აკაკი მინაშვილი: ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში, სამოქმედო გეგმას წარმატებით გავდივართ

  06:44:45     29-04-2012

ბოლო 13 წლის განმავლობაში, ნატოს სამიტი პირველად ამერიკაში, კერძოდ, ჩიკაგოში, მაისში ჩატარდება. სამიტზე ძირითადი განსახილველი თემა ავღანეთი იქნება, თუმცა, მსჯელობა ასევე გაიმართება - ნატოს მოდერნიზაციასა და  ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე. მართალია, ჩიკაგოს სამიტზე, მოკავშირეები ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაგრამ ისინი მკაფიო, პოზიტიურ მესიჯს გაუგზავნიან ასპირანტ ქვეყნებს, მათი ნატოში გაწევრიანების მიზნის მხარდასაჭერად. ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით, რა მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს? - პრესა.ჯი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს ესაუბრა:  

- ჩიკაგოს სამიტი ახლოვდება და რა მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ  ამ მოკლე ვადაში, საქართველომ ძალიან დიდი გზა გაიარა, რაც ყველას მიერ აღიარებულია, მათ შორის, ნატოს გენერალური მდივნის მიერ. ქვეყანამ ძალიან ბევრ რეფორმაში ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმები დასრულდა, პირიქით, ბევრი გამოწვევა და საკითხია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, ეს ნორმალური პროცესია. თქვენ ხედავთ, რომ საქართველო აღიარებულია  ასპირანტ ქვეყნად, ანუ იმ სახელმწიფოებთან ერთად განიხილება, რომლებიც ძალიან მალე ნატოს წევრები გახდებიან. ეს თავისთავად, დიდი წარმატება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს სამიტი გაფართოებაზე არ არის მიძღვნილი და იქ ავღანეთის ოპერაციაზე იმსჯელებენ, სამიტზე კიდევ ერთხელ იქნება აღიარებული ქვეყნის წინსვლა, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში.

- გარდა იმისა, რომ სამიტზე დაფიქსირებული იქნება ქვეყნის პროგრესი და საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში, თუ დასახელდება კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ქვეყანა ნატოს წევრი ვერ ხდება და მეორეს მხრივ, თუ გაჟღერდება თარიღი, როდის შეძლებს ქვეყანა ალიანსის წევრობას?

- წინასწარ ამაზე საუბარი შეუძლებელი და არასერიოზულია, რადგან არ არსებობს პრაქტიკა, რომ როდესმე, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კონკრეტული თარიღი დაასახელოს, თუ როდის გახდები მისი წევრი. როცა საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ნატოზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რამდენიმე ფუნდამეტურ პრინციპს ემყარება და ბუნებრივია, გარკვეული ვადები და პროცედურები არსებობს, რომ ამ ორგანიზაციის წევრი გახდე. ამიტომ, ვადების დასახელება მიუღებელი პრაქტიკაა, თუ ეს არ არის საბოლოო ეტაპი, როდესაც ლოჯისტიკურად გაინტერესებს თარიღი, თუ როდის ხდები ორგანიზაციის წევრი. ინტეგრაციის პროცესში, სამოქმედო გეგმას წარმატებით გავდივართ. ეს მექანიზმია, რომლითაც დემოკრატიულობის კუთხით თანამშრომლობა ხდება. საქართველო ნატოსთან ინტერგაციის პროცესში, ყველა სამიტზე ახალ საფეხურზე ადის და ასე იქნება ჩიკაგოს სამიტზეც. წინ მივიწევთ და ვადებიც ნორმალურია, რადგან გარკვეული პროცედურების გავლა გვიწევს, ასე მოხდა - ესტონეთის, ლატვიას, ლიტვასა და ალბანეთის შემთხვევებშიც.

- ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ. თინა ქეიდანაუმ აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის. ამასთან, ჯონ მაქკეინმა ჰილარი კლინტონს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა. სამიტის წინ, ამ გავლენის პოლიტიკოსების მხრიდან, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტიურობა?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენი არიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა განცხადებებს მაღალი პოლიტიკური წონა აქვს. ეს გზავნილები მოქმედებს როგორც ამერიკის ადმინისტრაციაზე, რომელსაც პრინციპში, ნატოსთან მიმართებაში ბევრი დარწმუნება არ სჭირდება, რადგან ამ საკითხზე, თავად ადმინისტრაციას აქვს მტკიცე პოზიცია და ეს  ბევრჯერ დაფიქსირდა, მეორეს მხრივ, ეს მესიჯები განკუთვნილია ალიანსის წევრებისა და საქართველოს მოკავშირეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება მუდმივად ინტენსიურად და სწრაფი ინტერვალებით ხდება. ამერიკაში, საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნის როლის აღიარება ხდება. კერძოდ, ის, რომ საქართველო არა მარტო მომხმარებელია ამ ღირებულებების, არამედ მიმწოდებელია იგივე უსაფრთხოების.  ამ პოზიციების დაფიქსირება მნიშნელოვანია ოკუპაციის ფონზე, რადგან პრობლემის დაძლევის საშუალება საერთაშორისო დიპლომატია და პოლიტიკური ზეწოლაა. 21-ე საუკუნე თვისობრივად განსხვავებული პერიოდია, პროცესები უფრო დინამიურად  მიმდინარეობს და დეოკუპაციის პროცესი უფრო სწრაფად  მოხდება, ვიდრე ეს  აღმოსავლეთ გერმანიისა და ავღანეთის შემთხვევებში მოხდა. მაშინ არავის ეგონა, რომ ასეთი ტიპის ოკუპაცია დასრულდებოდა.

- ნატოს ყოველ სამიტს ქართულ საზოგადოება გარკვეული მოლიდინით და იმედით ელოდება. მართალია, თქვენ აცხადებთ, რომ ჩიკაგოს სამიტზე, პროგრესი დაფიქსირდება და ახალი გეგმა გაჟღერდება, თუმცა კვლავ მოლოდინის რეჟიმი ამ ორგანიზაციის მიმართ ხალხის განწყობას ხომ არ შეცვლის?

- ვფიქრობ, რომ არა, რადგან ნატო არა მხოლოდ მკაფიო განცხადებებს აკეთებს, არამედ მტკიცეა მოქმედებებშიც და ამას ქართული საზოგადოება ხედავს. თვისობრივად, ამ ოჯახის წევრები ვართ და ტექნიკური საკითხია, ორგანიზაციის წევრი როდის გავხდებით. მუდმივად წინსვლა და ახალ საფეხურებზე ასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ, ეს კი მნიშვნელოვანია არა მარტო უსაფრთხოებისთვის, არამედ იმ რეფორმებისთვის, რომელიც ხორციელდება. მაგალითად, ინვესტორი, რომელსაც საქართველოში რესურსების ჩადება სურს, ფიქრობს, ქვეყანაში ბიზნესის კეთებისთვის კარგი პირობებია, მაგრამ ის ოკუპაციას ითვალისწინებს, თუმცა, როდესაც აცნობიერებს, რომ საქართველო ნატოს პარტნიორია, ის ინვესტიციას თამამად აბანდებს. 

- რაც შეეხება რუსეთს, კრემლი ნატოსთან მიმართებაში გაღიზიანებას უკვე აღარ მალავს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა მოსკოვს აღიზიანებს. . .

- რაც უფრო იზრდება ჩვენი წარმატება და რაც უფრო მეტი რეფორმა ხორციელდება, მოსკოვი უფრო მეტად ღიზიანდება. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ეს ისტერია უფრო მეტად მატულობს, რაც იმას ნიშავს, რომ ქვეყანა უფრო და უფრო წარმატებული ხდება. თვითკმაყოფილები არ ვართ, პრობლემებს ვაფასებთ და ამის მოსაგვარებლად, ახალ ინიციატივებს ვამზადებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და ჯანდაცვა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ წარმატებები აშკარაა. ჩვენი მიზანია კონკურენტუნარიანნი გავხდეთ და ამიტომ, მუდმივად, ხარვეზების ადეკვატურ ანალიზს  ვაკეთებთ.

- თუმცა, მოსკოვის მზარდი ისტერია რა საფრთხების მატარებელია? 

- საქართველო რაც უფრო წარმატებული იქნება, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება,  რომ რუსეთმა პროვოკაციული მოქმედებები განახორციელოს. ერთია, რომ რუსეთი ძლიერია, მაგრამ დასავლეთთან შედარებით ეს ძალიან მყიფეა, თუნდაც ეკონომიკური და სამხედრო კუთხით, მითია, რომ რუსეთი უძლეველი სახელმწიფოა. მოსკოვს ამერიკასთან ურთიერთობის სურვილი ყოველთვის აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში, მოსკოვი ეკონომიკურ კრახს განიცდის.  საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ქვეყანა მეზობლებისთვის და მოკავშირეებისთვის კიდევ უფრო სასურველი ხდება. ის რომ რეფორმების კუთხით სამაგალითოები ვართ,  მის გარანტიას გვაძლევს, რომ მსგავსი პროვოკაცია არ მოხდება. საბოლოო ჯამში,  ქვეყნის ამ განვითარებით და მტკიცე პოზიციებით იმას მოვახერხებთ, რომ უფრო მეტად დაცულები ვიქნებით და დეოკუპაცია მალე განხორციელდება. მჯერა, რომ დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ დაინახა, რომ მათი რეგიონების სწრაფი განვითარების შანსი ერთიანი საქართველოა. ვფიქრობ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ამისკენ სწრაფვა უკვე არსებობს.