
იაროსლავ კაჩინსკი: ჩემი ძმა მოკლეს…
09:41:54     18-04-2012
სმოლენსკის კატასტროფის შედეგად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი დარწმუნებულია, რომ ავიაკატასტროფა, პრეზიდენტზე დაგეგმილი თავდასხმა იყო. ამის შესახებ იაროსლავ კაჩინსკიმ ტელეკომპანია TVP Info-ს ეთერში ისაუბრა. ის იზიარებს ვერსიას, რომ თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა და არანაირ ხესთან შეჯახებას ადგილი არ ჰქონია. მისი ძმის მკვლელობის თემაზე, ბოლო პერიოდში, იაროსლავ კაჩინსკი ირიბად უკვე აღარ საუბრობს.
კაჩინსკიმ, ფაქტობრივად, პირდაპირ დაადანაშაულა პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი და განაცხადა, რომ სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა კატასტროფის ძირითადი ფაქტორების დამალვის გამო. კაჩინსკის თქმით, ტუსკმა გააკეთა ყველაფერი, რათა „მიზეზები ბოლომდე არ გარკვეულიყო“. მან დასძინა, რომ ტუსკმა თავს უფლება მისცა, ჩართულიყო ვლადიმერ პუტინთან ერთად თამაშში, რომლისგანაც თავის დახსნა მას აღარ გამოუვიდა.
„თავად გაფრენა ამ თვითმფრინავისა, ჩამოვარდნის მიზეზები და ბოლოს და ბოლოს ის, რაც შემდეგ ხდებოდა, მიუთითებს, რომ ერთადერთი თეორია, რომელიც ამ ყველაფერს ახსნის, არის აფეთქების თეორია, თავდასხმის თეორია, - დამოუკიდებლად იმისა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“ - განაცხადა კაჩინსკიმ.
როგორც ცნობილია, 2011 წლის ნოემბერში, პოლონელმა დეპუტატმა ანტონ მაცერევიჩმა და მის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტებმა, ტუ-154-ის ვარდნის ტრაქტორია შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ თვითმფრინავი არყის ხეს არ შეჯახებია, - როგორც ეს გამოძიების ოფიციალურ ვერსიაშია ნათქვამი. თვითმფრინავს ფრთა გაურკვეველი მიზეზებით მოსწყდა, შესაძლოა, აფეთქებით გამოწვეული ტალღის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ აღმოჩნდებოდა კატასტროფის ადგილიდან 111 მეტრის დაშორებით.
იაროსლავ კაჩინსკი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა არ აწყობდა მათ, ვისაც პოლონეთის რეალური დამოუკიდებლობა არ სურდა და ამიტომაც დასრულდა ყველაფერი ასე. ის ამბობს, რომ ლეხ კაჩინსკი მოკლეს. მაცერევიჩის კომისია კი ამ საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. კაჩინსკი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი ძმის ცხედრის ექსგუმაციაც კი.