ბაჰჩე შეჰირის უნივერიტეტში, დავით ბაქრაძე ლექციებს წაიკითხავს

  15:47:18     28-04-2012

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკურ სკოლაში, სადაც 150 000 სტუდენტი სწავლობს, საპატიო დოქტორანტის რანგში, ლექციებს წაიკითხავს.

უნივერსიტეტში, სადაც 70 კოლეჯია გაერთიანებული, დავით ბაქრაძეს  ლექციის წაკითხვა უნივერსიტეტის რექტორმა, შენაი იალჩინიმ და დამფუძნებელმა, ენვერ იუჯელიმ შესთავაზეს, რომელთაც პარლამენტის სპიკერს, საქართველოში სტუმრობისას, უნივერსიტეტის სამომავლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი თურქეთის უდიდეს უნივერსიტეტთა სამეულში შედის და ის, ქართველ სტუდენტებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პროექტების განხორცილებას გეგმავს. კერძოდ, უნივერსიტეტი საქართველოდან ჩასულ სტუდენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით სწავლას, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უფასო განათლების მიღებას სთავაზობს.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მსგავს შეთავაზებებს ხშირად იღებს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვედრა იყო.

2011 წლის ბოლოს, ოქსფორდის ინგლისურენოვანი ლექსიკონის გამოცემა მოხდა, რომლის სახელწოდება „21 საუკუნის 2000 გამოჩენილი ინტელექტუალი“ იყო. ბაქრაძემ ამასთან დაკავშირებით, კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრიდან წერილი მიიღო, სადაც მას სთავაზობდნენ, რომ წიგნის პრესტიჟული გამოცემის ფურცლებზე მისი ბიოგრაფიული და პერსონალური მონაცემები მოხვედრილიყო.

“ჭკვიანი და განათლებული ადამიანი - ამ განსაზღვრების შესაბამისად, დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას“, – ნათქვამი იყო წერილში, რომელსაც ხელს კემბრიჯის ცენტრის გენერალური დირექტორი აწერდა.

“21 საუკუნის გამოჩენილი ინტელექტუალი“ 2011 წელს, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასევე, ვაშინგტონისა და ბრიტანეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში გავრცელდა.