„ქართული ოცნებიდან“ გარბიან...

  14:46:46     26-04-2012

„ქართული ოცნებიდან“ თავქუდმოგლეჯილი გარბიან. უმეტესობა ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება. ერთერთ  მათგანს „პრესა.ჯი“ შეხვდა და ესაუბრა.   ამ ქალბატონმა, „ქართული ოცნების“ საჩხერის ოფისი დატოვა. იგი აქტივისტი გახლდათ.  როგორც ყოფილი „მეოცნებე“ ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ივანიშვილის თანარაიონელები ოლიგარქის „გაყვლეფით“ არიან დაკავებული და ადგილებისთვის ერთმანეთს ხოცავენ. „სულ ხუთი სკამია და რამდენი დავეტიოთო?“ - ასე ამბობენ საჩხერის ოფისში ხელმძღვანელი პირები?  „პრესა.ჯი“ რუსუდან ნოზაძეს ესაუბრა.

-  რატომ დატოვეთ „ქართული ოცნება“?

- ძალიან დიდი ხანია ვარ ოპოზიციაში. ალბათ, ბოლო 15-20 წელია. მანამდე, ვმუშაობდი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალისტად. თუმცა, რამდენიმე თვის წინ,  ეს სამსახური დავტოვე და წამოვედი „ქართულ ოცნებაში“. მიზეზი ის იყო, რომ ჩავთვალე ბიძინა ივანაშვილისთვის, ჭორვილაში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, მოქალაქეობა არ უნდა ჩამოერთმიათ. ამის გამო, სამსახურიდან წამოვედი.

- ივანაშვილს რატომ ამბობთ, ის ხომ ივანიშვილია?

- დიახ, ბოდიში, ეს ჩემი შეცდომა იყო. აქ მასიურად არიან ივანაშვილები და ამერია უცებ.

- რომ გვითხრათ, რა გახდა თქვენი „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზი?

- ის, რომ დავინახე იქ ჩემი ადგილი არ ყოფილა. იქ არის ისეთი ადამიანების ადგილი, ვინც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოერგოს სკამს. ის ადამიანები, ყველა ხელისუფლების წევრები იყვნენ, მაგრამ ახლა „ოცნებაში“ არიან და ივანაშვილს ერთგულებას უმტკიცებენ. სწორად გამიგეთ, მე გარემოცვით ვარ უკმაყოფილო და ვაპროტესტებ მათ ყოფნას „ქართულ ოცნებაში“.

- ანუ, რეალურად, ის ადამიანები თანამდებობებისთვის და სასათბურე პირობებისთვის იბრძვიან და არა „ოცნების“ ახდენისთვის?

- არ ვიცი. შეიძლება იბრძვიან კიდეც, მაგრამ მე ძალიან დავიღალე უსამართლობით.

- კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ მათთან?

- თანხებზე საუბარი არ მინდა, რადგან შეიძლება შემდეგ იფიქროს ვინმემ, რომ თანხის გამო წამოვედი იქიდან. ასე არ ყოფილა.

- ფულს ვერ იყოფდნენ?

- ძალიან ბევრი მიზეზია. პირველ რიგში ის, რომ ვერ დაინახეს  ჩემი ადგილი და დაინახეს ის ადამიანები, როლებიც მთელმა საჩხერემ იცის, რომ მედროვეები არიან.  ისინი ყოველთვის თანამდებობებისთვის იბრძოდნენ. ისიც კი მითხრეს, სულ ხუთი სკამია (თანამდებობის ადგილი) და ყველა როგორ დავეტიოთო? ვერ მოიძებნა ჩემთვის ადგილი და მოიძებნა იმ მედროვეებისთვის, რომლებიც ყველა მთავრობას ერგებიან და ყველა სკამს.

- შეგიძლიათ სახელი და გვარები დაგვისახელოთ ამ ადამიანების?

-  უხერხულია. შეიძლება, ვინმემ ჩემი სახით კონკურენტი დაინახა და ჩემი ჩამოშორება მოინდომა.  გამოდის, მე  უნდა მებრძოლა იმ ადამიანებისთვის, ვისაც წლების განმავლობაში ვებრძოდი. სხვადასხვა სკამებზე დახტოდნენ და ახლა მოინდომეს ბიძინა ივანაშვილთან ყოფნა.

- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილამდე მიდის ეს ინფორმაცია?

-  ბიძინა ივანაშვილს იმდენი საქმე აქვს და იმდენი პრობლემა, რომ არ  მგონია საჩხერის ოფისში არსებული ვითარებით დაინტერესდეს. გარდა ამისა, არც ესენი ჩააბარებენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც ხდება აქ. კი ამბობენ, ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და ყველა თავისას მიიღებსო, მაგრამ მე დავიღალე.