პუტინი, ხელისუფლებაში მოსაყვანად, ჯარს ამზადებს
16:09:33     28-04-2012
ვლადიმერ პუტინი მომავალი პარლამენტისთვის დასაყრდენს იმზადებს. ასე შეაფასეს ექსპერტებმა ახალი ინიციატივა, რომელიც რუსეთში სამხედროებმა წამოაყენეს. ამ ინიციატივის თანახმად, მალე რუსეთში ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ორი ახალი პარტია შეიქმნება, რომლებიც მთლიანად სამხედროებით დაკომპლექტდება.
იგეგმება, რომ ერთ-ერთი მათგანი - „Защитники отечества“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Офицеры России“-ს ბაზაზე შეიქმნება. ხოლო აღორძინებული პარტია „Родина“ თავის რიგებში „Справедливая Россия“-ს მომხრეებს მიიზიდავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Офицеры России“, რომელიც ვლადიმერ პუტინის სახალხო ფრონტის შემადგენლობაშია, რასაკვირველია, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ პარტიას შექმნის და ამას არც მალავს. ეს იქნება პარტია მათთვის, ვისაც სამხედროებისთვის ხმის მიცემა სურთ და სხვა ყველას მხარდაჭერაზე უარს ამბობენ, - აცხადებენ მისი მესვეურები.
„მე ადამიანები რეგიონებში მეუბნებიან, ღმერთო, როდისღა შეიკრიბებით სამხედროები? ჩვენ თქვენი გვჯერა, რომ გულწრფელად მიუდგებით პრობლემების გადაჭრას და დაგვეხმარებით. ასე რომ, ჩვენზე დღეს მოთხოვნაა“ - ამბობს „Офицеры России“-ს თავმჯდომარე, ნიკოლაი სობოლევი.
პარტიის ძირითადი იდეოლოგია უკეთილშობილესია: პატრიოტიზმი, ახალგაზრდობის აღზრდა, ოჯახი, განათლების რუსული მოდელი, რწმენა და სულიერება. ასევე, ოფიცრები სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაც იბრძოლებენ. მათ აქვთ ამბიცია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება მხოლოდ იმ ადამიანებით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებმაც სამხედრო სკოლა გაიარეს და ჯარში იმსახურეს.
ახალ პარტიას სურს, რომ მხარი დაუჭიროს არა ზოგადად ხელისუფლებას, არამედ თავად ვლადიმერ პუტინს. ამბობენ, რომ თავის დროზე მონაწილეობდნენ კიდეც პუტინის მხარდამჭერ მიტინგებში.
ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი მმართველმა პარტიამ. „ედინაია როსია“ სამხედროთა პარტიების შექმნას „სწორ იდეას“ უწოდებს.
პოლიტიკური პროექტის „Родина“-ს აღორძინებაც ხელისუფლების სასარგებლოდ მოხდება. ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც თავის დროზე ახლანდელი ვიცე-პრემიერი დიმიტრი რაგოზინი სახელმწიფო დუმაში გაიყვანა.
პროექტი „Родина“ აღდგება, რათა მანაც მხარი დაუჭიროს პუტინის სახალხო ფრონტს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის კი მსხვილ პოლიტიკურ პარტიად გადაიქცევა. ახლაც მიმდინარეობს რეანიმაცია იმ ბრენდებისა, რომლებიც მომავალში სახელისუფლო პარტიის რიგებს შეავსებენ - განაცხადა პოლიტოლოგმა ანდრეი მუხინმა.