„კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია"

  09:07:28     18-04-2012

დღეს, 18 აპრილს, 12:15 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მხარეების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია" გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროფესორ ვალეხ ჰაჯილარისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფოლკლორის ინსტიტუტი, არტაანის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სიმპოზიუმი პირველი სამეცნიერო-კულტურული ღონისძიებაა, რომელიც სამი ქვეყნის: აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება. აქამდე ამ სამ ქვეყანას შორის წარმატებით ხორციელდებოდა მსხვილი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. სამეცნიერო სფეროში კი ეს პირველი ფორუმია, რომელიც ამ კუთხით არსებულ სიცარიელეს შეავსებს. სიმპოზიუმის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება; ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო პროექტების საფუძვლების მომზადება; კავკასიის, როგორც ერთიანი კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის, სამეცნიერო მიდგომის განსაზღვრა; გლობალიზაციის თანამდევი რეგიონალიზაციის პრინციპის განხორციელება სამეცნიერო- კულტურული თვალთახედვით. კავკასიელი ხალხების საერთო ინტერესები ერთიან სტრატეგიულ ხედვასა და სივრცეს აყალიბებს.

ერთობლივი სამეცნიერო ფორუმი ხელს შეუწყობს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებასა და მშვიდობას კავკასიაში.

წყარო