
ხათუნა გოგორიშვილი: ქუთაისის პარლამენტისთვის ახალი რეგლამენტი მზადდება
11:41:08     19-04-2012
მომავალ კვირას, პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება, რომელიც 323 მუხლისგან შედგება. მომავალი პარლამენტისთვის, დოკუმენტის მიღება – საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება. რეგლამენტი ორი ნაწილისაგან შედგება – ძირითადი ნაწილისაგან, რომელიც იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა, ხოლო, მეორე ნაწილში, გარდამავალ დებულებებში – არის დრობითი ნორმები, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმუშავებს. ამას გარდა, ახალ რეგლამენტში, უამრავი სიახლეა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობასთან დაკავშირებით, ასევე, ზოგადად ურჩი კანონმდებლების სანქციებთან მიმართებაში. კონკრეტულად რა სიახლეებს ითვალისწინებს ახალი რეგლამენტი? – „პრესა.ჯი“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ხათუნა გოგორიშვილს ესაუბრა:
– როდის მოხდება ახალი რეგლამენტის პროექტის ინიცირება პარლამენტში?
– რეგლამენტის ახალ ვერსიაზე მუშაობა რვა თვეა მიმდინარეობს და ეს არ არის ცვლილებები, არამედ სრულიად ახალი რეგლამენტის წარდგენა მოხდება. რაც შეეხება პროექტის ინიცირებას, ამ ეტაპზე, საბოლოო რედაქციულ ექსპერტიზას ვაკეთებთ და მომავალ კვირას, რეგლამენტის პროექტს წარვადგენთ. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტზე მუშაობა ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს – როგორც დეპუტატებმა, ასევე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების აპარატების თანამშრომლებმა, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რეგლამენტის კონკრეტულ მუხლებს – რა დადებითი ან უარყობითი მხარე შეიძლება ჰქონდეს. რეგლამენტის მიღება გარკვეულ ტრადიციასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ყოველთვის, წინა მოწვევის პარლამენტი მომავალი პარლამენტისთვის რეგლამენტს იღებს. შესაბამისად, პროექტი ობიექტურად არის მომზადებული, რადგან არავინ იცის მომავალ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი როგორი იქნება. ამ ტრადიციას, ჩვენც არ დავარღვევთ და საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, პროექტს სამი მოსმენით მივიღებთ, მაგრამ რეგლამენტის ახალი ვარიანტი ძალაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევა.
– რა სიახლეებს ითვალისწინებს ახალი რეგლამენტი?
– ახალი რეგლამენტი საკმაოდ სქელკანიანია და ის 323 მუხლისგან შედგება. ვინაიდან, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის თანამშრომლობის ფორმა იცვლება, ჩვენ ორი ვარიანტი გვქონდა, რომ ისეთი რეგლამენტი მოგვემზადებინა, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმუშავებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, 2013 წლის შემდეგ ახალი რეგლამენტი ისევ უნდა მიგვეღო. ამ გზით არ წავედით და რეგლამენტი ორი ნაწილისაგან შედგება. კერძოდ, პირველი გახლავთ – ძირითადი ნაწილი, რომელიც იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა, ხოლო, მეორე ნაწილში, გარდამავალ დებულებებში – არის დრობითი ნორმები, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმუშავებს. ამას გარდა, ახალ რეგლამენტში თავი ჩნდება, რომელიც ამომრჩეველთან ურთიერთობას ეხება. კერძოდ, დღეს მოქმედ რეგლამენტში წერია, რომ პარასკევი, შაბათი და კვირა შეიძლება გამოყენებული იყოს ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის, თუმცა, მერწმუნეთ, რომ ამას პრაქტიკაში არავინ იყენებს. ხშირად, რეგიონებში დავდივარ და ჩვენი შეხვედრა–შეხვედრისთვის არ არის, რადგან ამ შეხვედრებს, კონკრეტული შედეგი უნდა ჰქონდეს. როცა, შეხვედრაზე კონკრეტულ პრობლემის შესახებ ვიგებ ამის შესახებ, შესაბამის კომიტეტს ვატყობინებ, ან სპონტალურად რეაგირება ხდება.
ახალ რეგლამენტში, კონკრეტული დღეები გავწერეთ, როდესაც ამომრჩეველთან შეხვედრა მოხდება და ამ აუდიენციის შემდეგ, კონკრეტული ინფორმაცია აუცილებლად უნდა მოგროვდეს და მას მსვლელობა უნდა მიეცეს. ამას გარდა, სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მომავალ პარლამენტში საქმის ელექტრონულ წარმოებაზე გადავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის ინიცირებისთანავე, ნებისმიერი პროექტის ატვირთვა ჩვენს ვებ–გვერდზე მოხდება. ასევე, პლენარულ სხდომაზე, ქაღალდებით აღარ ვიმუშავებთ.
– რაც შეეხება პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამართვის ფორმატს. ცვლილებები იქნება?
– ბოლო შვიდი წელია რეგლამენტში წერია, რომ არის – სასესიო და არასასესიო კვირა. კერძოდ, სასესიო კვირის დღეებში – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს სასესიო დღეებია, თუმცა, ამ მოწვევის და წინა მოწვევის პარლამენტში, ოთხი სხდომა არცერთჯერ არ ჩატარებულა. ეს ნორმა მაშინ მუშაობდა, როდესაც საქართველოში, საერთოდ საკანონმდებლო ვაკუუმი იყო და არცერთი მიმართულებით კანონები არ არსებობდა. ახლა, ძირითადად ცვლილებებზე ვართ გადასული, რადგან ქართული კანონმდებლობა არსებობს. შესაბამისად, თვეში რვა სხდომის გამართვა საჭირო ნამდვილად აღარ არის. უკვე მეშვიდე წელია, რაც ორშაბათის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს, რომ კომიტეტებისთვის ორი დღე გამოვათავისუფლეთ. ამიტომ, ეს ნორმა შეიცვლება და რეგლამენტში იქნება ორი დღე პლენარული სხდომისთვის, ხოლო ორი დღე საკომიტეტო მოსმენისთვის.
– ვინაიდან, ამ მოწვევის პარლამენტში პრობლემას ქვორუმი წარმოადგენს. ურჩი დეპუტატებისთვის სანქციები მკაცრდება?
– მოქმედი ნორმით, რეგლამენტის დარღვევაზე ფინანსური სანქციები დიდი ხანია მუშაობს. შესაბამისად, კომიტეტისა და პლენარული სხდომების გაცდენისთვის კოლეგებს ხელფასები ექვითებათ, მაგრამ ამ მხრივ, უმრავლესობაა დაჩაგრული, რადგან შეღავათი არ გვაქვს და ნებისმიერი არასაპატიო გაცდენა სანქცირებულია. ოპოზიციას უფრო ინდობენ. ზოგჯერ, დარბაზში ოთხი ოპოზიციონერია, მაგრამ ტაბლოზე ათი ხმა ფიქსირდება და ოპოზიციის ხუთ პულტს სხვა იყენებს, მაგრამ ამაზე რეაგირება არ კეთდება. რეგლამენტის მიხედვით, პულტის დატოვების შემთხვევაში, დეპუტატს მთელი თვის ხელფასი ექვითება, განმეორების შემთხვევაში ორი თვის და ა.შ. რაც მკაცრი სანქციაა. მართალია, ეს ნორმა სრულდება, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს ნორმა, რომელიც ზოგადად, შრომის წესს არეგულირებს, რომლის მიხედვით, თვის განმავლობაში, არ შეიძლება ადამიანს ხელფასის ნახევარზე მეტი დაუქვითო.
ანუ, ეს ნორმები ერთმანეთთან შეუსაბამაობაში მოდის. ვინმემ, თუ ერთხელ მაინც დატოვა პულტი, ამ შემთხვევაში, თვის განმავლობაში, პარლამენტში მისი სიარული აზრს კარგავს, რადგან მას ანაზღაურება არ ექნება. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის გაცდენისთვის დეპუტატს ხელფასის 20 პროცენტი ექვითება, ხოლო პლენარული სხდომისთვის 10 პროცენტი, მაგრამ ეს დაქვითები გონივრულ ვადებში უნდა ჯდებოდეს, რადგან არ შეიძლება ხელფასის დაქვითვა წინმსწრებად ხდებოდეს. ასეთი მკაცრი სანქციები უფრო ძნელად ასამოქმედებელია. ამიტომ, სანქციები ჩამოვწიეთ, მაგრამ ეს იქნება ნორმები, რომლებიც რეალობაზე იქნება მორგებული და ის იმოქმდებს კიდეც. ახალ რეგლამენტში დაკონკრეტებულია, რას ნიშნავს პლენარული სხდომის გაცდენა. სხდომის გაცდენა ჰქვია – როდესაც, დეპუტატი სხდომაზე რეგისტრაციას არც დილას გაივლის და არც კენჭისყრების წინ. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხზე, სულ იყო კამათი. დეპუტატები ამბობენ, რომ დილით ვიყავი, შემდეგ წავედი და ა.შ. ყველაფერი დეტალურად გაიწერა, რომ საკამათო არავის ჰქონდეს.
– ხელფასიდან დაქვითული თანხები, რას ხმარდება?
– თანხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტის ხაზინადართა საბჭო იღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხები კარგ საქმეს ხმარდება. კერძოდ, შარშან ეს თანხები, ატენის სიონის ფრესკების რესტავრაციისა და კონსერვაციისთვის ირიცხებოდა, შემდეგ კი, ბავშვთა სახლებს ერიცხებოდათ. ახლა, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რომელთა შორისაა – ინგილო ბავშვების სწავლის საფასურთან დაკავშირებული საკითხი. სულ ვხუმრობ ხოლმე, რომ რაც მეტი დაქვითვა იქნება, მით უკეთესია. როცა, ადამიანი სამსახურში არ დადის, მას ანაზღაურება არ უნდა ჰქონდეს.
– რაც შეეხება მომავალ პარლამენტში მედიის მუშაობის ფორმატს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მედიას საქმიანობა შეზღუდულ რეჟიმში მოუწევს და ა.შ. მართალია, ამ საკითხს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, მაგრამ მედიის მუშაობის წესები თუ ჩამოაყალიბეთ?
– მედიის მუშაობის წესებს, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ადგენს. რაც ძალიან მარტივია, რადგან ცვლილება დროში არ იწელება. რაც შეეხება პარლამენტის ახალ შენობას, უნდა ითქვას, რომ მედიისთვის ახალ პარლამენტში ძალიან კარგი პირობებია შექმნილი, გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქ არის. ყველა ტექნიკური და ლოჯისტიკური დეტალი გავითვალისწინეთ, რომ მედიას ინფორმაციის გადაცემის მოქნილი და მოხერხებული საშუალება ჰქონოდა. სხდომათა დარბაზში, ყველგან არის პრესისთვის ადგილი, მაგრამ ამ პარლამენტში, კომიტეტის მსვლელობისას მომხსენებელს და წამყვანს ხედავთ? თუ ხედავთ ე.ი. კომიტეტს ჟურნალისტები არ ესწრებიან. საუბარია, რომ მომავალ პარლამენტში, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და დარბაზში შტატივებით სირბილი არ იყოს საჭირო. ყველა კომიტეტის დარბაზი აღჭურვილია იმდენი კამერით რამდენიც საჭიროა, რომ ინფორმაცია მიიღოთ და თავად მიიღებთ გადაწყვეტილებას რომელი კადრი გინდათ და რომელი არა.
– მოქმედ რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, შესაძლებელი ხდება – 1 მაისიდან პლენარული სხდომები ქუთაისშიც ჩატარდეს. 26 მაისის გარდა, პარლამენტის ახალ შენობაში სხდომის ჩატარება იგეგმება?
– 26 მაისისთვის ვემზადებით, რომ ახალ შენობაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს. ეს სიახლეა და საზეიმო პლენარული სხდომა გაიმართება. რეგლამენტში, ეს ცვლილება, რომ არ შესულიყო ყველა დაწერდა, რომ სად ჩატარდა სხდომაო. იმიტომ, რომ ამას სამართლებლივი საფუძველი ჰქონდეს ცვლილებები ამიტომ ხორციელდება. სხდომები შეიძლება ჩატარდეს, შეიძლება არა.