თავხელიძე: შეიძლება იმიტომაც იკრიბებიან სტადიონზე, რომ გაზაფხული შედარებით გვიან მოვიდა

  13:35:29     30-04-2012

„აღარ არის ის აჟიოტაჟი ოლიგარქის გარშემო, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის პირველ თვეებში იყო. ამის გამო, ბიზნესმენის გარემოცვა და კოალიციის წევრები ცდილობენ შეკრიბონ მხარდამჭერები და დაუმტკიცონ მათ, რომ ივანიშვილის ფიგურა ისევ  მუშაობს“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ექსპერტმა, მიხეილ თავხელიძემ.

„პრესა.ჯი“: რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული „ხალხმრავალი აქცია“? 

მიხეილ თავხელიძე:  ქუჩის აქციები ივანიშვილის კოალიციისთვის ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია. თუ ისინი ვერ მიაღწევენ შედეგს, ეცდებიან გამოიწვიონ ხალხის აგრესია ხელისუფლების წინააღდეგ და გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში. ეს მათი რიტორიკა, ჩვენ ქუჩაში არ გავალთ და ა.შ - ტყუილია. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ისინი გაჩეჩილაძეებთან თანამშრომლობენ. 

- ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია აქციებში რაიმე ფორმით მონაწილეობა. მოგვიანებით  მან „ჩვენება შეცვალა“ და განაცხადა, რომ „თუ არჩევნები გაყალბდება“ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ოლიგარქმა თარიღი გადმოწია და აქცია მაისის ბოლოს დაანონსა... 

- რაც შეეხება ქუჩის აქციების მაისში გამართვას და არა არჩევნების შემდეგ... ვფიქრობ, ეს პიარისთვის არის... აღარ არის ის აჟიოტაჟი ოლიგარქის გარშემო, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის პირველ თვეებში იყო. ამის გამო, ბიზნესმენის გარემოცვა და კოალიციის წევრები ცდილობენ შეკრიბონ მხარდამჭერები და დაუმტკიცონ მათ, რომ ივანიშვილის ფიგურა ისევ  მუშაობს... 

- რა შედეგის მომტანი იქნება  ეს აქცია მისთვის? თუკი მიზანი მხარდამჭერების მობილიზება და იმის დამტკიცებაა, რომ ივანიშვილი კვლავ ძლიერი ოპოზიციური კოალიცის ლიდერია, ამას ორდღიანი აქცია რაში სჭირდება? 

- უკვე მოლოდინიც აღარ არსებობს, რომ ივანიშვილი რაიმე პოლიტიკურ შედეგს მიაღწევს. ამ აქციით კი, კოალიციის წევრები შეეცდებიან აჩვენონ თავის მომხრეებს, რომ ისინი ისევ ძლიერები არიან და მხარდაჭერით სარგებლობენ. 

- იქნებ ბიძინა ივანიშვილს არეულობა აწყობს, ვინაიდან მისი რეიტინგი მმართველი გუნდის რეიტინგს ვერ აჭარბებს და 10 პროცენტს არ აღემატება? 

- მაინც ვფიქრობ, რომ მისი მხარდამჭერებისთვის იმართება ეს აქცია. ისეთი მოლოდინიები გაუჩინეს თავიანთ „გადამკვდარ“ მხარდამჭერებს, რომ მათ რომ ვერ მოიგონ არჩევნები, ეს უნდა ახსნან რაღაცით.  

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ახნის ამას ისე, როგორც მის კოალიციში შემავალი პარტიებისთვის არის დამახასიათებელი. ახლა აღარ იგრძნობა, რომ ივანიშვილი არის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური მოთამაშე. 

არჩევნებამდე აქციით სწორედ იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ ივანიშვილი კვლავ არის პოლიტიკური ლიდერი. სხვა შემთხვევაში ვერ გეტყვით რას ემსახურება ეს აქაცია. შეიძლება იმიტომაც იკრიბებიან სტადიონზე, რომ გაზაფხული შედარებით გვიან მოვიდა.