
კახაბერ ვარდუკაძე, ივანიშვილს, კუთვნილ 27 კილოგრამ ოქროს სთხოვს
11:01:52     20-04-2012
კახაბერ ვარდუკაძე, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკს“, მისი კუთვნილი ქონების მიტაცებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 27 კილოგრამ ოქროს, რომელიც დაიკარგა. როგორც კახაბერ ვარდუკაძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ამბობს, ის ადამიანი, ვინც ცრუ ჩვენება მისცა და თქვა, რომ ოქრო მოიპარა დააწინაურეს და ამჟამად „ქართუ ბანკში” რისკების ჯგუფს ხელმძღვანელობს. ვარდუკაძე საპატრიარქოში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილეა.
სად გაქრა 27 კილო ოქრო და როგორ აპირებს კუთვნილი ქონების დაბრუნებას „ქართუ ბანკის“ მიერ დაზარალებული? „პრესა.ჯი“ კახაბერ ვარდუკაძეს ესაუბრა.
- როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა „ქართუ ბანკთან” და როგორ აპირებთ კუთვნილი 27 კილოგრამი ოქროს დაბრუნებას?
- 2002 წელს დავიწყეთ ურთიერთობა. ამ ბანკში ვინახავდით ოქროს. მე მქონდა რამდენიმე ლომბარდი და ამ ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაკავებული. მოგვიანებით, ოქროს ნაწილი დაიკარგა. ამის შემდეგ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდა ყველანაირი პროცედურა პროკურატურის და გამოძიების მიერ. მე მცნეს დაზარალებულად, მაგრამ საქმე დაიხურა კონკრეტულ პირთა დაუდგენლობის გამო. ეს მოხდა 2004 წელს.
2005 წელს, ისევ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყეს კვლავ გამოძიებები. 2008 წელს, უზენაეს სასამართლოში მოვიგე პროცესი. ამ წლის 13 ივნისს, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანკ „ქართუს“ დაეკისრა 266 ათასი დოლარის გადახდა ჩემს სასარგებლოდ. გამოიწერა აღსრულების ფურცელი და 5 წუთში უნდა გადმორიცხულიყო ეს თანხა ჩემს ანგარიშზე, თუმცა არ გადმორიცხულა. თანხის გადმორიცხვამდე 2 დღე იყო დარჩენილი, როდესაც ბანკის ორმა თანამშრომლობა განაცხადა, რომ მათ მოიპარეს ოქრო. თითქოს 40 % მომცეს მე. მათ მისცეს პირობითი, 3 500 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს, თან ბანკში დააწინაურეს. მე ფაქტობრივად შემიჩერეს თანხის მოწოდება და მაიძულეს, რომ უარი მეთქვა ამ თანხაზე.
- ის ადამიანი, რომელმაც აღიარა, რომ თქვენი ოქრო მოიპარა, დღემდე „ქართუ ბანკში“ მუშაობს...
- გულწრფელად, რომ გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს ვის დანიშნავენ წამყვან თანამდებობებზე და ვინ ეყოლებათ სამსახურში. მე მათ ვუთხარი ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე, რომ ის არის ქურდი და დღემდე მუშაობს მათთან. მხოლოდ ამ პიროვნებაზე ვუთხარი.
- ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც „ქართუ ბანკში“ მივიდა, 360 თანამშრომელი დახვდა და თქვენ ვერ შეგითანხმებდათ ვინ გაეშვა და ვინ დაეტოვებინა...
- ეს იყო საოცარი კომენტარი ჯავახიშვილისა. არაადეკვატური განცხადება იყო. მე მას ვუთხარი მხოლოდ ის, რომ ეს კაცი მათთან არა მხოლოდ მუშაობს, არამედ დაწინაურებულია ოქროს ქურდობის გამო. ეს კაცი იყო თავდაპირველად ლომბარდის ხელმძღვანელი, მას შემდეგ, რაც ცრუ ჩვენება მისცა, ვითომ ოქრო მოიპარა, დააწინაურეს და ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, შემდეგ საბურთალოს ფილიალის ხელმძღვანელად და მოგვიანებით რისკების ჯგუფის უფროსის პოსტზეც დანიშნეს.
- იცის თუ არა ამ ფაქტის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა და თუ სცადეთ მასთან დაკავშირება?
- ჭორვილაშიც გახლდით ჩასული და მინდოდა მასთან გასაუბრება. ორი დღე ვიყავით იმ სოფელში, ტრანსფარანტებიც გვქონდა ჩატანილი. შემდეგ სამი წერილი გავუგზავნე, რადგან მსურდა ამის შესახებ გაეგო მასაც, თუმცა არანაირი პასუხი მისგან არ მიმიღია და არც არანაირ გამოხმაურება მოჰყოლია.
- როგორ აპირებთ თქვენი კუთვნილი ქონების დაბრუნებას?
- სასამართლოს გზით ვაპირებ ჩემი უფლებებისა და კუთვნილი ქონების დაცვას. არასწორად გაიგეს ჟურნალისტებმა, თითქოს მე პრეზიდენტს მივმართავ დასახმარებლად. ეს არასწორი ინფორმაციაა. მე მართალი ვარ და მხოლოდ კანონის ძალით ვაპირებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას.