია დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორი არ იქნება. არ მგონია, რომ ამას რუსეთის მხრიდან ინტენსიური რეაქცია მოჰყვება, მაგრამ იტყვიან, რომ საქართველოში იტყუებიან, ინიღბებიან და სინამდვილეში ცუდი რაღაცეები სურთ. 

ეს სტრატეგია–სტრატეგიად დარჩება თუ რეალობად, დოკუმენტი ჩრდილო კავკასიელებმდე მივა?

სტრატეგიის მიღება იქნება ერთი ნაბიჯი წინ, თუმცა, ცხადია, რომ ამას მასობრივად სკოლებში არ შეისწავლიან, მაგრამ ამ საკითხით ვინც დაინტერესებულია და ვისაც ჩვენთან ურთიერთობა სურს, ამ დოკუმენტს წაიკითხავს.  

– რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებს, ამ დოკუმენტს როგორ შეხვდებიან?

– კრემლის გარდა, სტრატეგიას „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა  და განსაკუთრებით კი აფხაზები, ეჭვით აღიქვამენ. აფხაზები აცხადებენ, რომ საქართველოს ნაბიჯები მათსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად. საქართველო ჩერქეზების გადაბირებას ცდილობს, რათა ისინი ქართველების მხარეს იყვნენ და არა აფხაზების. ამ საკითხის მიმართ, აფხაზების დამოკიდებულებას ვერაფერს ვუშველით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლეგიტიმურია, რომ ჩრდილოკავკასიელებთან კარგი ურთიერთობა გვინდოდეს.

– თვლით თუ არა, რომ ამ დოკუმენტს კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა მოჰყვეს? 

– რა თქმა უნდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, პირიქით მოხდა. კერძოდ, ჯერ მოქმედებები დაიწყო და შემდეგ სტრატეგია დაიწერა, რაც შეიძლება მთლად ლოგიკური არ არის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.