რუსეთი, მოლდოვას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სცენარით დაემუქრა
15:22:12     21-04-2012
დნესტრიპირეთთან დაკავშირებული ისტორია, შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების კონტექსტში განვიხილოთ, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დიმიტრი მედვედევმა დნესტრისპირეთში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად დანიშნა, - ისევე როგორც, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დაუნიშნა ასეთივე მაკონტროლებლები.
მოსკოვი, რომელიც დსთ-ის სივრცეში წარმოქმნილ კონფლიქტებში ჯერ „სამშვიდობო სტატუსით“, შემდეგ კი ოკუპანტ მხარედ მონაწილეობს, დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთებაზე ალაპარაკდა, - თუკი სუვერენული მოლდოვა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგამს ნაბიჯებს.
მოსკოვი კარგა ხანია საუბრობს იმაზე, რომ მოლდოვა ნატო-სთან დაახლოებას გეგმავს და აფრთხილებს კიშინიოვს, რომ ეს, შეიძლება, მას, ძვირად დაუჯდეს. საუბარია ალიანსთან მოლოდვას რუმინეთის საშუალებით დაკავშირებაზე. გარდა ამისა, მოლდოვას ახალმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფიმ არჩევისთანავე განაცხადა, რომ „ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოლდოვასა და რუმინეთის ერთად ყოფნაა და მოლდოვა და რუმინეთი ერთად უნდა იყონ, რადგან ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში, ისინი ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდნენ“.
გარდა ამისა, რუმინეთსა და მოლდოვას შორის უკვე გაფორმდა სამთავრობათაშორისო შეთანხმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება „დაეხმარება ჩვენს არმიებს შორის სპეციალური ურთიერთობების განვითარებას, ურთიერთობებისა, რომლებიც ევროპული მისწრაფებებში პარტნიორობაზე იქნება დაფუძნებული“ - განაცხადა მინისტრმა.
მოსკოვისთვის ეს უკვე მეტისმეტია. შესაბამისად, რაგოზინმა პირდაპირ განაცხადა, რომ „რუმინეთი - ეს არის კიდეც ნატო. იქ მყოფი ამერიკული ბაზა, თავისი არსით, ეს არის ნატო-ს ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა. თუ რუმინეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურა გაძლიერდება, ხოლო მოლდოვა რუმინეთთან სამოქალაქო ქორწინებაში შევა, სიტუაცია შეიცვლება“ - განაცხადა მან.
მოსკოვის ტექსტი იგივეა, რაც რუსეთის მიერ ზოგადად, სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცების დროს ისმის ხოლმე მოსკოვიდან:
„ჩვენ პატივს ვცემთ მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამ პრინციპს პატივი უნდა სცეს თავად მოლდოვამაც. რა უნდა გააკეთოს მოლდოვამ, რომ ჰქონდეს საერთოს სახელმწიფოს გარანტია? დნესტრიპირეთი უნდა აღიაროს დიალოგის თანაბარუფლებიან მხარედ;… აღიაროს რუსეთის როლი, როგორც ერთადერთი ქვეყნისა, რომელსაც ამ რეგიონში პოლიტიკური და ძალისმიერი ავტორიტეტი აქვს…“ - განაცხადა რაგოზინმა „პრიდნესტროვეც.რფ“-სთან საუბრისას.
მოკლედ, მოსკოვს, უკვე მოლდოვას დაქუცმაცებისა და დნესტრისპირეთის ოკუპაციის გეგმაც აქვს შემუშავებული. მოვლენათა მისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში რაგოზინი იმუქრება, რომ კიშინიოვს პრობლემები შეიძლება შეექმნას არა მარტო დნესტრიპირეთთან, არამედ „ქვეყნის სხვა ნაწილებთანაც“. და საქართველოს მაგალითი მოჰყავს:
„არ გვქონდა რა სხვა გარანტიები სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ იძულებულები ვიყავით გვეღიარებინა ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რათა ლეგიტიმაცია მომხდარიყო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა, რომელმაც იქ, ჩვენი სამხედრო ძალების ყოფნის ლეგიტიმური უფლება მოგვცა“ - ამბობს რაგოზინი. მან რუსეთ-საქართველოს ომი იმის მაგალითად წარმოადგინა, თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ სიტუაციაში, როცა „ერის თვითგამორკვევიაზეა“ საუბარია და რომ ეს უფლება, ზოგჯერ, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემაზე მაღლა დგება. „ისტორია დნესტრისპირეთთან, შესაძლოა ,სწორედ ამ მოვლენების კონტექსტში განვიხილოთ“ - განაცხადა მან.