ქოზიფას (გუგომის) კომპლექსი

  09:51:13     20-04-2012

ქოზიფას (გუგომის) კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ტყემლოვანისწყლის (მდინარე ძამის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, სოფელ ტყემლოვანადან 3 კილომეტრზე, გზის დასავლეთით, მაღალ მთაზე, ქარელიდან დაახლოებით 35 კილომეტრის მანძილზე. კომპლექსში შედის: ხუთი ეკლესია, გალავანი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ხუთივე ეკლესია დარბაზულია. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობების (ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის „გარე ბჭის“ თაღზე.

პირველი ეკლესია (5,1 X 3 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სწორკუთხა აფსიდის კონქი ტრომპებზე არის ამოყვანილი. ერთი სარკმელი საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი, ხოლო მეორე (თაღოვანი) სამხრეთის კედელში. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ფასადებზე თეთრი კირქვის ლავგარდანი შედგებოდა მარტივი ნალისებრი თაღების მწკრივისგან.

მეორე ეკლესია (6,7 X 3,4 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პირველი ეკლესიის გასწვრივ. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია ნაგებია უხეშად დაკუთხული ქვით (ინტერიერის ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილში ჩაშენებულია ერთი მოზრდილი ქვა (2,5 X 1,5 მ). არქიტრავული შესასვლელი დასავლეთითაა. ერთადერთი სარკმელი სწორკუთხა საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი. ნაგებობა დაბალი და ბნელია, ინტერიერი - დაუნაწევრებელი. საკურთხეველს კონქი და სატრიუმფო თაღი არა აქვს, რის გამოც ნახევარწრიული კამარა მთელ სიგრძეზე ხურავს ნაგებობას. ფასადზე ლავგარდანს ღრმად ნაკვეთი ნალისებრი თაღები გასდევს.

მესამე, ღვთისმშობლის ეკლესია ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია (17,85 X 7,85 მ) ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით და პირგათლილი ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვითაა ამოყვანილი. ნაგებობის პროპორციები მსუბუქი და აზიდულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარ წრიული აფსიდია. საკურთხევლის კედელს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. აღმოსავლეთი სარკმლის გვერდებზე, 1,5 მეტრის სიმაღლეზე, მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ მიდგმულია ბრტყელი ქვა, რომლის წინა პირი ნახევრადწრიულადაა ამოღარული. საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური, ზემოთ გაფართოებული სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის წინ ეკლესიის თანადროული კანკელი დგას. კანკელის ფილები მოჩუქურთმებულია (ორი ფილა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით ორი. შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია. გრძივი კედლები და კამარა ორსაფეხურიანი პილასტრებით და საბჯენი თაღებით ოთხ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კედელში, ორ პილასტრს შორის, გაჭრილია ფართო (2,22 მ) და მაღალი (კამარის ქუსლამდე) თაღი, რომელიც ჩრდილოეთის მინაშენში გადის (ასეთივე თაღი, სავარაუდოა, სამხრეთითაც იყო).

ეკლესია მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა XIII საუკუნეს განეკუთვნება. გადარჩენილია მისი ცალკეული ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება; მეორე რეგისტრში მთელი ტანით გამოსახულია მოციქულები, ხოლო ქვემოთ - ეკლესიის მამები. გრაგნილზე, რომლებიც მათ უპყრიათ ხელთ, გაირჩევა ასომთავრული წარწერები. ამავე რიგში, ცენტრში, გამოსახულია ხატი მანდილისაი. სარკმლის წირთხლებზე ორი წმინდანია, თაღში - ჯვარი მედალიონში. მხატვრობა დასრულებულია ორნამენტის ზოლით. დარბაზში სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, თაღს ზემოთ მოცემულია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში - ქრისტე და სამარიტელი დედაკაცი. მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები შემონახულია დასავლეთ კედელზეც. გაირჩევა მხოლოდ ცალკეულ გამოსახულებათა სილუეტები: ზემოთ - ხარება, მესამე რეგისტრის სამხრეთ მონაკვეთზე - სული წმინდის მოფენა. მოხატულობის კოლორიტი ნათელია – ჭარბობს ცისფერი, ღია მწვანე, თეთრი, ოქრა, მოწითალო-აგურფერი. მოქნილი ხაზი, გამომსახველი სახეები, ფერადოვანი ზედაპირის მსუბუქი ხაზოვანი დამუშავება შესრულების მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს.

ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის პერანგი და მორთულობაა იყო გადარჩენილი. კედელი ნაგებია კარგად დამუშავებული ღვინისფერი კვადრებით. უხვად ორნამენტირებული ფასადის დეკორის ყველა ელემენტი ფასადის ცენტრში, სარკმლის ღერძზეა აკინძული. დეკორატიულ სისტემაში ჩართულია წრეთარგისპროფილიანი, ორნამენტირებული ლავგარდანი.

მეოთხე ეკლესია აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში, სტილისტური ნიშნებით სავარაუდოა XV-XVI საუკუნეებით დათარიღება. იგი ფარავს ღვთისმშობლის ეკლესიის მთელ დასავლეთ ფასადს. ეკლესია (8,6 X 5,75 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვით. იგი დამოუკიდებელი სამლოცველოა. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. კარის თავზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში თითო მცირე ზომის სარკმელია. მეოთხე ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელზეა მიდგმული. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია, ხოლო მისი ცენტრიდან, ოდნავ ჩრდილოეთით, კედელზე სატრაპეზო ქვაა მიშენებული. კამარა ნახევარწრიულია და ეყრდნობა ერთსაფეხურიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს.

შინაგანი სივრცე განიერი და დაბალია. ფასადები შედარებით კარგად დამუშავებული ქვით არის ნაგები. დასავლეთ ფასადზე ძლიერ მახვილკუთხიან ფრონტონს ასრულებს მარტივი ფორმის თაროს, ლილვისა და მსუბუქად ამოღარული წრეთარგისგან შედგენილი თლილი ქვის ლავგარდანი.

ეკლესიას ჩრდილოეთით ძირითადი ნაგებობის თანადროული ორი მინაშენი აქვს. პირველი უშუალოს ეკლესიის კედელზეა მიდგმული თლილი ქვის თაღით. იგი შედარებით მოზრდილია და დამხმარე სათავსს წარმოადგენს. კამარა ნახევარწრიული აქვს. დასავლეთ კედელში ერთადერთი სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი მოზრდილი თაღოვანი გასასვლელით ეს სათავსი მეორე მინაშენთან არის დაკავშირებული.

მეხუთე ეკლესია მეოთხესა და პირველ ეკლესიებს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი შესაძლოა მეოთხე ეკლესიის თანადროული იყოს (XV-XVI სს.). ეკლესია (9,4 X 5,2 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთ კედლით უშუალოდ მიშენებულია მეოთხე ეკლესიაზე. ამ კედელზე პილასტრებს შორის გადაყვანილი ყოფილა დეკორატიული თაღები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, ხოლო სარკმელი – დასავლეთით.

გალავანი კომპლექსისათვის შემოუვლიათ XIII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში. იგი ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთით ფართო შესასვლელს ანუ „გარეთა ბჭეს“ ასომთავრულ წარწერიანი თაღი ჰქონია (წარწერა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). წარწერას აკლია თავი და ბოლო, ძნელად იკითხება, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტებით შეიძლება დადგენა – მასში ლაპარაკია კომპლექსის მთავარი ტაძრის აშენაბასა და შემკობაზე.

კომპლექსი ძლიერ იყო დაზიანებული, რომელსაც 1997 წელს, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის თაოსნობით, ჩაუტარდა რესტავრაცია. დღეს აქ მამათა მონასტერია.

სოფელ ტყემლოვანადან 4 კილომეტრზე, მთის ზეგანზე 3 ჰექტარზე, შეინიშნება ნაგებობის ნაშთები და ნაეკლესიარი, რომელსაც შემოვლებული ჰქონია ქვის ციკლოპური წყობის გალავანი (შემორჩენილია წყობის ქვედა რიგი). თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

წყარო