ჭულევის სამონასტრო კომპლექსი

  09:00:10     01-05-2012

ჭულევის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში (რეგიონული ცენტრი - ახალციხე), დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირში. მის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები - ზანავი, ჩორჩანი, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.

სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულევი.“

XI ს-ში. ჭულევის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო შესანიშნავი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.

შემდგომ ხანებში, სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის (1374-1391წწ) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიური ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი, აქვე, ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.

ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე და თარიღდება XIV საუკუნით. ამ ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ---თა--- შეუნდნეს ღმერთმან--- ქკს ითა (1381 წ.)“.

ეკლესიის მაშენებლები სამცხის მმართველი საგვარეულოს, ათაბაგთა (ჯაყელთა) ოჯახის წევრები არიან. ათაბაგების „ოჯახური“ ფრესკული პანო ეკლესიის სამხრეთის კედელზეა გამოსახული და ერთდროულად რამდენიმე თაობას წარმოგვიდგენს. აქ გამოსახულნი არიან: სარგის I საბა (1266-1255), ბექა მანდატურთუხუცესი (1285-1306), სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი (1306-1334), ყვარყვარე I ამირსპასალარი (1334-1361), შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი (1361-1374).

 ბექა მანდატურთუხუცესი, ამავე რეგიონის ძეგლების, საფარისა და ზარზმის ფრესკების მსგავსად, აქაც ეკლესიის მოდელით ხელშია გამოსახული, ე.ი. ტაძრის უშუალო მაშენებლადაა წარმოდგენილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჭულევის ეკლესიის მომხატველი ბექას გამოსახულებაზე მუშაობისას იყენებდა ამ დიდებულის სხვა, უკვე არსებულ პორტრეტს. წმ. გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი 1381 წელსაა აშენებული სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ. მისი ფრესკული ხატი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აწ დაღუპულ ფრესკაზე.

ინტერიერი თავის დროზე მთლიანად ყოფილა მოხატული. მხატვრობა მშენებლობის თანადროულია, დღეისათვის კი მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი, ისიც, მხატვრული თვალსაზრისით, შედარებით მდარე და „ხელოსნური“, თუმცა სახეთა ექსპრესიულობა და ემოციურობა მაინც იგრძნობა.

ჭულევის სამონატრო კომპლექსის მშვენებას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამრეკლო წარმოადგენდა, რომლისგანაც მხოლოდ ფოტოებიღა შემოგვრჩა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირსებისა ყოფილა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმით... ასევე ნატიფია შიგნი თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში“. სამრეკლოს ცისფერი სმალტით შემკულ ჩუქურთმებს აღმოსავლური გავლენაც დაჰკრავდა.

ჭულევის სამონატრო კომპლექსის ძველ ნაგებობათაგან მხოლოდ რამდენიმეს საძირკველი და დარბაზული ტიპის სამლოცველოს კედლის ნაწილი გადარჩა. ამ სამლოცველოს ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. ბერების ძველი საცხოვრებლებიდან დღეისათვის ტაძრის ჩრდილოეთით სატრაპეზოს ერთი კედელია შემორჩენილი.

1595 წლისთვის ჭულევი უკვე გაუკაცრიელებულია. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და, ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX ს-ის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული, ერთი ტაძართან ჰკიდია, მეორე კი - სატრაპეზოს შესასვლელში.

XVI-XIX საუკუნეებში ტაძარი იძარცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ, შემდგომში კი ჭულევი ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ქვის სამტეხლოდაც იქცა.

მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ რუსებს (არქიტექტორი ხმელევსკი), რაც ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა. ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი სამრეკლო, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია, სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი.

1977 წელს დაიწყო ხელახალი აღდგენითი სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე), რომელიც შეწყდა 1988-89 წლებში თანხების უქონლობის გამო.

XVI საუკუნის შემდგომ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა, როდესაც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, თეოდორეს (ჭუაძე) კურთხევით მონასტრის წინამძღვრად განაწესეს მამა სტეფანე (კალაიჯიშვილი), დღეს - ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი. ამავე დროს დაიწყო სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე): მთავარი ტაძრის უკან, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, აშენდა საცხოვრებელი ბერებისათვის; მონასტრის კარიბჭესთან დაიდგა მონუმენტური ქვაჯვარი „ჭულევის ჯვართამაღლება“ (მოქანდაკე რ. კორშია).~

აღდგენით სამუშაოებში მონასტერს მხარში ამოუდგა თსუ მესხეთის ფილიალის (დირექტორი მ. ბერიძე), გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (დეკანი რ. კორშია). მათი დახმარებით ტაძარს შეება კარი, დამზადდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, დაიწერა ხატები, გაკეთდა კანკელი (ავტორი - გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის პედაგოგი ს. ჯვარიძე). ჭულევის სარესტავრაციო სამუშაოებს აფინანსებს გერმანიის საელჩო (ელჩი უვე შრამი). რესტავრაცია დღესაც გრძელდება. მესხეთის ფილიალის გარდა, სამუშაოებში 2003 წლიდან მონაწილეობენ თსუ (კახეთის მხარის) სიღნაღის ფილიალის სტუდენტებიც (ხელმძღვანელი გ. ჩერქეზიშვილი), რომელთა ექსპედიციაც 2005 წლის ზაფხულში დააფინანსა თეოლოგიის პროფესორმა ბერნარდ სუინ დე ბუტემარდმა (გერმანია). ბატონი სუინ დე ბუტემარდი და ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ქალბატონი მარგარეტ ვეგმანი (გერმანია) სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხების მოძიებას ახლო მომავალშიც გეგმავენ.

ამჟამად ჭულევის მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი დიმიტრი (კაპანაძე). მონასტრის კრებულს შეადგენენ: მღვდელმონაზონი გრიგოლი (ხურციძე), ბერმონაზონი საბა (სულაბერიძე) და სამი მორჩილი.

მონასტერი იმართება საბაწმინდური ტიპიკონით.

წყარო