
პუტინი საბჭოთა ტრადიციებს აბრუნებს…
08:23:05     02-05-2012
ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც მოსკოვის პროფკავშირებისა და მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ მიერ ორგანიზებულ საპირველმაისო აქციაში თავად არ მონაწილეობდნენ. როგორც ცნობილია, საზეიმო დემონსტრაციას პუტინ-მედვედევი მიუძღვოდნენ წინ და ხალხის მასებში გარეულები, მშრომელთა ომახიანი შეძახილებით სიამტკბილობდნენ.
ექსპერტთა ნაწილი გუშინ გამართულ მსვლელობას საბჭოთა ტრადიციებისკენ სწრაფვის ერთ-ერთ გამოხატულებას უწოდებენ. როგორც მაშინ, ამჯერადაც, დემონსტრანტთა კოლონები „საწარმოო პრინციპით“ იყო აგებული, საწარმოების მიღწევებზე სიამაყით იუწყებოდნენ კომენტატორები, მთელი ეს ღონისძიება კი ცენტრალური ტელეარხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ლოზუნგები, რომლებსაც ტანდემი მიუძღვოდა წინ, აბსოლუტურად საბჭოური იყო. ძირითადად, ასეთი შინაარსის: „მშრომელი ხალხი პუტინისა და მედვედევის მხარეზეა“. ანალოგიური აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა - ამცნობდნენ აქციის ორგანიზატორები და საინფორმაციო საშუალებები მაყურებელს. მსვლელობის მონაწილეებს არ დაუმალავთ, რომ მათი სადღესასწაულო მარში ოპოზიციის მიერ 6 მაისს - პუტინის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე დაგეგმილი „მილიონების მარშის“ საწინააღმდეგო აქცია იყო, რითაც ხელისუფლებას სურდა ეჩვენებინა ყველასთვის, რომ მშრომელი რუსი ხალხი მის მხარეზეა და არასოდეს გაიზიარებს „თავსმოხვეულ იდეებს“.
ჩვენ მივმართავთ ოპოზიციას „აღიარეთ ხალხის გამარჯვება“ - განაცხადა „ედინაია როსიას“ ერთ-ერთმა წევრმა. პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი პუტინი-მედვედევის მწყობრს საბჭოთა სისტემისკენ მიბრუნებას უწოდებს და აცხადებს, რომ დიდი „თავისმოტყუების ეპოქა“ იწყება.