კახა კუკავა ჩრდილოეთიდან თბება და მდიდრდება

  14:29:41     23-04-2012

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა  პოლიტიკურ ორიენტაციას აღარ მალავს და ღიად აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ განცხადებებს.

მას შემდეგ რაც კუკავასა და ზვიად ძიძიგურის გზები გაიყარა, „კონსერვატორების“ ლიდერი „ოცნებაში“ აღმოჩნდა, ხოლო კუკავამ არასამთავრობოდან პოლიტიკური პარტია შექმნა. ამ უკანასკნელმა მზერა ჩრდილოეთით მიმართა.

კახა კუკავამ დღეს განაცხადა, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ განცხადებას ის „მთავარ სიმართლეს“ უწოდებს.

„ყველა პარტია ერიდება მთავარი სიმართლის თქმას, იმის შესახებ თუ რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა. საქართველო, რეალურად არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ვაშინგტონიდან იმართება“- განაცხადა კახა კუკავამ და დასძინა, რომ  სანამ ქვეყანა ამერიკული დიქტატისგან არ გათავისუფლდება, იქამდე ვერც თავისუფალი არჩევნები ჩატარდება,  რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო მოლაპარაკება ვერ გაიმართება.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ საშუალება არ მისცეს და შუშის სასახლის მიღმა დარჩა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ფინანსური წყაროს მოძიება აქტიურად დაიწყო რუსეთში. კუკავას იდეა, შექმნილიყო მესამე პოლიტიკური ძალა, ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა ის მაინც აქტიურად ცდილობს პრორუსული ძალების მობილიზებას და არჩევნებში მონაწილეობას.

კუკავას  დიდი გული მას შემდეგ მიეცა, რაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, პუტინის ახლო მეგობარმა და „ქართველ ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარე ალექსანდრე ებრალიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა. „რადგან მე  და კონგრესის უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა არ გვაქვს, მხარს დავუჭერთ „თავისუფალ საქართველოს“ და მის ლიდერ კახა კუკავას. ეს მხარდაჭერა იქნება სრული, როგორც მორალური, ისე მატერიალური“- განაცხადა ალექსანდრე ებრალიძემ.

როგორც ებრალიძემ აღნიშნა, ის მოხარულია რომ ეხმარება კახა კუკავას. თავის მხრივ, მოხარულ-გახარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც ბედი ათასჯერ სცადა, ათას მიტინგს და პარტიას გადაახტა, თუმცა სასურველ შედეგს ვერსად  მიაღწია. ახლა, კუკავასთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და იქიდან მოდის ფულიც, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.