მ. კალინინის ფრაზა კორნელი კეკელიძის ნაშრომში
12:33:11     30-04-2012
კომუნისტების პერიოდში, როდესაც წიგნს გამოსცემდი, შესავალში აუცილებლად უნდა გამოგეყენებინა რომელიმე ბოლშევიკი „კლასიკოსი“ ბელადის, დიდი იდეოლოგის ფრაზები. სხვა გზა არ იყო...
ჩვენი დიდი მეცნიერები ცდოლობდნენ მოეძებნათ ისეთი გამონათქვამები თუ ციტატები „დიდი ბოლშევიკებისა“, რომლებიც მაქსიმალურად მისაღები იქნებოდა წიგნისა თუ ნაშრომის შინაარსისათვის. „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის“ შესავალში (კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე) კორნელი კეკელიძე წერდა:
„ქართველმა ხალხმა მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, კულტურის სხვა ფორმებთან ერთად, შექმნა მეტად მდიდარი და შინაარსიანი ძველი მწერლობა, რომელსაც გარკვეული ადგილი უკავია მსოფლიო ლიტრატურის ისტორიაში. მართალია, ამ ლიტერატურის ყველა ადრეულ ძეგლს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ იმის მიხედვიაც კი, რაც გადარჩენილია, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურაა მსოფლიოში“.
შემდეგ დამსახურებულ მეცნიერს მოაქვს ცნობილი ბოლშევიკის, საბჭოეთის კულტურის კომისრის, მიხეილ კალინინის სიტყვები ქართველი ხალხის შესახებ:
„მ. კალინინი ამბობდა: „ქართველი ხალხი კულტურის მხრივ ერთი უძველესია ხალხია ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხის კულტურა ჩაისახა ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინა ხანაში. იგი ვითარდებოდა მსოფლიოს უძველეს და უახლეს კულტურებთან ურთიერთმოქმედებაში; ვგონებ, ჩვენს ქვეყანაში არც ერთ კულტურას არ აქვს ისეთი ხანგრძლივი ისტორია, როგორიც ქართულ კულტურას“.
ამ შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო თვით კალინინსაც კი და არ მოგეწონოს კორნელი კეკელიძის მახვილგონიერება...
აღნიშნულ წიგნში კორნელი კეკელიძე წერდა: „მართალია, ის მოთხრობები, რომელთაც ბიბლიურ წიგნებში ვპოულობთ, არ არიან ქართული წარმოშობის, მაგრამ იმდენი რედაქციული ცვილებადობა განუცდიათ მათ, იმდენად შესისხლხორცებიან ქართულ ლიტერატურულ გემოვნებასა და შეგნებას, რომ აქ წაშლილია საზღვარი უცხოურსა და ეროვნულს შორის. ამის მაჩვენებელია, თუ გნებავთ, შემდეგი გარემოება: ქართველები თავის ეპონიმად (შესაქ. X, 3) თარგამოსს (თარღამა) თვლიდნენ, ბიბლიური მოსოხი (შესაქ. X, 2) ითვლებოდა მესხების ეპონიმად, ხოლო თობელი (შესაქ. X, 2) იბერებისა. ქართველ მეფეებს, რომელნიც თავის თავს ნებროთს (შესაქ. X. 8-10) ადარებდნენ, ბიბლიური მეფეები დავით და სოლომონი თავის წინაპრებად მიაჩნდათ. თითქმის ყველა საკუთარი სახელი, რომელიც ბიბლიაში გვხვდება, ქართულ ეროვნულ სახელად ქცეულა. როგორც ყველა ქრისტიან ხალხში, ისე ჩვენშიც ბიბლიური მოთხრობანი ადგილობრივი მწერლობის ღვიძლ შვილად გამხდარან“.
ამგვარად აკავშირებდა ბიბლიასა და ქრისტიანულ კულტურას ქართველი ხალხის თვითშეგნებას კორნელი კეკელიძე, და არა ბოლშევიკურისას. შეიძლება მის ზოგიერთ დასკვნას არ დაეთანხმო, მაგრამ, მან დიდი ამაგი დასდო ძველი ქართული ლიტერატურის კვლევას...
დღეს კორნელი კეკელიძის დაბადების დღეა. მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია.
კორნელი კეკელიძე დაიბადა 1879 წლის 18 (ახალი სტილით 30) აპრილს.
დღევანდელი საქართველო და განსაკუთრებით, ჩვენი მომავალი, რომელიც უსათუოდ ნათელი და ლამაზი გვექნება, ჩვენი ხალხის უძველესი კულტურიდან იღებს მაცოცხლებელ ენერგიას. ძველი ქართული ლიტერატურა არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო, საკაცობრიო კულტურისა. მისი შესწავლით და პოპულარიზაციით ქართველ ხალხს დიდი სტიმული ეძლევა, ხოლო მსოფლიო რწმუნდება ჩვენს მნიშვნელობაში და უფლებებში, როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის კორნელი კეკელიძეს.
მომავალი მეცნიერი დაიბადა სოფელ ტობანიერში (ახლანდელი ვანის რაიონი), სამსონ კეკელიძის მრავარიცხოვან ოჯახში. კეკელიძეები მდინარე გუბაზოულის აუზის სოფლებიდან არიან. მისი წინაპარი სოფელ ზოტიდან გადასახლებულა ტობანიერში. მამა მედავითნე იყო. დედას თებრონე რქმევია. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა.
წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. მამას უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა. სკოლის ინსპექტორის ივანე გაფრინდაშვილის, - მომავალი პოეტის, ვალერიან გაფრინდაშვილის მამის, - დახმარებით მომავალი აკადემიკოსი უფასოდ ჩარიცხეს სასწავლებლის ინტერნატში. შემდეგ, კორნელი კეკელიძე შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. კეთილი ადამიანის, სემინარიის ინსპექტორის იოანიკის დახმარებით მოაწყვეს სემინარიის პანსიონში, თორემ სამსონ კეკელიძე შვილს თბილისში ვერ შეინახავდა. 1896 წელს დედა გარდაეცვალა, ორი წლის მერე მამა. ოჯახს უფროსი და და სიძე, ამფილოქე ცინცაძე ეხმარებოდნენ. სემინარიის დახმარებით, როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, შესაძლებლობა მისცეს "სახელმწიფოს ხარჯზე" ესწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა. მოეწყო სიტყვიერების ფაკულტეტზე.
ნიკო მარისა და მიხეილ ჯავახიშვილის სამეცნიერო მოგზაურობის შედეგებმა დიდი ინტერესი აღძრა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებისადმი ევროპაში. კორნელი კეკელიძე მერე წერდა: „ჩვენი მდიდარი კულტურის შესწავლა, ჰარნაკის (გერმანელი მეცნიერი. გ. მ.) აზრით, მხოლოდ გერმანელი მეცნიერებისაგან იყო მოსალოდნელი. მე კი ვფიქრობდი, ჯერ კიდევ მაშინ, რომ ეს საქმე პირველ ყოვლისა უნდა თვით ქართველებმა იკისრონ; რომ თუ ვისმე შეუძლია ეს, პირველ რიგში ქართველ მეცნიერებს. ამისათვის საჭირო არაა, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი სწერდა ერთხელ აკად. მ. ბროსეს, ევროპელებს ველოდოთ. ამ გარემოებამაც წარმართა ჩემი სამეცნიერო ინტერესები, მე განვიზრახე ჩემი წვლილიც შემეტანა ამ დიდს, თავისთავად საჭირო და აუცილებელ საქმეში."
კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. იგი ყველა საქმის შუაგულში ტრიალებდა, რომელიც მიმართული იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „Литургические грзинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значуние“ („ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“). 1905-1906 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში, მერე თბილისში. მონაწილეობას იღებდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1907 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია, იმავე თემაზე, რომელიც საკმაოდ განავრცო. ეს ყოფილა პირველი შემთხვევა რუსეთის იმპერიაში, როცა აკადემიაში ქართველი ქართულ თემაზე იცავდა დისერტაციას. მის მასწავლებელი სარეცენზიო წერილში წერდა: ნაშრომს „აღბეჭდილი აქვს ის პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა, რომლის აუცილებელი გავლენის ქვეშ იმყოფება ახალგაზრდა ავტორი - თავისი მშვენიერი, მაგრამ უბედური სამშობლოს კანონიერი შვილი. აღზრდითაც და სამსახურეობრივი მდგომარეობითაც კი იგი იმყოფება თანამედროვე ცხოვრებისა და ლიტერატურის ნაციონალისტურ მოძრაობათა შუაგულში“.
კორნელი კეკელიძემ უარი თქვა კიევის აკადემიაში კათედრა ჩაებარებინა და სამშობლოში დაბრუნდა, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა მისნაირი შვილები.
თედო ჟორდანია, მისი პედაგოგი სემინარიიდან, კორნელი კეკელიძეს სწერდა:
“მივიღე ძვირფასი საჩუქარი-თქვენი ახალი წიგნი „Иурусалимский Канонар“ (რომელმაც დაიმსახურა მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია. გ. მ.) თვალი გადავავლე და მადლობა შევწირე ღმერთს, რომელმაც აღმისრულა მე ჩემი წადილი: როგორც იყო ამ ბოლო ჟამს მოგვივლინა ქართველებს გამჭრიახი, საქმიანი და მცოდნე გამომძიებელი ქართული ხელნაწერებისა... აქამდის თუ პატივსა გცემდით, ახლა ძმაზე უძმესი ხართ ჩემთვის... თქვენი მეცადინეობა, ახალგაზრდობა, ნიჭი, ცოდნა, სიყვარული მეცნიერებისადმი ჭეშმარიტს, უმწიკვლოს მოჰფენს დიდებულს ისტორიას...
…თქვენი უკანასკნელი შრომა არის გვირგვინი თქვენი ნაშრომებისა, ღირსი სამეცნიერო დოქტორობის ხარისხისა (დაუცველად). თქვენი ყოფილი მასწავლებელი დღეს თქვენ ათასჯერ მეტად გაფასებთ, ვიდრე დღემდი.
დამიჯერე, ჩემს ძმასთან უძმესო კორნელი, რომ ჩვენ უნდა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ დასაცველად ჩვენის მწერლობა-ისტორიის ღირსებათა. რაც კარგი ვნახოთ, ის შევითვისოთ, გამოვააშკარავოთ, გამოვაბრწყინოთ, ხოლო ნაკლულევანებანი, დეე, მტრებმა ეძიონ“.
1912—1917 წლებში თანამშრომლობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოსთან, „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. 1916 წელს დაინიშნა ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926—1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1942—1949 წლებში ხელმძღვანელობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს და სხვა.
შეუფასებელია ის ღვაწლი და თავდადებული, ტიტანური ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა კორნელი კეკელიძემ ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის საქმეში. როგორც ვთქვით, თვითონ ეძებდა და პოულობდა მუზეუმებში, ფონდებში, კერძო კოლექციებში ქართული ლიტერატურის ძეგლებს. შეისწავლიდა და სამეცნიერო გამოცემებს ამზადებდა. კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია" დღესაც ისწავლება უნივერსიტეტში და დღესაც ზრდის ქართული ლიტერატურის ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტებს თუ მომავალ სპეციალისტებს. ძველი ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა საკითხზე და პრობლემაზე აქვს ნაშრომი დიდ ქართველ მეცნიერს კორნელი კეკელიძეს. ასევე ძველი ქართული ლიტერატურის მიმართების შესახებ თანამედროვე მსოფლიო (ბიზანტიურ და სპარსულ) ლიტერატურასთან და სხვა.
კორნელი კეკელიძე იცავდა საქართველოს ეკლესიის ინტერესებს და ამტკიცებდა ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას. მისი შრომები, მისი კვლევები ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთი საფუძველია, როგორც იმ დროინდელი, ისე მომავალი პერიოდების ეროვნული მოძრაობისათვის. დაუფასებელია კორნელი კეკელიძის ამაგი საქართველოსადმი.