ორთუბნის ციხე-ქალაქი (მძოვრეთი, ძამის ციხე)

  12:00:57     30-04-2012

ორთუბანი ქარელის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ციხე-ქალაქია, რადგან აქ ამ მიწების მფლობელი მთავრების, ციციშვილების რეზიდენცია და საცხოვრებელი მდებარეობდა XVII-XVIII საუკუნეებში. აქ დიდი ქართველი მოღვაწის, ზაზა ციციშვილ-ფანასკერტელის საპატივსაცემოდ ყოველწლიურად დღესასწაული იმართება, რადგან ეს დიდებული მოღვაწე სწორედ ამ მიწების მმართველი იყო და მან ააშენა ციხე-ქალაქი მძოვრეთიც, სადაც თავდაპირველად უმთავრესად სომხები და ებრაელები ცხოვრობდნენ. აქ მდებარეობდა ციციშვილების სასახლე, ციხე-დარბაზი და ცნობილი აბანო. ორთუბანში ახლაც შემონახულია თაღოვანი და გუმბათოვანი აბანოები. სასახლე ახლა თითქმის აღარ არსებობს, ხოლო ძველად ის დიდი, ორსართულიანი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც თითოეულ სართულზე 3 დარბაზი ჰქონდა. სასახლის უკან იდგა მაღალი კოშკი, რომელიც რთული და მკვრივი ნაგებობა იყო. ქარელის რაიონის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიური ძეგლი დგას, მაგრამ მათ შორის დედათა მონასტერი ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან ის იმ პერიოდის სხვა საეკლესიო ძეგლებს სრულიად არ წააგავს და მეტად უცნაური ხუროთმოძღვრებითაა აგებული.

ზაზა ფანასკერტელი

ეს კიდევ უფრო ზრდის ინტერესს ამ მშვენიერი ადგილის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ნიმუშია გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა. ორთუბნის ციხე-ქალაქის ყველაზე გამორჩეულად საინტერესო და ისტორიული ადგილი ძამის ციხეა, რომელიც “მატიანე ქართლისაში” მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის მეფის, კონსტანტინესა და მის ძმას შორის მომხდარი დაპირისპირების ადგილი. თეოდოსი შეუკავშირდა ძამის ხეობის გამგებელს, რომელთან ერთადაც ძამის ციხეში გამაგრდა, თუმცა კონსტანტინემ სამთვიანი ალყის შემდეგ აიძულა ისინი დანებებულიყვნენ. XI-XII საუკუნეებში ძამის ციხეს ქართლის ერისთავთ-ერისთავი განაგებდა.

როსტომ მეფე

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ციხი გამგებლები იყვნენ გამრეკელ-თორელები. დავით VIII-ს მეფობისას მცირე ხნით ძამის ციხეს ოსები დაეპატრონნენ. ძამის ციხის სიმტკიცე და მიუვალობა საგანგებოდ აქვთ ხაზგასმული თემურ-ლენგის კარის ისტორიკოსებს. 1400 წელს აქ მოხდა თემურ ლენგისა და გიორგი VII-ს ჯარებს შორის ბრძოლა მოხდა. მეფე ციხეში იყო გამაგრებული და 7 დღეს მამაცურად იგერიებდა ურიცხვ მოღოლ-თათარს, თუმცა შემდეგ თავად თემურ-ლენგი ჩაუდგა სათავეში ჯარს და მძაფრი იერიშების შედეგად მოახერხა მისი აღება საალყო მანქანების დახმარებით. ძამის ციხის სიმაგრეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როდესაც ნოდარ ციციშვილი როსტომ მეფეს აუჯანყდა და ძამის ციხეში გამაგრდა, როსტომმა ზარბაზნებით ბრძანა ამ სიმაგრის განადგურება, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან ციხის მტკიცე კედლებმა ქვემეხების ყუმბარებს გაუძლეს. როსტომ მეფემ ვერანაირი ზიანის მიყენება ვერ მოახერხა ნოდარ ციციშვილის სიმაგრისთვის.

თემურ-ლენგი

VII-XVIII საუკუნეებში აქ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა ოსმალებთან და ლეკებთან. მიუხედავად ამისა ციხემ გაუძლო მტრის იერიშებს და დღემდე შემორჩა. სახელწოდება მძოვრეთი ლეგენდიდან მოდის, რომლის მიხედვითაც აქ ამოხოცილი მეციხოვნეების გვამები მძორად იქცა და აყროლდა, რის გამოც ციხეს მძოვრეთი უწოდეს. ციხე-სიმაგრე ღალატით დაეცა, ხოლო მოღალატეს ოსმალებმა ორი თუმანი აჩუქეს, რის გამოც ამ ადგილს ორთუბანიც ეწოდება. მძოვრეთი აგებულია თლილი და ნატეხი ქვით და მეტად მტკიცე ნაგებობაა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამდენი ომების შემდეგაც კი ციხე კვლავ აღმართულია და მნიშვნელოვანი ზიანი არ აქვს მიყენებული.

მძოვრეთი

ზოგადად ორთუბანი ძველი, ფეოდალური ქალაქის ტიპიური ასლია და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ციხე-ქალაქები საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის საერთოდ აღარ არსებობს. ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს, მისი აგება უშუალოდ უკავშირდება ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის გადმოტანას სამწევრისიდან. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა.

ორთუბნის დედათა მონასტერი

ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი უკავია, ადრეულ პერიოდში მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებულია ნატეხი ქვით, საკურთხეველი გამოყოფილია მასიური კანკელით. ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია სამსართულიანი კოშკი.

ნიკა ხოფერია

წყარო: მსოფლიოს სამხედრო ისტორიის ბლოგი