პოეტ მარიამ წიკლაურის ახალი წიგნის - „მარადისობის რიტუალის" წარდგინება

  09:32:39     19-04-2012

პარასკევს, 20 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში

გაიმართება

კავშირ - პოეტურ ორდენ “მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა

 პოეტ მარიამ წიკლაურის ახალი წიგნის -

„მარადისობის რიტუალის" წარდგინება.

ესაა ლექსების ციკლი, ერთი მთლიანი ნაწარმოები, საერთო დრამატულ ღერძზე აგებული, რომლეშიც პოეტი საკუთარი გვარის ანდრეზის გამოყენებით გვაჩვენებს იმ ღრმა სულიერ კავშირებს, რაც ადამიანს თავის წარსულთან გააჩნია. ეს წიგნი ძალიან ბევრი გვარის წარმომადგენელს გაახსენებს ძველ ისტორიას და აპოვნინებს საკუთარ ფესვებს.

დასაწყისი: 18 საათზე

მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით - http://www.sciencelib.ge/node/64)

გთხოვთ მობრძანდეთ!

დასწრება თავისუფალია

მარიამ წიკლაურს იცნობს პრესა.გე-ს მკითხველი. გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.

საით მეტი ხარ

საით მეტი ხარ საქართველოვ,
ცისკენ?
მიწისკენ?
რა სკნელში აღარ ჩაწმახნულან
შენი ფესვები.
რა მანაზე ხარ შებაწრული
სიკვდილ-სიცოცხლით,
მარადისობას წამივით რომ
არა ბეზრდები?
რა სიყვარულის ერთგულებით ხარ
დაშანთული?
ბალავრისა ხარ,
ჩუქურთმის თუ
ქვა ხარ პიტალო?
და ყველაფერი, ყველაფერი
რაც დაგებედა,
დედაკაცივით შეგიძლია,
რომ აიტანო...

შენ მაინც წერე

უჟამო ჟამის ყანაში ვდგავარ,
ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი.
მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ
ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი.
წერე, პოეტო, შენ მაინც წერე,
რომ სიყვარული არის მარადი!
თორემ, რითიღა უნდა გავმართლდე,
უფალს საკუთარ თავს რომ ვპარავდი
და ავაზაკებს ვატანდი ლუკმად
ბედნიერების ხვავრიელ ალაფს.
განა იკმარეს?! დღემდე სხეულზე
ცეცხლით მოხატულ სვირინგებს ვმალავ.
ჩემმა ფასკუნჯმაც მკორტნა და მკორტნა,
ტკბილი ყოფილა ხორცი ადამის.
საზღვარი აღარ ემჩნევათ სკნელებს,
ვერ მივაკვლიე წყაროს სათავეც.
პეშვი წყალივით ვარ და…არცა ვარ,
გზა-გზა და ბილიკ-ბილიკ ვილევი.
რომელ ჭალაში გაიხლართება
ჩემი იმედის თეთრი ირემი?
წერე პოეტო, უფრო თამამად
შემოუძახე მარადისობას,
თორემ რაღა ვქნა, რომ დავიჯერო
წარმავლობა და არავისობა...
იცი, ვერასდროს ვიქნებით ქვეყნად
საკუთარ თავზე მისხლითაც მეტი,
მაგრამ ახერხებ, ჩვენს სიმწირეში
მარადისობის ჩატიო ღმერთი!
სწორედ ამიტომ წერე, პოეტო,
შენს სიჯიუტეს ვენდობი ახლაც,
მზე ფრთებს გიდნობდა და შენ ლოცვებსაც
არ ღირსებიათ სამოთხე სახლად.
უჟამო ჟამის ყანაში ვდგავარ,
ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი.
მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ
ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი.

აქვე აღვნიშნოთ, რომ „მარადახალი ქნარი“ კარგ საქმეს აკეთებს, რეგულარულად და ტრადიციულად, და ხშირად ახარებს პოეზიის მოყვარულებს.