
კობა ხაბაზი: ივანიშვილის ქმედებები საღ აზროვნებას სცილდება...
07:53:49     01-05-2012
მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი კობა ხაბაზი „ქართული ოცნების“ ლიდერ, ბიძინა ივანიშვილს არც ბიზნესმენად და არც პოლიტიკოსად არ აღვიქვას, რადგან მიიჩნევს, რომ ის საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს ნაშოვნი ფულით გამდიდრებული ოლიგარქია, რომელსაც საქართველოში „რუსული ოცნების“ განხორციელება სურს. ხაბაზის შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკოსად ვერ შედგება, რადგან მისი მიზანი დაკავშირებულია მილიარდების შენარჩუნებასთან... პრესა.ჯი კობა ხაბაზს ესაუბრა:
- ბიძინა ივანიშვილის გუნდი „ცხელ პოლიტიკურ სეზონს“ აანონსებს, მათ გეგმებში აქციების გამართვაც შედის. როგორ შეაფასებთ კონკურენტების აქტივობას?
- „რუსული ოცნების“ განცხადება, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენციას გაუწევენ - სასაცილოა, რადგან თავად კარგად იციან, რომ ისინი მხოლოდ ოპოზიციონერების კონკურენტები არიან. ამას ის კვლევები ადასტურებს, რომელიც თავად და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარეს. ივანიშვილის კოალიცია ხვდება, რომ ისინი კონკურენციას თავს ვერ გაართმევენ, რადგან მხარდაჭერის მხრივ, მმართველ გუნდს ბევრად ჩამორჩებიან, ჩვენ ხმებს არათუ ვკარგავთ, არამედ პირიქით, ვინაიდან, მოსახლეობა საქართველოს აღმშენებლობით პროცესებს ძალიან კარგად ამჩნევს. ქვეყნის წინსვლა შეიძლება ბრმამ ვერ დაინახოს, ან სიძულვილით დაბრმავებულმა ადამიანმა.
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, ითქვა, რომ ამ კოალიციის ერთ-ერთ პრიორიტეტს ლიბერალური ეკონომიკა წარმოადგენს. მათ პროგრამასა და ხედვებს თუ გაეცანით?
- ხედვების წარმოდგენისას, საკუთარ თავს მეტად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ, რადგან ამ „რუსულ ოცნებაში“ სხვადასხვა პოლიტიკური ვექტორის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებულები. კერძოდ, ზოგი ნატო-სკენ მიისწრაფვის, ზოგიც რუსეთისკენ. თუმცა, მაგალითაც, როცა, მე რიგითი ამომრჩეველი ვარ და თან ალიანსის მომხრე, როგორ უნდა მივცე მათ ხმა? - ერთ-ერთი ლიდერი კი, საერთოდაც, ნატოში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია.
- ვის გულისხმობთ?
- გოგი თოფაძეს, რომელმაც ღიად და საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ინტეგრაციის კატეგორიული წინააღმდეგია. მათ გეგმა დაისახეს, რომ თითქოს, განსხვავებული ხედვების ადამიანების ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ სინამდვილეში? საბოლოოდ, ამომრჩეველი მხარს დაუჭერს არა - „რუსულ ოცნებას“, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
- თუმცა, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნება“ აქცენტს ნატოსა და ევროკავშირზე აკეთებს. მათი პოზიციების ცვლას, რას უკავშირებთ?
- ახლა, ნატოზე საუბარი ერთის მხრივ იმიტომ დაიწყეს, რომ ამით ამომრჩეველთა განწყობა მოიპოვონ და მეორეს მხრივ, რჩევა მიიღეს, რომ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, აქცენტი ევროინტეგრაციაზე გააკეთონ, მაგრამ აქ საგულისხმო ის არის, რომ მათ ეს საკითხი მმართველებთან შეათანხმეს, კერძოდ, ის რომ ილაპარაკონ ყველაფერი, რადგან მთავარია არა ის, თუ რას ლაპარაკებ, არამედ ის, თუ რას გააკეთებ. რეალურად კი, მათი მიზანი იქნება ხელი შეუშალონ - ალიანსში ინტერგაციასა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
- ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ითანამშრომლებს ყველა ძალასთან, გარდა ფსევდო-ოპოზიციის წარმომადგენლებისა. თუმცა, მან საკუთარ რიგებში, ცოტა ხნის წინ, გოგი თოფაძე მიიღო, რომლის პარტიასთან დაკავშირებთაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რიგ საკითხზე, ხელისფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდა. . .
- აჭარაში ცნობილი მოვლენების დროს, სისხლი დაიღვრებოდა, ფრთხილად რომ არ ვყოფილიყავით. მაშინ, ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ერთ ფრაზას იმეორებდა - უნდა მივცეთ შანსი ყველა ადამიანს, რომ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩაერთოსო. არ ვიტყვი, რომ თოფაძე ჩვენთან თანამშრომლობდა, მაგრამ ის ერთ-ერთ ბიზნესმენად განიხილებოდა და არა დიდ პოლიტიკურ ფიგურად. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ოპოზიციაში სასაცილო ვითარებაა შექმნილი, „ლეიბორისტები“ „რუსულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას გვაბრალებენ, „რუსული ოცნება“ კი „ლეიბორისტებთან“.
- თოფაძის მსგავსად, პოლიტიკოსად არც ივანიშვილს მიიჩნევთ?
- მას არც ბიზნესმენად და არც პოლიტიკოსად არ აღვიქვამ, რადგან ის საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს ნაშოვნი ფულით გამდიდრებული ოლიგარქია, რომელსაც საქართველოში „რუსული ოცნების“ განხორციელება სურს, თუმცა, ის პოლიტიკოსად ვერ შედგება, რადგან მისი მიზანი დაკავშირებულია მილიარდების შენარჩუნებასთან.
- კოალიციის პროგრამებზე საუბრისას, ექსპერტებმა ყურადღება სიმბოლოებზეც გაამახვილეს. მათი განცხადებით, ივანიშვილისთვის სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის თავის პარტიაში მეთორმეტე წევრი იქნება და ადრეც, მან მრჩეველთა საბჭოში თორმეტი ადამიანი შეიყვანა. პოლიტიკოსისთვის რა დატვირთვა აქვს სიმბოლოებს?
- ეს საღ აზროვნებას სცილდება, მაგრამ შეიძლება მას ოკულტისტები და ნათელმხილველების არმია ჰყავდეს, რომლებიც მას რჩევებს აძლევენ, ან ამ მხრივ, თავად იყოს ძალიან გამსჭვალული. მთავარია არა სიმბოლოები, არამედ ის, თუ რას გააკეთებ ქვეყნისთვის...