ბარბარა სტრეიზანდის გზა წარმატებისკენ
14:14:05     24-04-2012
ბარბარა სტრეიზანდი, რომლის ნამდვილი სახელი ბარბარა ჯოანია, 1942 წლის 24 აპრილს ნიუ იორკში დაიბადა. სრულიად თავისუფლად შეგვიძლია სტრეიზანდი „ამერიკული ოცნების“ რეალობად ქცეულ უკვდავ მაგალითად მოვიყვანოთ. უშნო, მორცხვი, მარტოსული გოგონა, მეტად გაჭირვებული ოჯახიდან, ნიჭის, უნიკალური ხმისა და ინდივიდუალურობის მეშვეობით გასული საუკუნის სამოციანი წლების ვარსკვლავად იქცა. ბარბარა სტრეიზანდი ერთიმეორეს მიყოლებით იპყრობდა შოუ-ბიზნესის რთულად მისაღწევ მწვერვალებს. მისთვის ერთნაირად სასიამოვნო იყო ღამის კლუბებში, თეატრში, ხმის ჩამწერ სტუდიებსა და კინოინდუსტრიაში მუშაობა. მსახიობმა ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა შეძლო. მან უგულვებელჰყო უნდობლობა, სკეპტიკური დამოკიდებულება, კრიტიკა და უარყოფაც კი. შედეგად კი არა მარტო აღიარებას, არამედ ფიზიკურ თუ სულიერ სილამაზესაც კი მიაღწია. ამ ყველაფერს კი ერთად ნიჭიერების სილამაზე შეგვიძლია ვუწოდოთ.
სტრეიზანდის მამა, ინგლისური ენისა და ფსიქოლოგიის პროფესორი, გარდაიცვალა როცა გოგონა მხოლოდ ექვსი თვის იყო. დედამ ბუღალტრად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ოჯახს ძალიან უჭირდა. ძალიან გამხდარი, მოუხერხებელი გოგონა, დიდი ცხვირითა და ელამი თვალებით, მუდმივი დაცინვის ობიექტად იყო ქცეული. სწორედ ამიტომ, იგი მუდამ ერიდებოდა თანატოლებთან ურთიერთობას. მისთვის ერთადერთ განტვირთვად კინო იქცა, სადაც ფილმების სანახავად შაბათობით დადიოდა ხოლმე. მოზარდს იზიდავდა არარეალური სამყარო და იმ სამყაროსთვის არსებობა. თხუთმეტი წლის ასაკში ბარბარა მოძრავ თეატრში მიიღეს, სადაც დამლაგებლად მუშაობდა და მცირე როლებსაც ასრულებდა. სტრეიზანდის ახლობლები ცდილობდნენ გოგონასთვის მსახიობობა გადაეფიქრებინათ, რადგან მსგავსი ნაბიჯი სრულ სისულელედ მიაჩნდათ.
ბარბარა სტრეიზანდმა წარმატებისკენ სვლა ღამის კლუბებში გამოსვლით დაიწყო. მან კარგად გაიაზრა, რომ თუ საზოგადოების ყურადღებას სილამაზით ვერ იპყრობ, მაშინ ეს ორიგინალურობით მაინც უნდა მოახერხო. წითური თმები, თეთრი სახე, წითელი ფრჩხილები, შავი კოლჰოტები, ეგზოტიკური ტანისამოსი და აქსესუარები, დასავლეთის იდუმალი მომხიბვლელობა, უჩვეულო მუსიკალური რეპერტუარი, შედეგად კი საზოგადოებამ იგი მიიღო.
ამ ყოველივეს თეატრი მოჰყვა. 1962 წელს სტრეიზანდმა ევროპელი მდივანი გოგონას როლი ითამაშა პიესაში, „მე ეს შემიძლია შენგან მარტივად მივიღო“. სტრეიზანდში რაღაც უჩვეულო, ერთნაირად მხიარული და სევდიანი იმალებოდა. სწორედ ეს იზიდავდა რეჟისორების ყურადღებას.
სტრეიზანდს წარმატება 1964 წელს „სასაცილო გოგონაში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. ვარსკვლავი შემდეგი ეპითეტებით შეამკეს: უჩვეულო, შეუდარებელი, ზუსტი, ორიგინალური და იუმორის დიდი გრძნობით დაჯილდოვებული. ახალი აღმოჩენის პორტრეტები გაჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა „Life”, “Time” და “Show”. საზოგადოებამ სტრეიზანდი მიიღო, აღიარა და შეიყვარა. ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ მას. შეექმნათ სტრეიზანდისეული იმიჯი. ვარსკვლავის ფოტომასალას ხშირად იყენებდა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი „Vogue”. იგი მიიწვიეს თეთრ სახლში ლინდონ ჯონსონის ინაუგურაციაზე, ეს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ პატივად და პოპულარობის მაღალ დონედ ითვლება. ამის შემდეგ კი მომღერალმა „გრემის“ რამდენიმე პრემიაც მიიღო, გააფორმა რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტები სატელევიზიო გადაცემებთან. ვარსკვლავმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და მას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი სცემდა თაყვანს.
სამოციან წლებში კინომატოგრაფიაში ბედის საცდელად, ვაჟიშვილის დაბადებამდე ერთი წლით ადრე, სტრეიზანდი ჰოლივუდს ეწვია. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის ვარსკვლავში მორცხვობის ერთი წვეთიც კი აღარ არსებობდა. ახლადგამომცხვარ ვარსკვლავს არ ერიდებოდა მეტად ცნობილი რეჟისორისთვის და ოპერატორისთვის მიენიშნებინა, თუ როგორ სჯობდა გარკვეული სცენების გადაღება. ამის შემდეგ კი მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ომარ შარიფთან. ეს უკანასკნელი ფილმში მას პარტნიორობას უწევდა. ბარბარა გადაღების დროს საკუთარ პოზიციებს მტკიცედ იცავდა და საკუთარ აზრს ყოველთვის აფიქსირებდა. შედეგად კი 1968 წელს „სასაცილო გოგონას“ ეკრანიზაციის შემდეგ, გადამღებმა ჯგუფმა ერთხმად აღიარა, რომ მთავარი გმირი უბრალოდ შეუდარებელი იყო.
სტრეიზანდს მუხლჩაუხრელი შრომა „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიებმა დაუფასეს. ამას მოჰყვა მიუზიკლი „ჰელოუ დოლი“, კომედია „ფილინი და კნუტი“ და „რა მოხდა, ექიმო?“. ამ ფილმებმაც განაპირობეს მსახიობის წარმატება, კარიერული წინსვლა და პოპულარობა.
ამის შემდეგ სტრეიზანდმა მრავალი ჯილდო მიიღო. იგი დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალობას საკუთარი ნიჭიერების წყალობით. ამ დროისათვის მომღერალი სამოცდაათი წლის არის, მიუხედავად ასაკისა იგი აღმასვლას მაინც განაგრძობს.