„ახალი ქართლის ცხოვრება“ ქვაბთახევში წამებულთა შესახებ

  09:52:56     24-04-2012

10 (ახალი სტილით 23) აპრილს ქართული ეკლესია აღნიშნავს, 1386 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მტარვალის, ფსიქოპატი თემურლენგის მიერ ქვაბთახევში წამებული დედებისა და მამების ხსენების დღეს.

ამ დროს საქართველოს მეფე იყო ბაგრატ V დიდი. ჩვენს სამშობლოს შემოუტია  ფსიქოლოგიურად ავადმყოფმა, მაჰმადიანმა ფანატიკოსმა, თემურლენგმა, რომელსაც სისხლის მდინარეები და მოჭრილი თავების გორები მოსწონდა. მას ძალიან მრავალრიცხოვანი და კარგად გაწვრთნილი ჯარი ჰყავდა. თვითონ, მართალია გიჟი იყო, მაგრამ ნიჭიერის სარდალი გახლდათ.

საქართველო, სამწუხაროდ, მოუმზადებელი შეხვდა ველური ურდოს შემოსევას. მეფემ ტფილისი გაამაგრა, არა ერთი ბრძოლაც გაუმართა კოჭლ გიჟს, მაგრამ მტარვალმა შეძლო ჩვენი დედაქალაქის აღება... ბაგრატ მეფე, დედოფალი და არა ერთი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე ტყვედ აიყვანეს. ბაგრატ მეფეს გამაჰმადიანება მოსთხოვეს (ეს სხვა ისტორიაა და სხვა დროს გავიხსენოთ)...

ლენგ თემურმა დაარბია ქართლის სოფლები და ქალაქები, დაანგრია და იავარჰყო არა ერთი ეკლესია-მონასტერი. როგორც სხვა ტაძრებში,  ქვაბთახევის მონასტერშიც, მდინარე კავთურას სათავესთან, ტირანმა აწამა მრავალი სასულიერო პირი საერო პირი, რომლებიც ტყვედ აიყვანეს.

ბარბაროსებმა ტყვეებს შესთავაზეს მაჰმადის რჯულის აღიარება. არც ერთი მათგანი არ დაეთანხმა მაცხოვრის უარყოფას. უწმინდურებმა ისინი ტაძარში შეჰყარეს და ცოცხლად დაწვეს სარწმუნოებისა და სამშობლოს ერთგული წმინდანები...

ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება

პირველი ტექსტი
 
ცხოვრება მეფე ბაგრატ ბაგრატოვანისა, ჲ~ჱ

(ნაწყვეტი)

გაძლიერდა ლანგ-თემურ და პოვა ჟამი წარმართებული საქმისა თჳსისა და დაიპყრა რომელიმე ქუეყანა და წარემართებოდა საქმე მისი კეთილად, ვითარცა არს ჩუეულება საწუთოსა ამის სოფლისა, და იყო რჯულითა სუნი.

წარმოემართა და მოიწია სომხითად. და მოაოჴრა სომხითი და ტყუე-ყო, და ჭირი დიდი მოწია მათ ზედაო, რამეთუ თჳსად მიიმძლავრნა იგინი და ყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.

და წარვიდეს მუნითგან და მიიწივნეს კარსა, და იპყრნა და მოსრნა ყოველნივე, რამეთუ ვერვის ძალ-ედვა წინააღდგომა მისი სიმრავლისაგან სპათასა. და დაიბანაკა და დაიზამთრა მუნვე. და იყო ზამთარი ფიცხელი.

ამას ჟამსა შინა მიერთო ათაბაგიცა და პატივ-სცა დიდად ათაბაგსა.

და შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო აბოცი და მოაოჴრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა. რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკჳდრნი მის ადილისანი და შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი.

და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა ტფილისისასა. და, რა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძჳნდა და დაუმძიმდა წინააღდგომა მეფისა ბაგრატისა. წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა და მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს ციხესა ტფილისისსა. და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთას, და ბრძოდეს ქართველნი ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და უფროისად მოსწყდეს სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე ტფილისისსა. და შემდგომად ამისა მოიპოვა ლანგ-თემურ ღონე ესევითარი: ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა მისთა, და სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს და აღიღეს ციხე. და შეიპყრა მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა, და თჳთ დაიპყრა ციხე და ტყუე-ყო მეფე ბაგრატ. ხოლო დაჰპატიჟა ლანგ-თემურ რჯული მაჰმადისა, ხოლო მეფემან არა უსმინა და ჰყვა პატიმრად.

მაშინ წარვიდა ლანგ-თემურ ყარაიაში ნადირობად: მოინადირეს, შეექცეს და დაჴოცეს მრავალი. და მიერითგან წარვიდეს ყარაბაღსა და მეფე ბაგრატცა თანა წარიყვანეს პატიმარი, და ვითარცა მიიწივა ბარდას, დაყო მუნ ჟამი რაოდენიმე.

მაშინ ლანგ-თემურ ყო ვინმე სარდლადა ერთი მოყმეთა თჳსთაგანი რჩეული, და მისცა მას ლაშქარი მრავალი, და წარგზავნა შიდა ქართლსა ზედა, რამეთუ თჳთ ლანგ-თემურ არა მოსრულ იყო შიდა ქართლსა, და უბრძანა შემუსრვა ციხეთა და ქალაქთა, მოსრვა პირითა მახჳლისათა ყოველთავე მუნ მკჳდრთა, მამაკაცისა და დედაკაცისა. და ჟამსა მას იყო ქორანიკონი ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.

და მოიწივნეს ლაშქარნი მისნი და იავარ-ყვეს და მოაოჴრეს ყოველივე საქართველო, შემუსრეს და დაარღჳვეს წმიდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა, და მიიწივნეს მუნით ქუაბთა-ჴევს, და შეიპყრეს მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, და შეამწყუდიეს ტაძარსა წმიდისა ქუაბთა-ჴევისა ღ(მრ)თის-მშობელისასა. და შეუგზნეს ცეცხლი შინაგან ეკლესიისა და დაწვეს რომელიცა იყოფებოდეს ეკლესიასა მას შინა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედან წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან.

და აღიყარნეს მუნითგან და წარვიდენ ზედა და, სადაცა ვინ იხილეს კაცნი და შენობა, მოსრეს და აღაოჴრეს ყოველივე. და მიიწივნეს რუის[ს]ა და მოიცვეს იგიცა, და იავარ-ყვეს და ეკლესია წმიდისა ღ(მრ)თაებისა ძირითურთ აღმოფხურეს, და მოაოჴრეს. ყოველივე ქუეყანა.

და წარმოვიდეს მუნითგან, და ჩამოვლეს კახეთი და იგიცა აღაოჴრეს და დაწვეს და წარვიდეს.