
ანქვაბი აღიარებს, რომ ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსვლას, ვერ აკრძალავს
21:50:00     17-04-2012
ალექსანდრე ანქვაბმა აღიარა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა არცთუ იშვიათად, სამედიცინო დახმარების მისაღებად ენგურსგადმოღმა - ქართულ მხარეზე გადმოდის და ისიც განაცხადა, რომ ადამიანებს ვერ აუკრძალავს ახლობლის შველას.
აფხაზეთში ბოლო პერიოდში აქტიური მსჯელობის თემა გახდა ქართულ მხარეზე სამედიცინო დახმარების მიღების საკითხი. როგორც ირკვევა გარკვეულ წრეებში ასეთი ნაბიჯი, ლამის, მოღალატეობად ფასდება. სწორედ ამ აჟიოტაჟის გამო, თავად სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი იძულებული გახდა ხმამაღლა ეთქვა, - „ადამიანებს ახლობლების შველას ვერ ავუკრძალავ“.
„ის, რომ იძულებულნი ვართ უარი არ ვუთხრათ ადამიანებს, რათა სამკურნალოდ საქართველოში წავიდნენ, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ, როგორც ზოგიერთები თვლიან, ჩვენ, ვინმესთან დაახლოების სურვილი გვაქვს. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ჩვენ სხვადასხვა სიტუაციებს შევეჯახეთ: ერთ შემთხვევაში დახმარება სჭირდებოდა ახალშობილებს, მეორე შემთხვევაში მძიმედ დაავადებულ ომის ვეტერანს. ჩვენმა ექიმებმა სწორი დიაგნოზი დაუსვეს ამ ვეტერანს, მაგრამ უძლურნი იყვნენ ეშველათ მისთვის. მე მესმის ნათესავების, რომლებიც ეძებდნენ ნებისმიერ საშუალებას, რომ გადაერჩინათ ის. სოჭის, კრასნოდარისა და მოსკოვის სპეციალისტები მზად იყვნენ დახმარებოდნენ მას. ნათესავების თხოვნაზე, უფლება მიმეცა მისი საქართველოში ტრანსპორტირებაზე, მე განვაცხადე: შემიძლია აგიკრძალოთ ეს, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან მესმის თქვენი მძიმე მდგომარეობა. თუმცაღა, გაითვალსიწინეთ, რომ ეს საზოგადოებაში პოლემიკას გამოიწვევს“ - განაცხადა ანქვაბმა.
მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს უნდა მისცემოდა საშუალება წელიწადში 200 ადამიანი გაეგზავნა მოსკოვის სამედიცინო დაწესებულებებში უფასო მკურნალობისათვის. თუმცა მოსკოვმა ეს პირობა არ შეასრულა.
„როცა გარკვეული გარემოებების გამო, ასეთი საშუალება არ მოგვეცა, ჩვენ მაინც ვგზავნიდით ჩვენს პაციენტებს მოსკოვში და სხვა ქალაქებში და ვფარავდით ამ ხარჯებს“ - ამბობს ანქვაბი. ის არ უარყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სამედიცინო კლინიკების გადატვირთულობის გამო აფხაზი პაციენტებისთვის იქ მკურნალობა ხელმიუწვდომელია. ასე იყო რამდენიმე თვის წინ, როცა ახალშობილისთვის ინკუბატორი იყო საჭირო: „ჩვენ აღარაფერი გვრჩებოდა გარდა იმისა, რომ ორი ახალშობილის ახლობლებისთვის ენგურის მეორე მხარეზე გადასვლის უფლება მიგვეცა“ - განაცხადა სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა.
ანქვაბი ბრაზობს კიდეც მათზე, ვინც მის ამ „დამთმობ“ ნაბიჯებს კიცხავს: „მანახეთ ადამიანი, რომელსაც ეყოფა ვაჟკაცობა ასეთ სიტუაციებში „არა“ თქვას და აკრძალოს ავადმყოფების გაყვანა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული მედიცინის ტყვეები ვართ“ - ამის მტკიცებაც მოუხდა მას. ხოლო საკითხის განხილვა - თუ რატომ არჩევენ აფხაზები სამედიცინო დახმარების მისაღებად ქართულ მხარეზე გადმოსვლას, ე.წ. უშიშროების საბჭოს დაავალა.
„ვვარაუდობ, რომ ღია და ანონიმური პოლემიკა, რომელიც ინტერნეტშია გაჩაღებული, იმაზეა გათვლილი, რომ ვნებები გაამწვავოს. ჩვენ ვიცით იმათი გვარები, ვინც სამკურნალოდ საქართველოში გადავიდა, მოვიწვევთ მათ შეხვედრაზე და მაშინ, მოვიდნენ ისინიც, ვინც თვლის, რომ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვები, შეცდომა და საზიანოა აფხაზეთის სახელმწიფოსათვის“ - განაცხადა ანქვაბმა.