რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი

  13:31:48     27-04-2012

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, ქვეყნის თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს, პარლამენტს წარუდგენს.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე,  დოკუმენტის პროექტი განსაზღვრავს – საქართველოს თავდაცვის რეზერვის მიზანს და მნიშვნელობას, რეზერვის პოლიტიკის შესახებ სახელმწიფოს ხედვას  აყალიბებს და თავდაცვის რეზერვის სტრუქტურის ჩამოყალიბების, მისი მართვისა და ორგანიზების პრინციპებს აღწერს. 

კონცეფცია ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში შემუშავებული დოკუმენტების (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და ეროვნული სამხედრო სტრატეგია) ანალიზს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. ამასთან, დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზი და დასკვნები. ასევე, თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება. 

მთავრობის განმარტებით, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის  განვითარება არ არის ერთჯერადი პროცესი და სისტემის სამომავლო დახვეწის მიზნით,   მუშაობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო საჭიროების მიხედვით,  ქვეყანაში, მისი ადაპტაცია უნდა მოხდეს.  

პროექტის თანახმად,  საქართველოს  უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე და ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა – „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპს ეფუძნება. კერძოდ, რეზერვის ახალი სისტემა მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობაზე.  

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს  პრიორიტეტს წარმოადგენს – რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ომის შემთხვევაში,  შეძლებს  – ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვისათვის საჭირო ამოცანების შესრულებას, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს   სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენას.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: რეზერვის მარტივი, ეფექტური სტრუქტურისა და მოქნილი მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას,  რეზერვისტების სათანადო აღჭურვასა და მაღალ დონეზე გაწვრთნას, შეზღუდული რესურსების პირობებში მინიმალური ფინანსური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგების მიღწევას, დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობების განვითარებას, რეზერვისტის მორალის ამაღლებაა და საბრძოლო, პროფესიული და ტექნიკური უნარ-ჩვევების დაბალანსებული განვითარებას და მეტ თავსებადობას შეიარაღებული ძალების ან/და სხვა უწყებების ოპერაციებთან.

რაც შეეხება თავდაცვის რეზერვის სტრუქტურას, თავდაცვის რეზერვი მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ორ კატეგორიად დაიყოფა: სახმელეთო ჯარების რეზერვად (შემდგომში თავდაცვის ძალები), რომლის ძირითადი ამოცანაა – საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, რაც განხორციელდება – შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით. 

უნდა ითქვას, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი - საომარი მოქმედებების დროს ძირითადად პასუხისმგებელი იქნება სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე. საჭიროების შემთხვევაში კი, ის   სახმელეთო ჯარების რეზერვს დაეხმარება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი ნებაყოფლობითობის საფუძველზე დაკომპლექტდება.

თავდაცვის რეზერვის სისტემის მართვასა და კონტროლს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (2013 წლიდან  გენერალური შტაბი) და დაქვემდებარებული სტრუქტურები უზრუნველყოფენ.

საგულისხმოა, რომ დოკუმენტში ავდაცვის რეზერვის სამომავლო განვითარებაზეც არის ყურადღება გამახვილებული და ნათქვამია, რომ რეზერვის სისტემის განვითარებისას მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი კოორდინაცია როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის. 

„ეფექტური რეზერვის სისტემის დანერგვის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა. შესაბამისად, რეზერვის სისტემის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მჭიდრო ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდისა და რეზერვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთანავე, ეფექტური თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება საჭიროებს მთელი რიგი საკითხების ეტაპობრივ დამუშავებას: თავდაცვის რეზერვის სისტემის საკანონმდებლო უზრუნველყოფას, თავდაცვის რეზერვის სისტემის უზრუნველსაყოფად საჭირო გრძელვადიანი ფინანსური გათვლების გაკეთებას, სავალდებულო და პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ რეზერვის კატეგორიებში გადანაწილების სისტემის ჩამოყალიბებას, თავდაცვის რეზერვის სისტემის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე სტრატეგიულ და ოპერატიული გეგმებში შესაბამისი ცვლილებების ასახვას, მობილიზაციის სისტემის გადახედვაა და მისი ადაპტირებას ახალი რეზერვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, რეზერვის ახალი საწვრთნელი პროგრამებისა და რეგულარულ შენაერთებთან ერთობლივი წვრთნების გეგმების შემუშავებას სავარაუდო  კრიზისების სცენარების გათვალისწინებით.  

დოკუმნეტში აღნიშნულია, რომ რეზერვისტთა უფლება-მოვალეობების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა და სოციალური დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბება მოხდება.

ამასთან ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით თავდაცვის რეზერვის განვითარების  სტრატეგიას და დოქტრინას შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტი არ ამტკიცებს, შესაბამისად, კონცეფციას ქვეყნის პრეზიდენტი დაამტკიცებს.