
რუსი ექსპერტი: ცხინვალის ახალი რეჟიმი რუსეთს „ამერიკული თეზისებით“ აშანტაჟებს
10:11:43     03-05-2012
ცხინვალში დაწყებულმა საუბრებმა ერგნეთის ბაზრობის აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მოსკოვი შეაშფოთა.
მოსკოვის უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი მარტინოვი აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნა რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება და ამ იდეის ავტორებს „ამერიკული თეზისების გამხმოვანებლებს“ უწოდებს.
ერგნეთის ბაზრობის აღდგენის სურვილი სეპარატისტული რეჟიმის ახალმა ე.წ. გენერალურმა პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ,
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, როგორც ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, მან ერგნეთის ბაზრობის გახსნის იდეას მხარი დაუჭირა. კერძოდ, ჩიგოევმა განაცხადა, რომ ბაზრის დახურვა არ შეიძლებოდა, რადგან იქ „ყოველდღიურად ურთიერთობდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე. ეს იყო მოედანი, სადაც ადამიანები კონტაქტობდნენ და საერთო ბიზნესი ჰქონდათ“. ჩიგოევმა ისიც აღნიშნა, რომ თუ შესაბამის დავალებებს მისცემენ, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, მაშინ საკითხი დამუშავდება, რადგან ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუკი ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხზე ქართული და ოსური მხარეები საერთო შეხების წერტილებს გამონახავენ.
ალექსანდრე მარტინოვი იხსენებს, რომ ასეთი იდეა თავში არა მარტო ჩიგოევს მოუვიდა და ერგნეთის ბაზრობის გახსნას თავის დროზე ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლოს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იყო, ვადიმ ბროვცევიც უჭერდა მხარს.
მარტინოვის ექსპერტული დასკვნა ასეთია: ჩიგოევიც და ბროვცევიც „ამერიკულ თეზისებს“ ახმოვანებენ. კერძოდ, მას საილუსტრაციოდ 2011 წელს ამერიკის საექსპერტო ინსტიტუტის - Center for American Progress-ის ანალიტიკური მოხსენება მოჰყავს, რომელიც, მარტინოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი და რომლითაც ობამას საქართველოსა და კონფლიქტური რეგიონების ურთიერთობებიდან რუსეთის ჩამოშორების გეგმას სთავაზობდნენ. ამ გეგმაში კი რუსი ექსპერტის მონაცემებით, სწორედ ორმხრივი სავაჭრო (და არა მარტო სავაჭრო) ურთიერთობების აღდგენა და ერგნეთის ბაზრობის გახსნა შედიოდა.
ამიტომაც მარტინოვს ახლა ჩიგოევისა და ბროვცევის „ამერიკის აგენტობაში“ შეაქვს ეჭვი და მოსკოვს გაფრთხილებებს აძლევს, ცხინვალს კი აშინებს:
ერგნეთის ბაზრობის გახსნა ბოლოს მოუღებს რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას ვაჭრობის შესახებ და „ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტით დატვირთავს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ქრონიკას“ - პროგნოზირებს მარტინოვი.
რუსი ექსპერტი ამბობს, რომ „თუ სამხრეთ ოსეთის ახალი ხელისუფლება ასეთი გზით რუსეთის ხელისუფლების დაშანტაჟებას ცდილობს… მაშინ ეს არის გზა არსაით“. მარტინოვს ეჭვი შეაქვს იმაში, რომ ცხინვალის ახალი რეჟიმი საქართველოს მიმართ მტრულ, რუსეთის მიმართ კი ძმურ კოკოითისეულ კურსს არ ინარჩუნებს და ამიტომაც, ეს დამღუპველი იქნება მისთვის.