სახალხო გმირები ქართული ფოლკლორიდან - ივანე ფარეში (სიხარულიძე)

  13:23:10     28-04-2012

ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია!

მხოლოდ ამგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქართველ ადამიანს თავისი თანამემამულეების მიმართ, მიუხედავად იმისა, მისი წინაპრები სოციალური კიბის რომელ საფეხურზე იდგნენ რამდენიმე საუკუნის წინ...

დღეს ქართველებს ბევრი ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. უამრავი გამოწვევაა ჩვენი სამშობლოს წინაშე. საქართველო საომარ ვითარებაშია. ამიტომ მაქსიმალური  კონსოლიდაცია გვჭირდება, გვჭირდება ეროვნული ერთობა...

ყოველ გვარი, ყოველ მოქალაქე უმნიშვნელოვანესია ამ ვითარებაში.

ყოველი ქართული გვარი გმირი წინაპრების შთამომავალია. ამის შესახებ გადმოცემები შემონახულია წერილობით წყაროებში და განსაკუთრებით, უმდიდრეს ქართულ ფოლკლორში...

დღეს ვიწყებთ ახალ რუბრიკას - ყოველი ქართული გვარი კეთილშობილშია, გმირების გვარია ანუ სახალხო გმირები ქართული ფოლკლორიდან.

გარდა ფოლკლორისა, გამოყებული იქნება სამეცნიერო შრომებიც და სხვა.

ჩვენი წინაპრები პიონერები იყვნენ მიწათმოქმედების საქმეში, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა დააყენეს ღვინო, მითების მიხედვით, კავკასიასთანაა დაკავშირებული ცეცხლის გამოყენების დაწყება კაცობრიობის მიერ, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა ჭედეს ლითონი...

მათი შთამომავლები ახლა განფენილნი არიან სხვადასხვა ქართულ გვარებად. ქართული ფოლკლორი, ლექსები, გადმოცემები გვიამბობენ ქართველი თავდადებული ადამიანების გმირულ და კეთილშობილურ საქმეებზე. გამოვიტანოთ ეს საგანძური ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, გავაცნოთ ქვეყანას ქართველი გმირები, რომელთა შესახებ ფოლკლორი გვიამბობს. კვლავ გავიაზროთ სხვადასხვა გვარის ქართველებმა, რომ საამაყოა ყოველი ქართული გვარი.

ამგვარად გავიხსენებთ უსახელო ავტორებსაც შესანიშნავი ლექსებისა თუ თქმულებებისა, რომლებიც გვიამბობენ გარდასულ გმირთა შესახებ... პატივს მივაგებთ კოლექტიურ შემოქმედს - ხალხს, რომლის წიაღშიც იქმნებოდა ჩვენი უძვირფასესი საგანძური - ქართული ფოლკლორი.

დღეს გვინდა გიამბოთ სიხარულიძეთა საგვარეულოს ერთ-ერთი ღირსეული წინაპრის, ივანე სიხარულიძის (ფარეშის) შესახებ, რომელიც თავგანწირვით იცავდა სამშობლოს, იბრძოდა სამართლიანობისათვის, უბრალო ქართველების დასაცავად. მასალა გადმობეჭდილია ისტორიკოს იური სიხარულიძის შესანიშნავი წიგნიდან: „სახალხო გმირები“ (1995). მადლობას ვუხდით ღვაწლმოსილ ადამიანს და ღირსეულ მამულიშვილს, რომელიც სიხარულით დაგვთანხმდა გამოგვექვეყნებინა მისი წერილები აღნიშნული წიგნიდან.

აქვე მივმართავთ მკითხველებს, მოგვაწოდეთ გადმოცემები, ლექსები, თქმულებები თქვენი გვარის წინაპრების შესახებ პრესა.გე-ს რედაქციაში.

მალე სხვა გვარების გმირი წინაპრების შესახებ გიამბობთ.

იური სიხარულიძე

ივანე ფარეში

მე იმ გვარისა ვარ,
ცივ რკინას რომ ჭედდნენ,
მე იმ ქალისა ვარ,
ჯაჭვს რომ პერანგად ცვეთდნენ.

ხალხური

ბევრი ფარეში (შინა მოსამსახურე - საბა) ჰყავდა გურიის სამთავროს უკანასკნელ სარდალ-მოურავს და მდივანბეგს გიგო ერისთავს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთის - ივანეს სახელი შემორჩა ხალხის ცოდნას.

ერთ ხალხურ ლექსში, ჩვენამდე რომ მოაღწია, ფარეშის პირითვეა აღწერილი მისი ცხოვრება და ბრძოლა:

საქართველოს მთებს და ველებს
დახვეოდა ნისლის ბადე,
მეთვრამეტე საუკუნის
შავბნელ დროში დავიბადე.
აქეთ ოსმალო გვარბევდა,
იქიტ ბატონი მტარვალი,
ცალ ხელში თოფი გვეჭირა,
ცალშიც - თოხი თუ ნამგალი.

შემდეგ ფარეში თავის ვინაობას გვიმხელს და ეპოქის სიმუხთლესაც შთამბეჭდავად გადმოგვცემს:

ჟამთა სიავის მნახველი,
მე ვარ ერისთვის ფარეში,
გოგოლეთელი ყმის შვილი,
გაზრდილი სიმწუხარეში.
მრავალი დედა მინახავს,
წარტყვევნილ შვილზე მტირალი,
ყოველ დილას თუ საღამოს
სდევდა ზარი და გრიგალი.

ივანე ფარეში ადრე ჩამდგარა ადამიანთა ტაცებისა და სყიდვის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში და მალე მიუპყრია სახალხო გმირის, ბუღარა მამალაძის ყურადღებაც.

ბუღარას დაუახლოვებია ახალგაზრდა ფარეში და თავის რაზმში ჩაურიცხავს:

შემიტკბო ალალ შვილივით,
მაცოლა ნაზი ასული,
ვიმ მოსთვლის ერთად რამდენი
გაგვიჟლეტია ავსული.
სად არ ვიქნევდით ხმალ-ხანჯალს,
ლომისციხეს თუ ასკანას,
ცეცხლს ყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალად
ჩაქალოზი და ნალფარა.

ფარეშმა დიდხანს იცოცხლა და ბატონყმობის გაუქმებასა და ტყვეთა ტაცების მოსპობასაც მოესწრო (გარდაიცვალა 1884 წელს, „აღდგომას“).

ას წელს ვიცოცხლე, ბატონის
თვალის დავსებას მოვესწარ,
ოსმალოც გადაიკარგა,
გზა გადუკეტეს გარეწარს.

ამ წარმატებებით აღფრთოვანებული სახალხო გმირი იმედის თვალით შესცქეროდა მომავალს:

შევნატრი ძეს და მომავალს,
მზის ახალ შემონათებას,
ჟამს - ქვეყნის განახლებისას,
ერის აღდგომას, მატებას.
ჩვენი დრო მძიმე იყო და
ბევრიც ვიტანჯეთ მამებმა,
თქვენ გაიხარეთ, შვილებო,
გფარავდეთ წმინდა სამება!

ხალხის წიარიდან გამოსულ მამაც გოგოლესუბნელ (ჩოხატაურის რ-ნი) ფარეშზე (ივანე ივანეს ძე სიხარულიძე) (თეთრუაშვილთა გვარტომობიდან) ჩვენს დროში ხალხური ლექსიც გამოვლინდა და რამდენიმე სტატიაც დაიბეჭდა (აბელ სურგულაძის, იური სიხარულიძის).