
პარლამენტი ტრადიციას არ ღალატობს და ქუთაისს რეგლამენტს უმზადებს
09:48:19     02-05-2012
ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში, კანონმდებლები საქმიანობას ახალი რეგლამენტის მიხედვით წარმართავენ, რომელიც 321 მუხლისაგან და XIV კარისაგან შედგება.
ამ მოწვევის პარლამენტმა, ახალი რეგლამენტის პროექტი უკვე მოამზადა, რომლის განხილვაც, მომავალ კვირას დაიწყება. პროექტის მიღება კი, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.
წარმოდგენილი პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება – ძირითადი ნაწილისაგან, რომელიც იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა, ხოლო, მეორე ნაწილში, გარდამავალ დებულებებში – არის დრობითი ნორმები, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმუშავებს.
ინიცირებულ პროექტში განსაზღვრულია – როგორც პარლამენტის საქმიანობის საფუძვლები, კონსტიტუციური პრეროგატივა, ასევე, დოკუმენტი პარლამენტის სუბიექტებთან და მათ უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებსა და საპარლამენტო კონტროლის ფორმებს აწესრიგებს. ამასთან, ჩამოყალიბებულია რიგი ნორმები, რომელიც პარლამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკითხებიდან გამომდინარე, ახლებურად წარმოჩინდა.
უნდა ითქვას, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის დაწერილი რეგლამენტის პროექტი პარლამენტის წევრთა რიგ უფლებებს ზღუდავს. კერძოდ, დოკუმენტში ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით, კანონით დადგენილ ფარგლებში, პარლამენტარს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს კანონების შესრულების შემოწმებაში მონაწილეობა მიიღოს, ან ასეთი დავალების შესრულებაზე, მოტივირებული უარი განაცხადოს.
ასევე, დეპუტატს ძველი ნორმებითაც და პროექტითაც, უფლება აქვს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, შეუფერხებლად შევიდეს, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა. თუმცა, ეს მოქმედი ნორმა პროექტში აღარ არის.
ამასთან, გარკვეული ცვლილებაა პარლამენტის წევრის ვალდებულებებშიც. კერძოდ, ახალ პროექტში, დეპუტატის ვალდებულებათა ჩამონათვალში აღარ არის ნორმა, რომლის მიხედვით, დეპუტატი ვალდებული იყო ექვს თვეში ერთხელ მაინც, ამომრჩევლის წინაშე, თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციით გამოსულიყო.
გარდა ამისა, ცვლილებებით, პარლამენტის წევრის მიერ ბინის ქირის მოთხოვნის დეტალები, რეგლამენტით აღარ იქნება გაწერილი. პროექტით, პარლამენტის წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესს, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.
რაც შეეხება მთავარ საკითხს, პლენარული სხდომების რაოდენობასა და გამართვის ფორმატს, სესიების რაოდენობა მცირდება და პლენარული სხდომის მუშაობაც ერთი საათით გვიან დაიწყება. კერძოდ, როგორც დღეს არსებული რეგულაციით, ასევე პროექტით, პარლამენტის სესია ორკვირიანი ციკლით იგეგმება. თუმცა, მომავალ პარლამენტში, პირველ კვირას დასაშვები იქნება როგორც პლენარული სხდომის, ისე საკომიტეტო მუშაობის გამართვა. მეორე კვირა კი, ჩვეულებრივ ამომრჩევლებთან შეხვედრასა და კომიტეტების მუშაობას დაეთმობა.
ასევე, თუ ახლა პლენარული სხდომები პლენარული სხდომის კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 11:00-დან 19:00 საათამდე უნდა გაიმართოს, მომავალ პარლამენტში სხდომები მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება და ისიც, 12:00-დან 19:00 საათამდე. ამასთან, თუ დღეს სხდომაზე შესვენება – 14:00-დან 16:00 საათამდე ცხადდება, მომავალ პარლამენტში შესვენება ერთსაათიანი იქნება და 15:00-დან 16:00 საათამდე გამოცხადდება.
წარმოდგენილ ცვლილებებში საგულისხმო ერთი დეტალია, კერძოდ, ახალ რეგლამენტში სხდომის 21:00 საათამდე გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ პროექტში დეპუტატების მიმართ ფინანსური სანქციების გატარების პუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული. კერძოდ, დეპუტატს, რომელსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, დღის ხელფასი დაექვითება. ამას გარდა, თუ კენჭისყრის და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება, მისი სახელით კი, კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში მონაწილეობა მიღებულია, მას ხელფასის 20 პროცენტი დაექვითება.
ცვლილებებით, სანქციები კომიტეტების სხდომისა და პლენარული სხდომების გაცდენის შემთხვევაშიც წესდება. კერძოდ, თუ პარლამენტის წევრი, რომელიც ორი კომიტეტის წევრია, კალენდარული თვის განმავლობაში, კომიტეტების სხდომას არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული დეპუტატი ერთი თვის განმავლობაში, სხდომას ორჯერ არ დაესწრება, მას ხელფასის 25 პროცენტი დაუკავდება.
რაც შეეხება სესიას, თუ დეპუტატი ერთი თვის მანძილზე არასაპატიო მიზეზით ერთზე მეტ პლენარულ სხდომას გააცდენს, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისთვის ხელფასის 10 პროცენტი დაექვითება.
გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, პროექტში, პარლამენტის წევრზე თავდასხმის საკითხიც არის გათვალისწინებული და ნათქვამია, რომ დეპუტატზე თავდასხმის შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 15 000 ლარი მიეცემა. პროექტის თანახმად, დაღუპული პარლამენტარი სახელმწიფოს ხარჯზე დაიკრძალება.
ამასთან, პარლამენტის წევრს, რომელიც აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ან დასახიჩრდა, ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით ეძლევა.
დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ რეგლამენტში დეპუტატის ჩაცმულობაც არის განსაზღვრული და ნათქვამია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ტრადიციის მიხედვით, მოქმედი პარლამენტი მომავალი პარლამენტისთვის ახალ რეგლამენტს ამზადებს. ამის გათვალისწინებით, დღეს მოქმედი რეგლამენტი, რომელიც 272 მუხლისგან შედგება, 2004 წლის 17 თებერვალს იქნა მიღებული. თუმცა, მას შემდეგ რაც, მერვე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დაიწყებს, ეს დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.