ცხინვალში აგვისტოს ომის რუსულ ვერსიებს აპროტესტებენ

  10:46:17     30-04-2012

როგორც ირკვევა, ცხინვალსა და მოსკოვს აგვისტოს ომის განსხვავებული ვერსიები ჰქონიათ, რომელზეც ისინი დღემდე ვერ თანხმდებიან.

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელდა ინტერვიუ 58-ე არმიის ყოფილი მეთაურთან, აგვისტოს ომის მონაწილე გენერალ ანატოლი ხრულევთან, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ცხინვალელები განარისხა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როგორც ადგილობრივი გაზეთის „რესპუბლიკას“ ავტორი ანდრეი კოჩიევი წერს, გენერალმა ინტერვიუ „თავიდანვე ფაქტების დამახინჯებით დაიწყო“ და საერთოდ უარყო და დააკნინა თავად ოსების როლი 2008 წლის 5-დღიან ომში, შესაბამისად, კონკრეტული ბრძოლების, მაგალითად, ცხინვალის მისადგომებთან ქართველების წინააღმდეგ „მედგარი წინააღმდეგობის“ მთელი სცენაც ზღაპრული ტყუილებით გააფორმა.

თანაც, პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსები ამ ომის ფაქტებს ამახინჯებენ და ამიტომ, შეახსენებენ ჩინიანებსაც და უჩინოებსაც, რომ „ასეთი გმირული ზღაპრები, შესაძლოა, რუს ობივატელს“ მოუყვნენ, „მაგრამ, როგორღა აპირებს ამის შემდეგ ამხანაგი გენერალი უბრალო ოსებს ჩახედოს თვალებში, თუ რა თქმა უნდა, აპირებს ჩახედვას“ - კითხულობს განრისხებული კოჩიევი. ის რუს გენერალს ერთ-ერთი რუსული ფილმის გმირს - სამოხვალოვს ადარებს და ბრძოლის რამდენიმე ეპიზოდის „ოსური ვერსიების“ აგიტაციას ეწევა. ცხინვალელი ავტორის თქმით, რუსების მიერ ფაქტების დამახინჯებამ უკვე „ფართო ხასიათი“ მიიღო და ამას თავად აგვისტოს ბრძოლების მონაწილე რუსი სამხედრო პირები აკეთებენ. ის მაიორ-სერჟანტ-გენერლების ინტერვიუებს ჩამოთვლის და ამბობს, რომ ყველა მათგანი, ფაქტობრივად, ცრუობს.

ბოლოს კი ყოველი შემთხვევისთვის, შეახსენებს მათ, რომ „სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფორპოსტია, ხოლო მისი დაკარგვა რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვას ნიშნავს“.