ექვთიმე თაყაიშვილი - „დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება“

  07:58:52     27-04-2012

1814 წლის 14 (ახალი სტილით 27) აპრილს დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი - წმინდა დიმიტრი ყიფიანი.

დიმიტრი გორის მახლობლად, სოფელ მერეთში. გაიზარდა ობლობაში. იგიშ ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა. სწავლა დაიწყო სასულიერო სემინარიაში. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დატოვეს მასწავლებლად. 16 წლის გამორჩეული უნარის ახალგაზრდა მასწავლებელი, დიმიტრი ყიფიანი, ასწავლიდა ქართულსა და რუსულ ენებს, არითმეტიკასა და გეოგრაფიას.

1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის 18 წლის დიმიტრი ყიფიანი ვოლოგდაში გადაასახლეს. გადასახლებაშიც გამოჩნდა მისი ნიჭიერობა და საგუბერნიო მმართველის მდივნად დანიშნეს (1835). 1837 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ამ პერიოდიდან დაიწყო მუშაობა მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1945 წელს მთავარმართებელმა თავისი კანცელარიის დირექტორად დანიშნა და კოლეგიის მრჩევლის ტიტულიც მიანიჭა. მერე დანიშნეს მეფისნაცვლის საბჭოს წევრად. 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონების მეურვედ მუშაობდა. 1864-1870 წლებში თბილისის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის, თავადაზნაურობის საკრებულოს წინამძღვრად აირჩიეს. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი. იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის, ბატონყმობის გაუქმების პროექტის მომზადებაში. დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და “ქართული დრამატული საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიურად  იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზება-განვითარებისათვის.

1886 წელს, როცა საქართველოს ეგზარქოსი (1882 წლიდან) იყო მთავარეპისკოპოსი პავლე ლებედევი, ქართველმა პატრიოტმა, იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ბილწი ჩუდეცკი. აი რას წერს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსი მოღვაწე ნიკოლოზ დურნოვო თავის წიგნში "საქართველოს ეკლესიის ბედი":

“ეგზარქოსი პავლე - ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში.

თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ე. ი. დაწყევლისათვის (პავლე ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. გ. მ.).

ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. “როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ იპოვეს (არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი ძილის დროს მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა. გ. მ.).

ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.”

ეს მოხდა 1887 წლის 24 ოქტომბერს (ახალი სტილით 5 ნოემბერს) სტავროპოლში.

 დიმიტრი ყიფიანის წამებული ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. მისი დასაფლავება, რომელსაც ილია და აკაკი ხელმძღვანელობდნენ, ეროვნულ დემონსტრაციად იქცა. აკაკიმ დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა გენალური ლექსი "განთიადი".

დიმიტრი ყიფიანი იღწვოდა საქართვლოს უფლებების აღსადგენად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, რომელიც უსამართლოდ დაარღვია რუსეთის იმპერიამ. მისი აზრით, ქართველობის ყველა სოციალური ფენის ინტერესები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული.
დიმიტრი ყიფიანმა 1841 წელს თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", რომელიც გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896 წელს. 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულად თარგმნილი გიორგი ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში", სადაც გამოქვეყნდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებანი. დიმიტრი ყიფიანმა 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა". გამოქვეყნებული აქვს ლექსი ბაქარ ქართლელის ფსევდონიმით.

პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ დიდი ქართველი მოღვაწის, წმინდანის, ექვთიმე თაყაიშვილის წერილს „დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება“. სადაც მოთხრობილია, როგორი დემონსტრაციული პროტესტის ფორმით დაკრძალეს დიმიტრი ყიფიანი ქართველებმა. იმ დღეს ყველამ დაინახა, რომ ქართველები ადვილად არ დათმობდნენ ეროვნულ ინტერესებს...

დიმიტრი ყიფიანი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ნუ მოგვკლებოდეს მისი ლოცვა ქართველებს.

ექვთიმე თაყაიშვილი
 
დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება

უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.

მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.

კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამ ის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.

რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან. იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით ერევნის მოედნამდე, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.

დაიძრა პროცესია, დავით ყიფიანის მეთაურობით. როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციის რაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რამზის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!” ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: ”Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!”-ო და განაგრძო გზა. შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმზარი პროცესი. სასახლეს რომ მივუალხოვდით, განგებ შეაჩერეს ცხედარი და მიცვალებულის ლოცვა გადაიხადეს, დემონსტრატიულად. სასახლიდან არავის გამოუხედავს. მაშინ მთავარმართებელად იყო დონდუკოვ-კორსაკოვი. ამბობენ, რომ იმ დღეს ის არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო ზემოთ, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში.

სასახლიდან დაძრული პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე.

ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები, მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა, განსვენებულის მთელი ოჯახიც.

საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთლმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და, რ თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, ”ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო”, მაშინ არ უთქვამს, მერე დაწერა. დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ!

მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: ”რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!”

მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო! ილიას მიერ სიტყვით არ გამოსვლა ზოგმა მის სიფრთხილეს მიაწერა. ისიც კი გაიხსენეს, რომ ერთ დროს მას ყიფიანთან პოლემიკა ჰქონდა. მაგრამ ერთიცა და მეორეც, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო…

ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი. მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რითი ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს; რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე.