პრორუსი ოლიგარქის პარტიას პრორუსი თავმჯდომარე ჰყავს

  16:27:26     21-04-2012

„ქართული ოცნება - დემოკრატიული“ საქართველო, როგორც პოლიტიკური პარტია, კომუნისტური მქუხარე ტაშის გრიალსა და მანდატების დემონსტრირების ფონზე დაფუძნდა. ოლიგარქს საკუთარი პოლიტიკური ძალა უკვე ოფიციალურად გააჩნია. ამ ორომტრიალში, საინტერესო აღმოჩნდა ახალგამომცხვარი პარტიის თავმჯდომარედ - მანანა კობახიძის არჩევა, რომელიც ცნობილმა ექსპერტ-სექსოლოგმა, არჩილ კბილაშვილმა წარადგინა.

ამ პერსონას ქართული საზოგადოება არც ისე კარგად იცნობს, თუმცა, მის შესახებ უკვე მშვენივრად იციან დასავლეთში. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთი, რომელმაც ოლიგარქის ბიოგრაფიას და პიროვნებას მეტად საინტერესო სტატია მიუძღვნა, წერდა:

„ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თანადამფუძნებელმა, მანანა კობახიძემ ახალი მოძრაობის ანტი-ამერიკული, ანტი-ლიბერალური ფილოსოფია აიტაცა, როდესაც მან დაგმო საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ "ის ცდილობს ასიამოვნოს ამერიკას უმცირესობების დაცვით… ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე - ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?".

„პროდასავლური“ მილიარდერის პარტიის თავმჯდომარე, ქალბატონი კობახიძე მართლაც მკვეთრი ანიამერიკანელი და რუსეთუმეა და საკუთარ ინტერვიუებში ამას არც მალავს.

რელიგიის თემით მოსპეკულირე ქალბატონი და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ადვოკატი, ამერიკულ ინსტიტუტებს ისე უყურებს, როგორც ქვეყნის განვითარებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამის შესახებ საკუთარი პოზიცია მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაახმოვანა.

მოკლედ, ნატოსა და ევროსტრუქტურების „მხარდამჭერი“ ოლიგარქის რეალური მიზნები ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. რაც არ უნდა ამტკიცოს მილიარდერმა, რომ „მისი საოცნებო გზა“ დასავლეთის მიმართულებით მიდის, ფაქტები სულ სხვას ღაღადებენ.

„ქართული ოცნება“ შევარდნაძის ხელისუფლების ნარჩენებითა და პროროსული ელემენტებით სულ უფრო „ძლიერდება“ და თავის ლოგიკურ განვითრებას იძენს...