დანიელ დეფო და ალექსანდერ სელკირკი

  07:57:31     27-04-2012

1731 წლის 24 ან 26 აპრილს გარდაიცვალა დიდი ინგლისელი მწერალი დანიელ დეფო (Daniel Defoe). მისი ნამდვილი სახელი იყო დანიელ ფო (Daniel Foe). იგი გახლდათ ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა თავისი რომანით „რობინზონ კრუზო“. დეფომ დაწერა ხუთასზე მეტი პამფლეტი, სტატია და რამდენიმე რომანი. ის ითვლება რომანის ჟანრის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენლად ინგლისში.

უკვდავი „რობინზონ კრუზოს“ ავტორი დაიბადა დაახლოებით 16601 წელს, ხორცით მოვაჭრის, ჯეიმს ფოს ოჯახში. სასულიერო მოღვაწეობისათვის ემზადებოდა. სწავლობდა ნიუინგტონის აკადემიაში, შეისწავლიდა ძველბერზნულსა, ლათინურს და კლასიკურ ლიტერატურას. იცოდა რამდენიმე ენა.  მოუწია ვაჭრის თანაშემწედ მუშაობა. თავისი საქმიანობის გამო ხშირად მიემგზავრებოდა ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში.

შემდეგ თვითონ მიჰყო ხელი ბიზნესს, მაგრამ არ გაუმართლა. თუმცა პუბლიცისტიკაში, და ამგვარად, პოლიტიკაში ჩაერთო და დიდი გავლენა იქონია ბრიტანეთის სახელმწიფოს განვითარებაში. საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონია მეფეზე და ბრიტანეთის მთავრობაზე, ვილჰელმ III-ის, იგივე უილიამ III (1689-17020 დროს. თუმცა, დედოფალ ანას ზეობისას (1702-1714) ციხეშიც იჯდა და „სამარცხვინო ბოძთანაც“ დააყენეს, მაგრამ თავისი პამფლეტით „სამარცხვინო ბოძის ჰიმნი“ დიდი  პოპულარობა მოიპოვა და ხალხის ოვაციებიც დაიმსახურა, ნაცვლად გაკიცხვისა.

გამოსცემდა ჟურნალს, ამიტომ იგი ითვლება ინგლისური პერიოდული პრესის ერთ-ერთ დამაარსებლად.

თუმცა, დანიელ დეფო სულ სხვა რამის გამო გახდა უკვდავი სახელის პატრონი.

1709 წლის 1 თებერვალს წყნარ ოკეანეში, ხუან ფერნანდესის აქრიპელაგის კუნძულ მას-ა-ტერაზე (ახლა კუნძული რობიზონ კრუზო), ჩილეს ნაპირებიდან დაახლოებით 650 კილომეტრის დაშორებით, იპოვეს შოტლანდიელი მეზღვაური ალექსანდერ სელკირკი (Alexander Selkirk), რომელმაც ოთხი წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე.

სწორედ ეს მოვლენა გახდა საფუძველი დანიელ დეფოს უკვდავი რომანის „რობინზონ კრუზოს“ შექმნისა.

ახლა იმ კუნძულს რობინზონ კრუზო ჰქვია. თუმცა, შოტლანდიელი მეზღვაურის  სახელიც უკვდაყოფილ იქნა, ალექსანდერ სელკირკის სახელი უწოდეს კუნძულს, რომელიც 97 მილითაა დაშორებული იმ კუნძულთან, სადაც რობინზონ კრუზოს პროტოტიპმა თავისი ცხოვრების 4 წელი გაატარა.

ალექსანდერ სელკირკი შოტლანდიელი იყო წარმოშობით. დაიბადა 1676 წელს, შოტლანდიის ქალაქ ლარგოში. მამამისი მეწაღე გახლდათ. სიჭაბუკეშივე ავლენდა ფიცხ ხასიათს, რასაც უსიამოვნებები მოჰყვებოდა. გადაწყვიტა გამგზავრებულიყო, მეზღვაური გამხდარიყო.

1703 წელს შეუერთდა ფლოტილიას, რომელსაც ცნობილი მკვლევარი და მოგზაური უილიამ დამპირი ხელმძღვანელობდა. შოტლანდიელი ახალგაზრდა ბოცმანი, ალექსანდერ სელკირკი  გემ „სენკ პორზე“ მსახურობდა. მისი გემის კაპიტანს თომას სტრადლინგი ერქვა. 1704 წელს გაემგზავრნენ სამხრეთ ამერიკისაკენ.

1704 წლის ოქტომბერში სტრადლინგსა და უილიამ დამპირს შორის უთანხმოება მოხდა და მათი გზები გაიყო. სტრადლინგის გემი კუნძულ მას-ა-ტერას მიადგა წყლის მოსამარაგებლად. შოტლანდიელი ბოცმანი სელკირკი ფიქრობდა, რომ მათ გემს საფრთხე ემუქრებოდა და ამხანაგებს შესთავაზა დარჩენილიყვნენ კუნძულზე, იმ იმედით, რომ რომელიმე გემი გამოივლიდა და აიყვანდა მათ ბორტზე. მაგრამ არავინ დაუჯერა. კამათიც მოუვიდა კაპიტანთან. კაპიტანმა დატოვა ფიცხი სელკირკი კუნძულზე. შოტლანდიელი მოამარაგეს იარაღით, მისცეს საჭირო ხელსაწყოები და გადასვეს უკაცრიელ კუნძულზე... ამბობენ, სელკრიკს უნანია მარტო დარჩენა...

თუმცა, „სენკ პორი“ მართლაც ჩაძირულა, ახლანდელი კოლუმბიის ნაპირებთან, მხოლოდ კაპიტანი და რამდენიმე მეზღვაური გადარჩა, მაგრამ, ისინი ტყვედ ჩაუვარდნენ ესპანელებს. იმ დროს ინგლისსა და ჰოლანდიას ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობის გამო ომი ჰქონდათ ესპენეთთან და საფრანგეთთან. ტყვეები გააგზავნეს პერუს ქალაქ ლიმაში და ციხეში გამოკეტეს.

სელკირკი 4 წელი უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდა... როგორც ვთქვით, 1709 წლის 1 თებერვლამდე, სანამ ერთ-ერთი გემის ეკიპაჟმა არ შეამჩნია. მისი გადარჩენა უკავშირდება ისევ უილიამ დამპირის ექსპედიციას. გემ „ჰერცოგის“ კაპიტანმა ვუდს როჯერსმა შეამჩნია და აიყვანა იძულებით განდეგილი თავისი გემის ბორტზე.

კაპიტანი, ვუდს როჯერსი, რომელმაც თავის გემზე აიყვანა სელკირკი, შოტლანდიელს ხუმრობით კუნძულის გუბერნატორს უწოდებდა. მათ კარგა ხანს მოუწიათ ზღვაზე ყოფნა. სელკირკს ჩააბარეს ერთ-ერთი გემი. როცა ლონდონში ჩავიდა გადარჩენილი ადამიანი, ის პოპულარულ ადამიანად იქცა. დაიბეჭდა მისი ინტერვიუ. თანამედროვენი აღნიშნავდნენ სელკირკის დიდ ნებისყოფას და სიმშვიდეს.. ხომ ძნელი წარმოსადგენია 4 წელი მარტოობა უკაცრიელ კუნძულზე, არსებობისათვის ბრძოლა. ძირითადად ორიოდე ველური თხის რძით გაჰქონდა თავი, რომლებიც კუნძულზე დაიჭირა...

1717 წელს სელკირკი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ლარგოში. ხშირად დადიოდა ლუდხანაში და ადამიანებს უყვებოდა თავის თავგადასავალს. მისი თავგადასავალი კი ყველას აინტერესებდა. როგორც იხსენებენ მისი თანამედროვენი, შოტლანდიელი მეზღვაური  საინტერესო მთხრობელი ყოფილა. ძლიერი სიყვარულიც განიცადა 16 წლის ახალგაზრდა მწველავი ქალისადმი.
 
თუმცა დაუდეგარი მეზღვაური ვერ შეეგუა წყნარ ცხოვრებას და შევიდა სამეფო ფლოტში. ლეგენდარული ალექსანდერ სელკირკი ჩარიცხეს გემ „ვაიმუთის“ ლეიტენანტად. შვებულების დროს იქორწინა ერთ ქვრივზე...

1721 წლის 13 დეკემბერს, სამსახურის დროს, ალექსანდერ სელკირკი გარდაიცვალა ყვითელი ციებით. მისი ცხედარი ზღვას მიაბარეს, დასავლეთ აფრიკის სიახლოვეს.

მის მშობლიურ ქალაქში არ ავიწყდებათ ცნობილი შოტლანდიელი. ძეგლიც კი დაუდგეს. არა ერთმა პოეტმა და მწერალმა უძღვნა ალექსანდერ სელკირკს ნაწარმოები. 1863 წელს იმ კუნძულზე, სადაც სელკირკმა 4 წელი გაატარა, დაამაგრეს ბრინჯაოს წარწერა, რომელზეც აღნიშნული იყო სახელგანთქმული განდეგილის ამბავი, არაოფიციალურად სელკირკის კუნძულიც დაერქვა. 1966 წელს ამ კუნძულს უწოდეს რობინზონ კრუზო, ხოლო, როგორც ვთქვით, სელკირკის სახელი დაარქვეს 97 მილით მოშორებულ კუნძულს...

ჩვენს ხანაში, კუნძულ რობინზონ კრუზოზე, არქეოლოგებმა მიაკვლიეს სელკირკის მიერ აშენებულ ორი ქოხისა და სათვალთვალო პუნქტის ნაშთებს, საიდანაც გემის გამოჩენას ელოდა მარტოობით გაწამებული განდეგილი...

უნიჭიერესმა პუბლიცისტმა და მწერალმა დანიელ დეფომ გადაწყვიტა შოტლანდიელი მეზღვაურის თავგადასავლის საფუძველზე დაეწერა რომანი. რა თქმა უნდა, მწერლმა უამრავი რამ გამოიგონა, მოქმედება სხვა ადგილას გადაიტანა, მთავარი გმირის სახელიც შეცვალა, მოკლედ მწერლის ფანტაზიას დიდი გასაქანი მიეცა, მაგრამ პროტოტიპი მაინც ალექსანდერ სელკირკი იყო. რომ არა მისი უჩვეულო თავგადასავალი, ალბათ, ეს შედევრი არ ექნებოდა მსოფლიოს.

პირველ რომანს ერქვა „ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი რობინზონ კრუზოსი, იორკელი მეზღვაურის, რომელმაც 28 წელი სრულ სიმარტოვეში იცხოვრა ამერიკის ნაპირებთან მდინარე ორინოკოს შესართავთან მდებარე უკაცრიელ კუნძულზე; სადაც გამორიყული იქნა გემის დაღუპვის შემდეგ, რასაც შეეწირა გემის მთელი ეკიპაჟი მის გარდა; მეკობრეების მიერ მისი მოულოდნელი ხსნის ამბავი, მის მიერ დაწერილი“

დანიელ დეფოს ნაწარმოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამან გადააწყვეტინა მწერალს დაეწერა მეორე რომანი: „რობინზონ კრუზოს შემდგომი თავგადასავალი“, რომელშიც მთავარი გმირი კვლავ უამრავ განსაცდელს გადაიტანს. ამას მოჰყვა მესამე წიგნი: „რობინზონ კრუზოს სერიოზული მსჯელობები’’, თუმცა ეს წიგნი მხატვრული ნაწარმოები არ ყოფილა, არამედ ესეების კრებულია.

რობინზონ კრუზოს მიერ გატარებულ წლებს მარტოობაში, უკაცრიელ კუნზულზე, ჯერ კიდევ ჟან ჟაკ რუსო აღიქვამდა, როგორც ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიულ დამოკიდებულებას. ეს ნაწარმოები არ არის მხოლოდ სათავგადასავლო რომანი, არამედ ადამიანის სიცოცხლისუნერიანობის, მისი დაუდეგრობის, შეურიგებლობისა და იმედიანობის გამომხატველი სიმბოლური ნაწარმოებია.