„აქამდე უცნობი იარაღი“ და ჩრდილოეთ კორეის „მორცხვი“ დიქტატორი - ფხენიანი სეულს განადგურებით ემუქრება
21:04:48     23-04-2012
ჩრდილოეთ კორეის ახალი ახალგაზრდა ლიდერის ქვეყნის სათავეში მოსვლას ექსპერტები, თავიდან იმედით უყურებდნენ, იმ მოტივით, რომ ფიქრობდნენ - ახალგაზრდა და მოუქნელი კიმ ჩენ ინი, მამასთან შედარებით ლიბერალური პოლიტიკოსი იქნებოდა. თანაც, ის შვეიცარიაში სწავლობდა, რაიმე განსაკუთრებული ავტორიტეტით ქვეყნის მმართველ წრეებში არ სარგებლობდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას მისთვის სწორედ ლიბერალური რეფორმებისკენ უნდა ებიძგებინა.
თუმცა, მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა. ახალგაზრდა დიქტატორმა მართვა იმით დაიწყო, რომ არასანდო გენერლები დახვრიტა. ერთ-ერთი მათგანი იმიტომ დასაჯეს სიკვდილით, რომ მამამისის, კიმ ჩენ ირის გლოვის დღეებში ნასვამი ნახეს. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ „მოღალატეები“ ნაღმმტყორცნებიდან დაცხრილეს, რომ მათგან „თმის ბეწვიც კი არ დარჩენილიყო“.
სამხრეთ კორეის გაზეთები თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ რეპრესიებში სამხედრო ელიტის ათობით წარმომადგენელი მოყვა. ასეთი მეთოდით გადაწყვიტა კიმ ჩენ ინმა სამხედროებს შორის ავტორიტეტის მოპოვება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ახლა 28 თუ 30 წლისაა. მისი დაბადების თარიღს, შეგებულად ასაიდუმლოებენ. მისი ხასიათის სისასტიკეზე ოდნავადაც არ უმოქმედია იმას, რომ ის შვეიცარიაში, ბერნის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა, - თუმცა არცთუ წარმატებით. მისი ყოფილი თანაკლასელები ამბობენ, რომ ის მეცადინეობებზე მხოლოდ სადილის შემდეგ მიდიოდა, რადგან ძილი უყვარდა. მისი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდული იყო, რის გამოც ის სხვა ჯგუფში გადაიყვანეს, სადაც მასზე 2 წლით უმცროსები სწავლობდნენ. შვეიცარიის სკოლაში ამბობდნენ, რომ კიმი მორცხვი ბიჭი იყო, რომელსაც მხოლოდ კალათბურთი, თხილამურები და ჟან-კლოდ ვან დამი უყვარდა.
ბერნში სწავლის მთელ პერიოდში, ჩრდილოკორეელი დიქტატორის ვაჟის ნამდვილი სახელი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მას „დიპლომატის ვაჟს“ ეძახდნენ. შვეიცარიის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა - 1999 წელს და იმ დღიდან ევროპაში ფეხიც არ დაუდგამს.
იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც კიმ ჩენ ინმა ქვეყნის მართვა გადაიბარა, მან ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რაც ცხადს ხდის, რომ ის მართლაც „გამორჩეული“ მონაცემების მმართველია. მაგალითად, ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც მან პოსტის დაკავებისთანავე სასწრაფოდ მიიღო, წვევამდელთა „სიმაღლის სტანდარტებია“. ანუ, თუ მანამდე წვევამდელი 145 სანტიმეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ახლა ეს მოთხოვნა 142 სანტიმეტრამდე დავიდა.
ჯერჯერობით, მისთვის ანგარიშის გაწევა მთელ მსოფლიოს უწევს.