პარტიების შემოსავლებთან დაკავშირებით, ცვლილებები მზადდება

  21:19:15     18-04-2012

პარლამენტში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის თანახმად,  წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიებს შემოსავლებზე ლიმიტი მოეხსნებათ. ასევე,  პარტიებისთვის სანქცია უქმდება, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების მოხსნას უკავშირდება.

წარდგენილი ცვლილებებით, პარტიები, რომელთა წლიური ბრუნვა 1000 ლარს არ აღემატება, შეღავათით ისარგებლებენ. 

კანონის დღეს მოქმედი ნორმით, პარტია ვალდებულია - ყოველი წლის 1 თებერვლამდე კონტროლის პალატას  გასული წლის საფინანსო დეკლარაცია, აუდიტური ფირმის დასკვნასთან ერთად გაუგზავნოს. პროექტით კი კონკრეტდება, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, შეღავათი წესდება იმ პარტიებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 1000 ლარს არ აღემატება.

კერძოდ, ასეთ პარტიებს შეეძლებათ კონტროლის პალატას დეკლარაცია, აუდიტორული დასკვნის გარეშე წარუდგინონ.

ამასთან, ცვლილებებით, არტიებს შემოსავლებზე ლიმიტი ეხსნებათ. კანონის აქამდე არსებული რეგულაციით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულებებისა და კანონით დაშვებული სხვა ფორმებით მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს - საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პროცენტს ისევე, როგორც პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს - საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პროცენტს.  კანონპროექტით კი დგინდება, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ზღვარი მხოლოდ ხარჯებთან მიმართებაში რჩება, შემოსავლებთან მიმართებაში კი, უქმდება.

კერძოდ, პარტიებს შეეძლებათ განუსაზღვრელი ოდენობის შემოსავალი მიიღონ, თუმცა მათ მიერ თანხების ხარჯვა, მაინც ლიმიტირებული იქნება.

ამას გარდა, ცვლილებებით, პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას, კონტროლის პალატა - ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოაქვეყნებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონის დღეს მოქმედ ნორმაში ნათქვამია, რომ პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კონტროლის პალატა უზრუნველყოფდა. პროექტით კი ზუსტდება, რომ პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატამ ვებ-გვერდზე, ყოველთვიურად უნდა განათავსოს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ხარჯებსაც ეხება. კერძოდ, ამ კატეგორიის მაჟორიტართა ხარჯები  სპეციალური ფორმულით დაითვლება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიაში დაშვებული ხარჯების ზედა ზღვარი (წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პროცენტი) ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე უნდა გაიყოს, მიღებული რიცხვი კი, ამ საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე გამრავლდეს.

გარდა ამ ცვლილებებისა, მნიშვნელოვანი სიახლეა - პარტიების სანქციასთან დაკავშირებით საკითხი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების მოხსნას უკავშირდება. პროექტით, კანონის 28-ე მუხლი, რომელიც რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო დაფინანსების მოხსნას ითვალისწინებდა, საერთოდ უქმდება.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში 2 000-დან 15 000 ლარამდეა, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში მოეხსნებოდა, 15 000-დან 50 000 ლარამდე დარღვევის შემთხვევაში - ორი წლის განმავლობაში, 50 000 ლარზე მეტი დარღვევის შემთხვევაში კი - ოთხი წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები - არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით შედის.  პროექტი, პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული. მისი მეორე მოსმენით მიღება, მომდევნო სასესიო კვირისთვის გადაიდო, რადგან  გასულ კვირას, კანონპროექტზე დაგეგმილი კენჭისყრა, ქვორუმის არარსებობის გამო არ შედგა.

რაც შეეხება დღეს მოქმედ კანონს, ის პარლამენტმა, გასულ წელს, მიიღო და კანონი პარტიების დაფინანსებასთან და შემოწირულობებთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებს.