ნიკო სამადაშვილის „უკანასკნელი ქრისტიანები“

  08:41:42     01-05-2012

1963 წლის 1 მაისს, თბილისში, გარდაიცვალა ქართველი პოეტი ნიკო სამადაშვილი.

ნიკო სამადაშვილი დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს სოფელ ხიდისთავში, გორთან ახლოს, მიხეილ და ოლღა სამადაშვილების ოჯახში. მალე ოჯახს ქალიშვილიც შეეძინა.

მომავალი პოეტი მცირეწლოვანი იყო მამა რომ გარდაეცვალა.

1917 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა.

1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლს მიაბარა, საიდანაც ერეკლე ტატიშვილმა წაიყვანა და საკუთარი ხარჯით მზრუნველობდა. სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში.

1928 წლიდან ბორჯომის რაიონის სოფელ საგდერში ცხოვრობდა და სოფლის დაწყებით, ოთხკლასიან სკოლაში ასწავლიდა.

1929 წელს დაბრუნდა თბილისში და ბურალტრად დაიწყო მუშაობა. დაქორწინებული იყო ორჯერ. მეორე ქორწინებიდან სამი შვილი შეეძინა.

1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით და 5 წელი მიუსაჯეს.

 მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" გამოვიდა 1973 წელს. მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა.

პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ნიკო სამადაშვილის ლექსს „უკანასკნელი ქრისტიანები“

ზურა კიკნაძე ნიკო სამადაშვილის წიგნის („წუთისოფლიდან უკვდავებამდე“), წინასიტყვაობაში წერდა:

„უკანასკნელი ქრისტიანები“, „ბეთანია“ მთლიანად გასენილია ტრაგიკული განცდით და ასოციაციებით, რასაც თავად ბეთანიის მიწა ინახავს. იქ მიმავალ პილიგრიმთა ხედვაში იღვიძებს ლეგენდა თუ ისტორია, ტაძრის სანახებს შენივთებული:  „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“, ამიტომაც „ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“, ისტორია: „აქ დანდობილა გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დილას“, ო რ შ ა ბ ა თ შ ი განსაკუთრებული სიმბოლო მარხია, რაღაც ხალხურ-ტრადიციული: „კვირაძლის მწუხრზე ჰგავდა ორშაბათს და გულის კვამლი უწვავდა თვალებს“ (ლექსიდან „დაითენთა“), ის ორი სტრიქონი ასე გრძელდება: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე - ჯალალედინის შემოკრულ სილას“. ლაშა - საქართველოს პერსონიფიკაციაა, ჯალალედინი - „საქართველოს უკვდავი მტერი“. და ეს ფრაგმენტი  გულისმომკვლელი ლეგენდისა თუ მითისა: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“, რასაც არაორაზროვნად ეხმიანება პილიგრიმთა ბედი. „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“, ამავე დროს, აქ ცხადად გამოსჭვივის სიმბოლიკა კეთილი მწყემსისა და მისი სამწყოსი.

ყველა ამ სასოწარკვეთილ სურათს აბოლოებს შემზარავი სანახაობა, ერთ სრტოფში გადმოცემული, რაც სავსებით ავლენს სამადაშვილისეულ თვალს და მანერას წერისას: „მათხოვარი ზის როგორც ობობა - მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“.

უკანასკნელი ქრისტიანები

1.  გამგზავრება

გავხედე ალგეთს, ბოკრო ფერდობებს,
ქეცათ შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირ ფერებით
და ხან ცხვრის ფარა კვერცხლბეკის ახლო.

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი.
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოსროლა ტაძრის გუმბათი.

დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა!
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.

ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო,
ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...

2. ხილვა

აქ დანდობილა გლეხი სახრეზე,
აქ შესწრებია ორშაბათ დილას.
ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე -
ჯალალედინის შემოკრულ სილას.

აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმაში ჩაუწნავს ბაფთის შაირი,
აქ თავის თითით ითხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.

ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულ დაწყვეტილი ექვსი ქართველი.

3. ვედრება

აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.

რომ ეთქვათ ქარებს - მადლი დედაშენს!..
თან ღმერთს შესჭროდა საყდრების გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,
ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა.

4. ლოცვის ანეული

კედელზე სანთლის შუქი იჭრება,
ჩანს, წმინდანებმა როდი მიგვიღეს,
რა გვეშველება წყეულ ნაბიჭვრებს,
თუ გზაც ავდრებმა გადაგვიტიხრეს.

დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის.
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.

მათხოვარი ზის, როგორც ობობა -
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.

5. თქმულება

აქ წრმართებიც მუხლებს იყრიდნენ,
როგორც ამბობენ - დიდ გიორგობას,
თურმე ამ ჯვარცმას რომ უყურებდნენ,
გვჭორავდნენ: "ხედავთ კაცობრიობას?!"

სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდი - გაყრიდა ნაგავს,
სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა
თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.

აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები
ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი.
გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი
და ალაგ - ალაგ ღვია და კვრინჩხი.


6. გამობრუნება

გზა ჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით
ქრებოდა განცდა - გზნების მომგვრელი,
უკან ყმუოდა - ხატის მიზეზით -
სახადშეყრილი ვარაზის მგელი.

ძნელია მუდამ გულდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით.
უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.