
ესპანელი კონგრესმენის აზრით, საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა...
13:39:17     02-05-2012
ესპანეთის სამეფო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერს, რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას გმობს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მიესალმება.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, დღეს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდამ გააკეთა, რომელიც ქვეყანას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
ესპანელი კონგრესმენი, განხორციელებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონში ლიდერ სახელმწიფოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო, ქრისტიანული და ევროპული სამყაროს ნაწილია, რომლის ევროკავშირში გაწევრიანებას ყველა ერთად იზეიმებს.
ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებების გარდა, ევროპელი პოლიტიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე - „კავკაზ 2012“–ზე აკეთებს და ქართულ საზოგადოებას, მოუწოდებს კრემლის წვრთნებს ყურადღებას ნუ მიაქცევს.
„ოქტომბერში, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და ინფორმაცია მაქვს, რომ რუსეთი სამხედრო წვრთნებს შემოდგომისთვის ამზადებს. ამიტომ, მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო – რუსეთის მხრიდან, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, თუ რაიმე ნაბიჯი იქნება გადაგმული, მას არ აყვნენ და ამის გამო, არჩევნებზე მისვლისაგან თავი არ შეიკავონ. მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა აქტიურად უნდა მიიღოს, რომ დემოკრატიულად, თავიანთი ნება გამოხატონ. რუსეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, თუ ის არჩევნების პერიოდს დაემთხვევა“, – აცხადებს ესპანელი კონგრესმენი.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი პოლიტიკოსი, საქართველოში გატარებულ რეფორმებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად ასახელებს და ჩიკაგოს სამიტზე, ყურადღებას ამახვილებს.
„ევროპული და დასავლური ოჯახისაკენ თქვენს სწრაფვას ვაფასებ და იმედი მაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე, მინიმუმ ის დაფიქსირდება, რომ საქართველო აღებულ ვალდებულებებს კარგად ასრულებს, რაც მომავალისთვის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობისთვის. საქართველო, ქრისტიანული და ევროპული სამყაროს ნაწილია და შეიძლება მალე არა, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველა ვიზეიმებთ იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება. ესპანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერს და რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას გმობს“, – აცხადებს ესპანელი კონგრესმენი.
უნდა აღინიშნოს, რომ თავის მხრივ, ესპანეთის მხარდაჭერას ქართული მხარე დადებითად აფასებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ესპანეთი არის სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკაში ძალიან აქტიურია.
მისი თქმით, ესპანეთი საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში ეხმარება, რათა ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე მათაც უარი თქვან.
„ესპანეთს მტკიცე მხარდაჭრა აქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – დასძინა მან.
რაც შეეხება ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდას ქვეყანაში ვიზიტს, ის დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდა, ხოლო ხვალ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს, რის შემდეგაც თბილისს დატოვებს.