ფრანსუა ვიიონის „პარიზის პარლამენტის სადიდებელი“
12:17:09     18-04-2012
დიდი ფრანგი პოეტი, ფრანსუა ვიიონი (François Villon), დაიბადა 1431 წელს.
მასზე ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მწირია. რვა წლის ასაკიდან იყო ობოლი და გაზარდა ნათესავმა გიიომ დე ვიიონმა. გიიომ დე ვიიონი იყო პარიზელი სასულიერო პირი, წმინდა ბენედიქტეს ეკლესიის კაპელანი. პოეტი შემდეგში ამბობდა, რომ გიიომ დე დე ვიიონი ჩემთვის მამაზე მეტი იყოო. 12 წლისა მოეწყო ხელოვნების მოსამზადებელ ფაკულტეტზე პარიზის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1449 წელს ბაკალავრის ხარისხით. სამი წლის მერე გახდა ხელოვნების ლიცენციანტი (ხარისხია დოქტორობის გზაზე. ლექციების წაკითხვის უფლებით და სხვა) და მაგისტრი. შეეძლო ემუშავა მასწავლებლად და ა. შ..
პარიზის საშუალო ფენა იმ პერიოდში გაღატაკებული იყო ასწლიანი ომის გამოისობით. ამ დროს უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომი (1337-1453). ფრანსუა აღმოჩნდა დეკლასირებულ, კრიმინალურ ელემენტებს შორის. თუმცა მას იღებდნენ პარიზის პრევოს (მეფის წარმომადგენლის) სახლში, სადაც პოეტები იკრიბებოდნენ. პრევო მფარველობდა ნიჭიერ პოეტს. მას მიუძღვნა კიდეც ერთი ნაწარმოები ფრანსუამ, მისი ქორწინების აღსანიშნავად. იგი 1450-იან წლებში უკვე ცნობილი იყო როგორც შესანიშნავი პოეტი. მისი სტუდენტური ცხოვრება ცოტა აირია კიდეც.
1455 წლის 5 ივლისის საღამოს მას თავს დაესხა აბატი ფილიპე სერმუაზი. ჩხუბში, რომელიც ალბათ ქალის გამო მოხდა, ფრანსუა ვიიონმა სასიკვდილოდ დაჭრა მღვდელი. პოეტი იძულებული გახდა პარიზიდან გადახვეწილიყო. მღვდელმსახურმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ ჩხუბი მან დაიწყო და შეუნდო ფრანსუას. სამეფო სასამართლომ, რომელსაც ფრანსუამ ორჯერ მიმართა, პოეტი უდანაშაულოდ ცნო.
მაგრამ, შვიდი თვის მანძილზე, რაც მას გადახვეწა მოუწია, ფრანსუას ცხოვრება აირია. უფულო, გენიოსი პოეტი მოხვდა ცუდ საზოგადოებაში, დაუკავშირდა დამნაშავეთა სამყაროს. როგორც ეჭვობდნენ, პოეტი მონაწილეობას იღებდა ორ ძარცვაში. პარიზში დაბრუნდა 1456 წლის დასაწყისში. შობის ღამეს კი ორ თანამზრახველთან ერთად გაძარცვა ნავარის კოლეჯი, საიდანაც მოიპარეს 500 ოქროს ეკიუ. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო იმ დროს. ქურდებმა ფული გაიყვეს და ფრანსუამ გადაწყვიტა გაცლოდა პარიზს. ძარცვის ღამეს დაუწერია სახუმარო გზავნილი, გამოსალმება მეგობრებისადმი, თავისი ცნობილი ნაწარმოები "მცირე ანდერძი" (Le petit testament).
რამდენიმე თვის მერე კოლეჯში აღმოაჩინეს რომ ფული დაკარგულიყო, გაირკვა ქურდების ვინაობაც. ამიტომ ფრანსუა ვიიონმა პარიზში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
პოეტმა ხუთი წლის მანძილზე მოიარა თითქმის მთელი საფრანგეთი, ბრეტონიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ერთ ხანს კარლოს ორლეანელის სასახლეში ცხოვრობდა.
1460 წელს პატარა ჰერცოგის ასულის, მარია ორლეანელის პატივსაცემად ციხიდან გაათავისუფლეს. 1461 წელს ლუდოვილი XI-ს ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით კვლავ შეიწყალეს და გაათავისუფლეს ციხიდან. დაბრუნდა პარიზში და სიკვდილის წინათგრძნობით შეპყრობილმა დაწერა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები "დიდი ანდერძი".
1462 წელს დაიჭირეს ქურობისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს არ იყო დამნაშავე. მერე მისმა ამხანაგებმა მძიმედ დაჭრეს პაპის ნოტარიუსი. ისევ დააპატიმრეს პოეტი, თუმცა ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია. აწამეს. მიუსაჯეს ჩამოღრჩობა. სწორედ მაშინ დაწერა ცნობილი ლექსი "ჩამოღრჩობის წინ", სადაც საკუთარი სიცოცხლისადმიც კი ირონიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს:
“ფრანსუა ვარ, ესეც ისე,
მაწევს, როგორც განაჩენი...
ეუწყება მალე კისერს,
რას იწონის გავა ჩემი”.
თუმცა ჩამოღრჩობა 10 წლით გადასახლებით შეუცვალეს პოეტს. ეს პარიზის პარლამენტის გადაწყვეტილებით მოხდა. რამაც გამოიწვია წინამდებარე ლექსის შექმნა, რომელშიც, ალბათ ისევე უნდა ამოვიკითხოთ მისი მწარე ირონია, როგორც ბევრ სხვა ლექსში.
ამის მერე ფრანსუა ვიიონის შესახებ ცნობები აღარ ჩანს. როგორც ფიქრობენ, გაძევებულს, ალბათ, დიდხანს არ უცოცხლია. მისი წიგნი გამოვიდა 1491 წელს და ის შეუსწორებელი იყო...
ფრანსუა ვიიონზე გავლენა მოახდინა ფლამანდრიულმა ფოლკლორმა, მისმა ნატურალიზმმა და XII-XIV საუკუნის ზოგიერთმა პოეტმა. მისი რეალისტური და სარკაზმით სავსე პოეზია ხშირად რეალისტურია, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე. მისი პოეზია გრძნობებითაა სავსე, დიდი ადგილი უჭირავს ლირიკას. მომავალი დროის პოეტებზე ფრანსუა ვიიონმა დიდი გავლენა იქონია.
მთარგმნელის შენიშვნა: „წინამდებარე ლექსი დაწერილია 1462 წლის ბოლოს, როცა პარლამენტმა პოეტს სასიკვდილო განაჩენი გაძევებით შეუცვალა. ვიიონი სამი დღის ვადას ითხოვს, რომ თავისიანები ნახოს და გზის ფული იშოვოს“.
პარიზის პარლამენტის სადიდებელი
(თარგმნა დავით წერედიანმა)
წინ, ხუთივე ჩემო გრძნობავ,
თვალ-ყურნო და ცხვირ-პირ-კანო!
ვართ! სოცოცხლე გვეწყალობა!
ქება ღვთის და კაცთა კანონს!
არ არსებობს ახლა ვერთქმა,
აბა, განცდით! აბა, ერთხმად! –
„პარლამენტო, მადლით გვინათ,
მართალკაცმა დედად გსახა,
ღვთისგან იშვი ცათა შინა,
ანგელოზთა ღვიძლი და ხარ“!
გულო, მოლბი! კმარა დრტვინვა!
ნუ ხარ კლდეზე კლდე და სალი!
უდაბნოში რუხმა ტინმა
ლტოლვილთათვის გასცა წყალი.
თქვი სიტყვები, ცრემლის ღვარში,
სისხლის ტბორში მონახარში:
„პარლამენტო! ცით მოხვედი,
ალალ გულთა სმენად დახვალ,
სულისდგმა ხარ საფრანგეთის,
ანგელოზთა ღვიძლი და ხარ“!
წინ, კბილებო! ნუ კაწკაწებთ!
წინ, ფილტვებო! წინ, ელენთავ!
ხოტბის შესხმა ვალად გაწევთ,
ცოცხალია თქვენი ერთა!
ცოცხალი ხარ, მძორო, ნუთუ!
გადროვებენ ლაფში ღრუტუნს!
აბა, ერთხმად! - პარლამენტო,
ვინ სიკეთის ბურჯად დგახარ,
დიდება და მადლი შენდა,
ანგელოზთა ღვიძლი და ხარ“!
პრინცო, ვიდრე ვნახავ ჩვენებს,
გული როგორ მომასვენებს,
ვადა არ და ფული აღარ!
დღე ვითხოვე სამად სამი,
პარლამენტო, მითხარ ამინ,
ანგელოზთა ღვიძლი და ხარ“!
აქვე მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ფრანსუა ვიიონის კიდევ ერთი ლექსი, „ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.
ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა
ფლორა, დიადი რომის მშვენება,
ან თაისი და არქიპიადე
სად გაიტაცეს დროის ცხენებმა;
ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა,
და დაცემული ტბაზე ბინდები,
ან ის სინაზე და ჯადოქრობა?..
სად არის თოვლი შარშანწინდელი?
ან ელოიზა დრომ სად ისროლა,
რომლის მშვენებამ პიერ აბელარს
არგუნა ბედად საჭურისობა
და სიყვარულის სული შთაბერა;
ან დედოფალი სად გაქრა, რომლის
ნებით აქაფდა სენის ზვირთები
და ბურიდანი ისროლეს ტომრით?..
სად არის თოვლი შარშანწინდელი?
დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ,
სადღაა მისი ხმა და მაისი.
ან დიდფეხება სად არის ბერტა,
ან არამბურჟის სახლი მაინზე;
ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა,
რომ აგიზგიზდა მისი დიდების
ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან...
სად არის თოვლი შარშანწინდელი?
ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს,
ქრება ციმციმიც მარგალიტების
და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს:
სად არის თოვლი შარშანწინდელი?