
ქართული მხარე: მოსკოვი ისტერიაშია
16:52:26     26-04-2012
კრემლის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა ისევ გრძელდება. დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, მოსკოვს ქართველი ხალხის მიმართ ანტიპათია არ აქვს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან წავა. მოსკოვის მორიგ პროვოკატორულ განცხადებას, შეფასებები, თბილისში უკვე მოჰყვა. ქართული მხარის მოსაზრებით, ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც მედვედევსა და ვლადიმერ პუტინს მოსწონთ, სახელმწიფოს მართვის სათავეში ვერასოდეს მოვლენ.
როგორც „პრესა.ჯი–ს” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა განუცხადა, გაღიზიანება, რომელსაც ბოლო პერიოდში, კრემლი გამოხატავს იმის ნიშანია, რომ საქართველო წარმატებას აღწევს.
დეპუტატის თქმით, მოსკოვს ის რეფორმები და ქართული საზოგადოების მტკიცე დამოკიდებულება აღიზიანებს, რომელსაც საზოგადოება ევროპული ოჯახის მიმართ იჩენს.
„კრემლი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის გავლენის სფერო არ გახდება. ამიტომაც, არიან ისინი ასეთ ისტერიაში. მედვედევმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარების შეფერხებისთის აგრესია მოსკოვმა წამოიწყო“, – განაცხადა მინაშვილმა.
რაც შეეხება მედვედევის განცხადებას, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, დეპუტატი აცხადებს, რომ მისი ეს მოსაზრება იმის დადასტურებაა, რომ მათ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩართვა სურთ, როგორც ეს 2007 წელს, ესტონეთში განიზრახეს.
დეპუტატი ნუგზარ წიკლაური აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც მედვედევსა და პუტინს მოსწონთ, საქართველოს ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, წლების განმავლობაში, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიხეილ სააკაშვილი ცენტრალურ–პოლიტიკურ როლს შეასრულებს.
„მედვედევის განცხადება, რომ თურმე მათ ქართველი ხალხი არაერთხელ გადაურჩენიათ ცინიკური რიტორიკაა, რადგან ყველას ძალიან კარგად ახსოვს ეთნიკური წმენდის შედეგად, რამდენიმე ასეული დევნილი, საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი მოსახლეობა, ენერგეტიკული ბლოკადა და ის უპატივცემულო დამოკიდებულება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ თვითმფრინავების საბარგულებით გამოიხატა. აი, ამ ტიპის განცხადებები უნდა განვიხილოთ – როგორც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდისტური და ცინიკური ფორმა“, – დასძინა კანონმდებელმა.
მედვედევის განცხადებას უტიფრობად აფასებს დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, პოლიტიკური არენიდან მიხეილ სააკაშვილი წავა თუ დიმიტრი მედვედევი, ამას საზოგადოება დაინახავს.
„ეს განცხადება მორიგი უტიფრობაა იმ პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც პრეზიდენტობის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩენია. მედვედევის შეფასება უხეში ჩარევის მცდელობაა, ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებში. ვინ წავა პოლიტიკიდან ამას დავინახავთ“ – განუცხადა „პრესა.ჯი–ს“ დარჩიაშვილმა.
უმრავლესობის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, დიმიტრი მედვედევის მხრიდან, ქართველი ხალხის სიყვარულის დასტური ის ბომბებია, რომელიც ქართველთა სახლებს 2008 წელს ესროლეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგებები ოცნებობენ, რომ ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე არ იზრუნებს. აგრესორსა და ოკუპანტს იმის იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი აღარ იქნება და რუსული წრეებიდან ოლიგარქებს მოიყვანენ, მაგრამ ეს არ მოხდება. მედვედევის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოხატულება, ის ბომბები იყო, რომელსაც ჩვენს საცხოვრებელ სახლებს ესროდნენ“ – განაცხადა გაბაშვილმა.