
ქეიდენაუ: რუსეთის ჯარები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის
13:42:48     27-04-2012
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და ამერიკის მხარდაჭერა წამყვანი თემა იყო აშშ-ის კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნების მონაწილეობდნენ.
რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის - ასეთი განცხადება გააკეთა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თინა ქეიდენაუმ, როცა სხდომაზე, რუსეთის ჯარების ყოფნის გამო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით კითხვა კონგრესმენმა თედ პომ დასვა.
„რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოახდენს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე. შეერთებული შატატები და ნატო მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. უმაღლეს დონზე ჩვენს შორის ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. ვთვლი, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ამ დრომდე კარგად წარმოვაჩინეთ", - განაცხადა ქეიდენაუმ.
ეს ერთადერთი საკითხი არ იყო კონგრესის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქარტველოსთან მიმართებაში დაისვა. სხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ, კონკრეტული წინადადებების გარდა რა გააკეთა შეერთებულმა შტატებმა იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიების მეოთხედი ოუპირებულია. ქეიდენაუ მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასშ-ის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმებისადმი, - დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით, რისი შედეგებიც, მისი თქმით, უკვე სახეზეა.
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ უილსონმა, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას, განაცხადა, რომ აშშ-მა არ უნდა მისცეს რუსეთს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველო მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის გამო ვერ გახდება ნატოს წევრი, ამით, ნატოს გაფართოების საკითხში მოსკოვს ვეტოს უფლებას მიანიჭებენ. ესკი არ უნდა მოხდეს - განაცხადა უილსონმა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა კოლეგებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება , სადაც გაცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა იზრუნონ, რათა საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის დიალოგისთვის საჭირო გარემო შეიქმნას.
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ახალი ერთწლიანი პროგრამა, რომელსაც ასშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ კავკასიაში იწყება. პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც გავრცელდება და მისი მიზანი იქნება ხელი შეუწყოს საოკუპაციო ზოლებთან მცხოვრები ომით დაზარალებული მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების დაახლოება. სახელმწიფო დეპარტამენტი მთავარ გათვლას სამოქალაქო სექტორის გაერთიანებასა და ერთობლივ დისკუსიებზე აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმის განხორციელებას რეგიონში სექტემბრიდან დაიწყებს.
კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კონგრესმენი დენ ბარტონიც, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრობის საუკეთესო კანდიდატია და ამდენად, ის იმსახურებს ნატოს წევრობის სააპლიკაციო გეგმას ჩიკაგოს სამიტზე. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება კიდევფ უფრო დაეხმარება საქარტველოს რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში. ბარტონმა მოუწოდა ალიანსს, რომ მისმა წევრებმა შესაბამისად შეაფასონ საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი სამხედროები ერთ-ერთ ყველკაზე საშიშ ზონაში, - ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან.
კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელია დაიწყონ გაფართოების პროცესი, როგორც ეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა. ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მხარდაჭერისთვის კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მოუწოდა. მან ჰილარი კლინტონს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ჩიკაგოს სამიტის კარგი საშუალებაა საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„მოგიწოდებთ, გააგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სამიტზე აღნიშნული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რაც თბილისის წევრობისთვის კარგი საშუალება იქნება“ - ნათქვამია მაკკეინის წერილში.
სენატორი ასევე საუბრობს საქართველოს მონაწილეობაზე სამშვიდობო ოპერაციაში და ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვაზე ამახვილებს ყურადღებას. მაკკეინმა მოუწოდა სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ ჩიკაგოს სამიტი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვან, რომ აშშ ასრულებს წამყვან როლს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის გზაზე.