ალფრედ დე მიუსეს „დაკარგული საღამო“

  09:07:59     02-05-2012

ცნობილი ფრანგი პოეტი, მწერალი და დრამატურგი, ლუი შარლ ალფრედ დე მიუსე (Louis Charles Alfred de Musset) გარდაიცვალა 1857 წლის 2 მაისს, პარიზში.

მომავალი პოეტი დაიბადა 1810 წლის 11 დეკემბერს, პარიზში, შეძლებულ და განათლებულ ოჯახში. პაპა პოეტი იყო, მამა ლიტერატორი.

სწავლობდა ჰენრი IV-ს კოლეჯში. მალე მისმა ლექსებმა საყოველთაო ყურადღება მოიპოვა. 1832 წელს გარდაეცვალა მამა. დრამატურგიაში პირველი მცდელობა წარუმატებელი ჰქონდა, თუმცა შემდგომში მისი პიესები ძალიან პოპულარული გახდა.

ივლისის მონარქიის პერიოდში ალფრედ დე მიუსე შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს, მეორე იმპერიის დროს განათლების სამინისტროს ბიბლიოთეკარი გახდა. 1845 წლის 24 აპრილს ალფრედ დე მიუსეს, ბალზაკთან ერთად, ღირსების ორდენი მიენიჭა. 1852 წელს ფრანგული აკადემიის წევრად იქნა არჩეული.

როგორც აღვნიშნეთ, ალფრედ დე მიუსე გარდაიცვალა 1857 წლის 2 მაისს. დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

პრესა.გეს-ს მკითხველს ვთავაზობთ ალფრედ დე მიუსეს შესანიშნავ ლექსს „დაკარგული საღამო“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.

დაკარგული საღამო

(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

მე ერთ საღამოს კომედიის თეატრში მარტო
შევედი, მაგრამ ცარიელი დარბაზი ავტორს
არა სწყალობდა, რადგან ახლა ფიქრობენ ასე,
რომ გაუვიდა დრო მოლიერს და იმის ალსესტს;
არ უხიცინებს ის გონებას და ამის გარდა
არ იცის კიდევ დროზე როგორ დაუშვას ფარდა.
ზოგი რომ ფიქრობთ სხვანარიად, მადლობა ღმერთო,
სხვა არის მოდა და მრავალი ემხრობა მეთოდს,
როცა ინტრიგან დიაცთა და კაცთა კრებულში
პიესა ისე იხლართება, როგორც რებუსი.
მე ჰარმონია ბუნებრივი მხიბლავდა მშვიდი,
მე ვგრძნობდი ნათლად გენიოსის სიტყვასთან ჭიდილს,
როგორი ვნებით ესწრაფვოდა ჭეშმარიტებას.
რა წრფელი იყო, რა ამაყი, რა სულს იტევდა.
იხედებოდა კაცის სულის ოკეანეში,
კაცური იყო მისი სევდა, მისი ალერსი,
უნდა ვტიროდეთ, თუმც გვაცინებს იგი მრავალჯერ!
თავს შევეკითხე: ” რომ ამძიმებ ახლა სავარძელს
და აქ შემთხვევით რომ შემოხველ, თუკი ნახავდი
და მოისმენდი გატანჯული სულის ღაღადისს,
ნუთუ შენ მხოლოდ შეიშრობდი ცრემლსა და შემდეგ
კვლავ იცხოვრებდი ისე, როგორც ცხოვრობდი დღემდე.”
ო, თუმცა თავი ფიქრს მივეცი ადამიანურს,
მაგრამ ლორნეტით შევყურებდი ჭაღს და იარუსს.
უეცრად ახლოს გაიელვა თეთრმა კისერმა,
რომელსაც შავი ნაწნავები ახალისებდა,
თმის აბანოზით ტყვედპყრობილი შუქი ღვთაების...

ანდრე შენიეს გამახსენდა ერთი ტაეპი,
განმეორებას რეფრენივით თითქოს ითხოვდა,
მოულოდნელი ისე, როგორც შემთხევითობა.
არ იქნებოდა მოლიერის შეურაცხყოფა,
მისი აჩრდილი არ იწყენდა ალბათ სრულებით,
თუ ამ ორ სტრიქონს იმ დარბაზში ვიჩურჩულებდი,
სადაც იმ ბავშვის არსებობა თვალმა მაცნობა:
” თქვენ დაიხარეთ და კისერი დახრილი ოდნავ
იყო ნაზი და უსპეტაკეს თოვლივით თრთოდა.”

მე ფიქრს გავყევი (ჩემი ფიქრი სად არ დაქროდა).
რომ ჩვენ დავკარგეთ გულწრფელობა და რომ მზაკვრობამ
გაიდგა ფეხი, აღარა ვართ გულისხმიერნი,
ვართ ურწმუნონი, ხასიათი გაქრა ძლიერი;
მხოლოდ განკიცხვა რომ ეკუთვნის ქვეყანას გულგრილს,
რადგან აქცია მოლიერის დიდებას ზურგი, -
რომ ვით სიმღერა ამბობს ერთი „დრო არის უკვე”
ამ საუკუნეს გადახედოს გონებამ უკეთ.
რომ სამარცხვინოდ ჩაფლულია ლაფში თეატრი,
იხრჩობა მუზა, იმ დღეშია, ვერვინ შენატრის.
გვარწმუნებს ბრიყვი, სანამ აღვირს ვღეჭავთ ლაჩრობით,
რომ ბებერ მზის ქვეშ ყველაფერი არის ნაცნობი;
თითქოს ყოველდღე მანკიერი და ბიწიერი
ადამიანში არ ახლდება სულ სხვა იერით.
დაასვა ჩვენმა საუკუნემ დაღი ზნეობას,
ჩვენ ველოდებით, ვინ გაიხდის მოვალეობად
თქვას გაბედულად ყოველივე... მე გავბედავდი,
სატირის მათრახს დავიჭერდი სიტყვის მხედარი,
რომ ჩამეცმია ჩემს გემოზე შავი ფრაკები
იმათთვის, გული ვინ იჯერა ლექსის ძაგებით.
ალსესტს პარიზი ხელმეორედ დღეს რომ ანახა,
ვერ დაუკარგავს მოთმინებას ასე ვაგლახად
ვერც დედაკაცი საძაგელი და ვერც სონეტი,
ჩვენ უდიერად სხვის ხსენებას გავიგონებდით.

ჩვენო მოძღვარო! ვერ დაგიშლის ცივი აკლდამა,
მოდი, რომ იგრძნოს შენი ცეცხლი თვით მომაკვდავმა.
იქნებ მიღვივის ნაპერწკალი, დამხედე დინჯად,
თუ ვერ მოგბაძე ღირსეულად, რა მოხდა, ვსინჯავ!
მსურს სიტყვა ჟღერდეს ფოლადივით, ბრძოლა მომელის,
შთამბერე სული ქვეყანაზე სიმართლის მომხრის,
გენიოსს შეცვლი მგზნებარებით და მონდომებით
და მე ვიქნები მრისხანე და ვერავინ მომხრის!

მე ასე დიდხანს ვეალერსე ალბათ ქიმერას;
ის დედის გვერდით იჯდა ისევ და ციმციმებდა
თეთრი კისერი, ირხეოდა ნაწნავი ისევ
და დაბნეული ეკრძალვოდა უნაზეს კისერს.
დაეშვა ფარდა. წამოვდექით. ნელა ვიშლებით
და იფარება უკვე შალით მხრები შიშველი.
ო, მალე ხელებს თავშესაფრად ექნება მუფთა...
როდესაც იგი მისი სახლის დადგება ზღურბლთან,
მაშინ მივხვდები, ავედევნე თურმე თავიდან,
ო, მეგობარო, ეს ცხოვრება ასე გავიდა.
სულის სიმტკიცეს რომ ელტვოდა ჩემი გონება,
მზერას და სხეულს სილამაზე კვლავ იმონებდა;
ოცნება გაქრა, სული ჩემი რომ გამოფხიზლდა,
რა შერჩა გარდა უცოდველი სახით თრობისა!
” თქვენ დაიხარეთ და კისერი დახრილი ოდნავ
იყო ნაზი და უსპეტაკეს თოვლივით თრთოდა.”