რუსეთის გენშტაბის სენსაციური განცხადება: ანტისარაკეტო თავდაცვა აუცილებელია

  07:58:12     25-04-2012

რუსეთის გენშტაბის მეთაურმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ნიკოლაი მაკაროვმა ტელეკომპანია „Russia Today“-სთან საუბარში განაცხადა, რომ  ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე არსებობს და ამიტომ, ანტისარაკეტო თავდაცვა აუცილებელია.

როგორც გაირკვა, რუსები ამ დასკვნამდე ამერიკელებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგად მივიდნენ:

„ის ანალიზი, რომელიც ჩვენ ამერიკელებთან ერთად გავაკეთეთ, ადასტურებს, რომ დიახ, საფრთხე არსებობს და იმაზე, რომ აუცილებელია ანტისარაკეტო თავდაცვა, ჩვენ დავეთანხმეთ“ - განაცხადა მაკაროვმა და დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც მსგავს საფრთხეებს ეწინააღმდეგებიან, რადგან შიშობს, რომ ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ექსტრემისტების ხელში მოხვდეს.

როგორც ცნობილია, მანამდე მოსკოვი მუდმივად აცხადებდა, რომ ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების მიმართ, ბირთვული საფრთხე არ არსებობს, რადგან, ამ ქვეყნებს ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო პოტენციალი არ გააჩნიათ. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები კი, საერთოდ, რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების საკვანძო საკითხია. უთანხმოება მაშინვე წარმოიქმნა, როგორც კი აშშ-მა ევროპის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც სწორედ ირანიდან მომდინარე  საფრთხე დაასახელა. ამერიკელები აცხადებენ, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის ევროპულმა სისტემებმა ნატო-ს წევრი ქვეყნები ირანიდან შესაძლო ბირთვული საფრთხისგან უნდა დაიცვას. თუმცა მოსკოვი ყოველთვის ამ გეგმის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ანტისარაკეტო სისტემები რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრებოდა.

მაკაროვის განცხადებამ კი მართლაც სენსაციურად გაიჟღერა, მით უმეტეს, რომ ის „ერთობლივ საფრთხეზე“ ალაპარაკდა, როცა აღნიშნა: „მოდით, ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა, მოდით გავთავისუფლდეთ საფრთხეებისგან, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგან ჩვენც ევროპის ნაწილი ვართ“ - განაცხადა მაკაროვმა.

თუმცა როგორც ირკვევა, რუსეთი ბოლომდე თანახმა მაინც არ არის და მაკაროვმა ამერიკას თავდაცვის სისტემების ერთობლივად შექმნა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, მისი „აღიარებები“ ალბათ, მაინც, „წინგადადგმულ ნაბიჯად“ ჩაითვლება, რადგან მოსკოვის ტონი ბირთვულ საფრთხეებთან, ანტისარაკეტო სისტემებთან და „ევროპული ოჯახის წევრობასთან“ დაკავშირებით აშკარად შეცვლილია.