ნათელაშვილი: ინტელიგენცია, რომელიც ივანიშვილისგან ფულს იღებდა, საშოვარზე გამოსული ადამიანების მასაა

  11:52:24     25-04-2012

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის გაყიდვის ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსურ დახმარებას იღებდნენ, საშოვარზე გამოსული ადამიანების მასაა. ნათელაშვილის თქმით, ის ამ დრომდე ვერ ხედავს ოლიგარქის პარტიის სამოქმედო გეგმას და პროგრამას. მშრომელების ლიდერი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არც გაახმოვანებს პროგრამას არჩევნებამდე, რადგან მის პარტიას ეს არ აქვს და არც ექნება. „პრესა.ჯი“ ქვეყნის პირველ „ლეიბორისტს“ ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის შემადგენლობას, სადაც არ მოხვდნენ ეკატერინე ხვედელიძე და უტა ივანიშვილი. რა შანსები აქვს ამ გუნდს არჩევნებზე?

- მეტი არა ჩემი მტერი, ეგენი უმრავლესობით მოვიდნენ პარლამენტში. თუ გადაუგდეს 10-15 მანდატი, ამაზეც ალბათ დიდ „მაღარიჩს“ იკისრებს შუშის სასახლეში. მეორეც, მე ძალიან მიჭირს საუბარი არაპოლიტიკურ გუნდზე პოლიტიკური პრიზმიდან, რადგანაც აღნიშნული სუბიექტები წარმოადგენენ ფულის საშოვრად ამხედრებულ ბრბოს. ისინი ამ ეტაპზე მიადგენ ივანიშვილს, მანამდე იყვნენ პატარკაციშვილთან, მანამდე შევარდნაძესთან, ასლან აბაშიძესთან და ა.შ.

- „რესპუბლიკური პარტია“ არსებობის რამდენიმე ათწლეულს ითვლის, მაინც ფიქრობთ, რომ აპოლიტიკური გუნდია?

-  „რესპუბლილური პარტია“ ითვლის ამერიკული გრანტების ჭამის რამდენიმე ათწლეულ პერიოდს. ეს არის მილიონობით გრანტი და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში დაფუძნდა და ზის ამერიკულ გრანტზე, სწორედ „რესპუბლიკელების“ დაფუძნებულია. პიროვნულად მე მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათში ეროვნული არაფერი არ არის და უფრო ყოფიერი სიამოვნება არის წინ წამოწეული მათთვის. 

- ბიძინა ივანიშვილმა პარტია უკვე დააფუძნა, თუმცა არ ჩანს „ქართული ოცნების“ პროგრამები, არც სოციალური, არც ეკონომიკური და არც საგარეო კურსთან დაკავშირებით, რატომ არ ჩქარობს ოლიგარქი, რომ პარტიის სამოქმედო გეგმა და პროგრამები, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს, გაახმოვანოს?

- ქართველები ცოტა ორგინალურები და განსაკუთრებულები ვართ მსოფლიო მასშტაბით  ამ კუთხითაც. რადგანაც, აქ ჯერ ემოციების საფუძველზე მოდის ხელისუფლება.

- ფიქრობთ რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთ სფეროში პროგრამა არ აქვს?

- არ აქვს. ივანიშვილის პროგრამა ხალხის თავში არის  7 მილიარდი, რომელიც ხალხს ჰგონია, რომ მათ ჯიბეებში წავა. მეტი არა ჩემი მტერი, სანამ ივანიშვილის მილიარდები არ წავიდეს ხალხი ჯიბეში. საუბედუროდ, არავინ არ სთხოვს მას პროგრამას  და ისიც არ იწუხებს თავს. რა აზრი აქვს ახლა, რომ ტყუილები თქვას და მერე თავის მართლება მოუწიოს? ბარემ არაფერს არ იტყვის და მერე გამოხტება და დაიძახებს, არ მქონია პროგრამა, არაფერს დაგპირებივარ და რას მთხოვთო.

- თქვენ ინტელიგენციას, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და ივანიშვილს მხარი დაუჭირეს სულგაყიდულები უწოდეთ. ისინი კი აცხადებენ, რომ მათი ვალია იმ ადამიანის გვერდში დგომა, ვინც წლების განმავლობაში მათ ეხმარებოდა...

- ივანიშვილის ეს ქმედება იყო წმინდა წყლის ანგარება და ღვთის გმობა, რასაც ის აკეთებდა. რადგან მთელი ეს დაფინანსებები, რითაც ეხმარებოდა ხელოვანებს, გათვლილი ჰქონია მომავალი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და პოლიტიკაში  მოსვლაზე. მისი შედარებაც კი არ შეიძლება იგივე სარაჯიშვილებთან, ხოშტარიებთან ან ძმებ ზუბალაშვილებთან. ამ ხალხმა არაერთი თაობა აღზარდა და მათ თბილისის საკრებულოს წევრობაც კი არ მოუნდომებიათ. მაშინაც იყო ეს არჩევნები და მერობაზეც იყო წყვეტა. სახელმწიფო სათათბირო პეტერბურგში და ილია ჭავჭავაძე იყო იქ დეპუტატი. ისინი არცერთი არ დაპირისპირებიან ილიას (ბუნებრივია არცერთი დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არ ვართ ილია ჭავჭავაძე, შედარებითვის ვამბობ) და არ უთქვამთ მე ამდენი რაღაც დავაფინანსე და შენ აღარ იყო ახლა დეპუტატიო.  

- ხშირად მოისმენთ შეფასებას ხელოვანების მხრიდან, რომ მას შემდეგ, რაც მათ ივანიშვილმა გაუკეთა, ამორალური იქნება ახლა გვერდში რომ არ დაუდგნენ და არ დაეხმარონ ოცნების ასრულებაში...

- ასეთი ინტელიგენცია, რაც მალე არ ეყოლება საქართველოს, მით უფრო ადრე გავთავისუფლდებით  შიდაოკუპანტებისგან. ეს არ არის ინტელიგენცია, ეს არის ერის ბედით მოვაჭრე, საშოვარზე ამხედრებული მასა. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაარბენინებდნენ ამ ადამიანებს შევარდნაძის რეზიდენციაში, როდესაც უცხოელი სტუმრები ჩამოდიოდნენ და ხან ვის ლოგინში იღვიძებდნენ დილით და ხან ვისაში. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს სულგაყიდული ინტელიგენცია.

-  ბიძინა ივანიშვილზე იყო მოსაზრება, რომ ის არ არის მორწმუნე ადამიანი, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება ასეთია, მან ააშენა სამების საკათედრო ტაძარი და როგორ შეიძლება არ იყოს მორწმუნე?

- შედარებაზე ბოდიშს ვიხდი, ღმერთთანაც და თქვენთანაც, მაგრამ იყო ასეთი ფაქტი. შაჰ აბასმა წმ. გიორგის სახელობის ტაძარს კახეთში ძალიან დიდი ძღვენი შესწირა, რადგან იმ ღამეს სიზმარში ნახა ამ ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენა და გადაწყვიტა ძღვენი შეეწირა. შე მამაცხონებულო, შენ ქვეყანაში საკათედრო ტაძრის მშენებლობა იწყება და 7 თუ 10 მილიარდი გაქვს, არ უნდა შეეწირა თანხა? ამ ტაძარს მეც შევწირე, რა თქმა უნდა კაპიკები, ძალიან მცირე თანხა და ძალიან ბევრმა ადამიანმა შესწირა თანხა, მაგრამ არავინ გამომხტარა და ამის გამო არ უთქვამთ, მე უნდა ვიყო თქვენი პრეზიდენტი და სულიერი ლიდერიო. ეს უნდა ყოფილიყო შინაგანი სულიერი მდგომარეობა და არა ანგარება. გამოდის მან ესეც ანგარებით გააკეთა, რომ სამღვდელოება გადაებირებინა. მე სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ, როდესაც ვკითხულობ ზოგიერთი სასულიერო პირის  განცხადებას. მაგალითაც მამა ბართლომე დღედაღამ „ფეისბუქზე“ მლანძღავს და მწყევლის, ივანიშვილის დაფინანსებით. ეს არის ძალიან სამარცხვინო.