ბოჭორმის წმ. გიორგი (ქართული ხუროთმოძღვრება)
09:05:38     26-04-2012
ბოჭორმა წარმოადგენდა შუასაუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს. იგი მდებარეობს გომბორის უღელტეხილზე, შიდა კახეთიდან მომავალ გზაზე. დღეს უკვე ხშირი, ასწლოვანი ხეებითაა დაფარული ამ ოდესღაც დიდებული ციხის ნანგრევები. ციხის შუაში დგას მცირე ზომის ექვსაფსიდიანი გუმბათოვანი ეკლესია. გარედან მისი მრავალწახნაგაფასადები კარგი პროპორციებით ხასიათდება. სხვა მსგავს ეკლესიებთან ერთად, ეს ტაძარიც X საუკუნით თარიღდება.
აბსიდთაგან აღმოსავლეთით მდებარე საკურთ- ხევლის აბსიდი სამწახნაგოვანი შვერილის სახით ნაგებობის საერთო აფსიდიდან წინ არის გამოწეული. ინტერიერში შექმნილია გუმბათით დაგვირგვინებული ცენტრალური სივრცე. გუმბათის მრგვალ ყელში გარედან გაჭრილია შეწყვილებულ ნახევარსფეროებზე გადაყვანილი, კამარებით გაწყობილი ექვსი სარკმელი. შიგა სივრცე გარედან სათანადოდ არის ასახული აფსიდების გამომყოფი ღრმა სამკუთხა ნიშებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველ აფსიდს აქვს ბემა. ეს ბემები აფსიდებზე უფრო განიერია, რის გამოც გუმბათქვეშა ცენტრალური სივრცისაგან ეკლესიის მკლავები უფრო ცხადად არის გამოყოფილი, მკლავების შესაყარი მასები ნახევარსვეტებით არის გაფორმებული, ისე რომ, ინტერიერში, ამ ექვს-ნახევარ სვეტზე გადაყვანილ თაღებს შორის მოქცეული სამკუთხა მონაკვეთების ზემოთ დამატებითი მცირე თაღებია. ამგვარად, ექვსი მკლავის თაღი და ექვსი დამატებითი აფრიანი მცირე თაღი ქმნის წრის საფუძველს გუმბათის ყელის ამოსაყვანად. საკურთხეველსა და ასევე ყველა დანარჩენ აფსიდში გაჭრილია თითო სარკმელი.
ეკლესიის კედლები შიგნიდანაც და გარედანაც თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. მოგვიანებით, XII საუკუნეში, ინტერიერის კედლები ფრესკული მხატვრობით დაუფარავთ.
მხატვრობის ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, საღვთისმეტყველო სცენებისა და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით.
ეკლესია აგებულია ორგვარი სახის სუფთად გათლილი (შირიმი და მომწვანო ფერის ქვაქვიშა) ქვის წყობით. მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია და არაერთგზის შეუკეთებიათ კიდეც, ძირითადად მომწვანი ფერის ქვაქვიშაა. რაც შეეხება აგურსა და შირიმს, ისინი ერეკლე II - ს დროს განხორციელებული რესტავრაციის შედეგად უნდა გაჩენილიყო.
ეკლესიას ადრე ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი, ჩრდილო-დასავლეთისა, ამჟამად ამოქოლილია. მას, როგორც ეტყობა, კარიბჭე ჰქონდა მიდგმული. ძეგლის დაზიანებისა და მომდევნო შეკეთებათა მიუხედავად, მაინც თვალშისაცემია მისი უაღრესად დახვეწილი ხუროთმოძღვრების მთლიანობა, პოპულარული მხატვრული გააზრების ერთიანობა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ იგი ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.