იოსებ გრიშაშვილი - „გამოთხოვება ძველ თბილისთან ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს“
13:21:25     28-04-2012
დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდი ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის შესანიშნავი ლექსი „გამოთხოვება ძველ თბილისთან ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს“.
იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 (ახალის სტილით 24) აპრილს ტფილისში.
მამა ხარფუხელი კალატოზი იყო. პოეტი ჭაბუკობიდანვე გატაცებული იყო თეატრით. იყო სუფლიორი, მსახიობი…
იგი იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სახალხო პოეტისა და სომხეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, არა მარტო როგორც დიდ პოეტს, არამედ როგორც მემატიანეს ქართული პოეზიისა. მან შემოგვინახა არა ერთი პოეტის სახელი, რომელნიც ფსევდონიმებით აქვეყნებდნენ თავის ლექსებს. დიდ პოეტს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927). ასევე მას აქვს ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.
XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა უახლეს ქართულ პოეზიას. ასპარეზზე გამოვიდნენ ახალგაზრდა პოეტები.
ერთ-ერთი მათგანი იყო იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი). უბრალო წრიდან გამოსული პოეტი, კალატოზის შვილი. მისი ტრიოლეტები ტფილისურია, სონეტებიც ქართულია და მაღალმხატვრული... მისი ლექსები უაღრესად ლირიკულია და პატრიოტული. მისი რითმა დახვეწილი, სახეები ორიგინალური და პოეტური ძალიან...
იოსებ გრიშაშვილი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორი ქართული ლექსისა. აშუღურ პოეზიაზე აღზრდილი და ევროპული მიმდინარეობების შესანიშნავი მცოდნე, დიდი ტალანტის შემოქმედი, ბრწყინვალე სინთეზს ახდენს. მისი შესანიშნავი პოეზია ტფილისურია, ქართულია, კავკასიურია, აზიური და ევროპულია, ევრაზიულია - განუმეორებელია.
გამოთხოვება ძველ თბილისთან ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს
1
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.
თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად -
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა.
სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.
მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას
აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურემი მოჩარდახული
ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.
ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-
ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!
კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.
2
აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.
ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.
დუდუკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ,
ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...
და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.
ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.
ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...