
„ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს ივანიშვილის „ოცნებაში“ გაწევრიანებას აიძულებენ
13:42:28     27-04-2012
ბიძინა ივანიშვილი ე.წ. „ქართული ოცნების“ რიგების გასაფართოებლად, საკუთარი „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს პარტიაში გაწევრიანებას აიძულებს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართუ ბანკის“ კადრი „ოლიგარქის ოცნებაში“ გაწევრიანებაზე უარს იტყვის, მაშინვე „გამოჩნდება“ ურჩი „ობიექტის“ სამსახურიდან გაგდების მიზეზი.
„პრესა.ჯი“-ს „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებმა თავად უამბეს, რომ ბანკის ხელმძღვანელობის შეთავაზებას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ერთგვარი ულტიმატუმის ფორმა აქვს და შესანიშნავად იცის ყველამ, რომ ამ შეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვან, თუ, რა თქმა უნდა, სამსახურის შენარჩუნება სურთ.
შესაბამისად, „ქართუს“ ათეულობით თანამშრომელი, ხელფასისა და სამსახურის შენარჩუნების გამო, იძულებული გახდა ოლიგარქის „ოცნების“ წევრი და აქტივისტი გამხდარიყო.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა: „ოცნების“ აქტივისტი ვალდებულია, წინასაარჩევნოდ, აგიტაცია-პროპაგანდა ჩაუტაროს საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და დადოს „ფიცი“ იმის შესახებ, რომ არჩევნებზე, მინიმუმ 10 ადამიანი, მისი გავლენით, ხმას „წმინდა ბიძინა ფსიქოანალიტიკოსის“ „ოცნებას“ მისცემს...
„პრესა.ჯი“ „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჯერ კივილ-წივილით აგვიხსნა, რომ არ სურდა ამ საკითხზე საუბარი, მოგვიანებით კი აზრი შეიცვალა და განმარტებებიც არ დაიზარა ...
„პრესა.ჯი“: რატომ აიძულებენ „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის „ოცნებაში“ გაწევრიანებას?
ნოდარ ჯავახიშვილი: (გაღიზიანდა) ვისგანაც ეს ინფორმაცია გაქვთ, იმას ჰკითხეთ ვინ სთავაზობს, ან ვინ აიძულებს ბანკის თანამშრომლებს პარტიაში გაწევრიანებას.
- ბანკის ხელმძღვანელობა და პარტიის წევრები აიძულებენ...
- (ყვირის) დაასახელეთ კონკრეტული პიროვნება, ვინ შესთავაზა ჩვენი ბანკის თანამშრომელს პარტიაში გაწევრიანება. თქვან, რომ ნოდარ ჯავახიშვილმა შესთავაზა „ქართულ ოცნებაში“ ან ფაშისტურ ორგანიზაციაში ან კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება ბანკის თანამშრომელს... ერთი პირი დამისახელეთ, ვისაც მე პარტიაზე დაველაპარაკე. მე მზად ვარ თქვენთან ერთად შევხვდე ნებისმიერ თანამშრომელს და ველაპარაკო... აქ მე ვარ უფროსი, მაგრამ ლაპარაკს ვერავის ავუკრძალავ.
- რატომ ყვირიხართ და ჩხუბობთ ბატონო ნოდარ?
- არა, თქვენ არ გეჩხუბებით, მაგრამ... როდესაც მეუბნებით რომ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, გპასუხობთ - მსგავსი რამ არავისთვის შემითავაზებია.
- მოგვეცით გარანტია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ სურს ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანება, სამსახურიდან არ გააგდებთ...
- (ნერვიულობს) რაა? ვიღაცამ, ვიღაცას რაღაც უთხრა, მე შემიძლია ამაზე პასუხი გაგცეთ? გიხსნით, რომ ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არ ყოფილა არავისთან და პარტიაზე ერთ თანამშრომელთანაც კი არ მისაუბრია. შესაბამისად, ვინ ვისთან საუბრობს და რაზე, ამის შესახებ პასუხს ვერ გაგცემთ“.
P.S: მართალია, „პრესა.ჯი“-ს კითხვების გამო გაღიზიანებულ-ანერვიულებული ჯავახიშვილი გვიმტკიცებდა, რომ „ქართუ ბანკის“ თანამშრომლების მიმართ მსგავს ულტიმატუმს ადგილი არ აქვს, თუმცა, რამდენიმე ადამიანს უკვე მოუწია დამშვიდობებოდა ოლიგარქის ბანკს, რადგან უარი თქვა პუტინის ქართველი დესანტის მიერ დაარსებულ „ოცნებაში“ გაწევრიანებაზე.