ხიდაშელი ბიძინას, ბიძინა კი ხალხს ატყუებს

  15:37:04     18-04-2012

21 აპრილს ოლიგარქი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი პარტიას  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა და განაცხადა:  მე, საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი, დავაფუძნებ პარტიას...

21 აპრილი ახლოვდება, თუმცა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ოცნებაში ჯერ ინფორმაციას არ ფლობენ, რა ფორმით მოხდება პარტიის დაფუძნება. „პრესა.ჯი“ დაინტერესდა თუ ვინ იქნება პარტიის სიაში პირველი ნომერი.

თავდაპირველად, ეს შეკითხვა კოალიციის წევრს და „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს დავუსვით. ხიდაშელმა განაცხადა, რომ ივანიშვილს მოქალაქეობას ხალხი მისცემს და სწორედ ხალხის მიერ მინიჭებული მოქალაქის მანდატით დააფუძნებს ივანიშვილი პარტიას.

ჩვენ შეკითხვაზე, რა იგულისხმება ხალხის მიერ მიცემულ მანდატში, ხიდაშელმა არ დააკონკრეტა და გვირჩია 21 აპრილს დაველოდოთ. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პარტიის დაფუძნების თარიღი არ შეცვლილა და 21 აპრილს დაფუძნდება პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ილიასა და აკაკის ლექსების ციტირებითაა დაკავებული და არჩევს, რომელი რომლისაა,  შუშის სასახლეში დიდი სამზადისია. სამ დღეში ოლიგარქმა პარტია უნდა დააფუძნოს, თუმცა როგორ? ამ კითხვაზე პასუხი იქ არავის აქვს, ან არ ახმოვანებენ.

მაია ფანჯიკიძემ გვთხოვა დაველოდოთ 21 აპრილს და ვნახავთ ვინ, როგორ და რა სტატუსით დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას. „წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, დაელოდეთ 21 აპრილს და ნახავთ რაც იქნება და ვინ რა სტატუსით იქნება წარმოდგენილი პარტიაში, მანამდე შეგიძლიათ აკრედიტაცია გაიაროთ“,- დაგვარიგა ფანჯიკიძემ.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა ივანიშვილი 21 აპრილს საქართველოს მოქალაქე, პასუხს თავს არიდებს „ქართული ოცნების“ ადვოკატი ზაქრო ქუცნაშვილიც.

„პრესა.ჯი“: ივანიშვილმა განაცხადა, რომ 21 აპრილს პარტიას დააფუძნებს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ეს რეალურია თუ პოლიტიკური პიარისთვის გაკეთებული განცხადება იყო?

ზაქრო ქუცნაშვილი:  მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დაესწარით 21 აპრილის ყრილობას და ნახავთ რაც მოხდება და რა როგორ იქნება.

- თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ივანიშვილს ხალხი მისცემს მოქალაქის მანდატს, რა იგულისხმება მის ამ განცხადებაში?

- შესაძლოა მან იგულისხმა ხელისუფლების წყარო. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დეფაქტო და დეიურე ხელისუფლება. დეფაქტო  - ეს არის ხელისუფლება, დეიურე - ეს არის ხალხი.

- სამართლებრივად ივანიშვილს მოქალაქეს ვერ გახდის...

- ნატურალიზაციის გზით, მოქალაქეობის მიცემის საკითხში გეთანხმებით, მაგრამ ე.წ. მულტიმოქალაქეობის ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

- 21 აპრილამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი და ამ შემთხვევაში გვაინტერესებს  - იქნება თუ არა, ივანიშვილი 21 აპრილს მოქალაქე. სასამართლო პროცესი ცოტა შორეული პერსპექტივაა...

- მეც მაინტერესებს რა იქნება და მობრძანდით და ვნახოთ ერთად“.

„მეტი არა ჩემი მტერი“ - ასე აფასებს შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტას 21 აპრილამდე. ნათელაშვილი ამბობს, რომ 21 აპრილამდე პროცედურულად შეუძლებელია მოხდეს ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა.

ოლიგარქი 21-ში სიურპრიზებსა და მოულოდნელობებსაც გვპირდება. მოკლედ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 21 აპრილს  და ვნახოთ - რაოდენ „ნებიერად“ დააფუძნებს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას.